„…შენს მიწის სუნთქვას – სუნთქვას შევურევ“…
By

„…შენს მიწის სუნთქვას – სუნთქვას შევურევ“…

მთას აბერდება ბრილელი თემურ ზოიძე. მშობლიური სოფლის სკოლის დირექტორმა, ისტორიის მასწავლებელმა, პოეზიაშიც სცადა ბედი.

 – ბატონო თემურ, რა გზა გამოიარეთ, როგორც პოეტმა?

– პირველი ლექსი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დავწერე და… მერე იყო დიდი ინტერესი პოეზიისადმი. 2008 წელს პირველი კრებული გამოვეცი, 2019 წელს – სკოლის და სოფლის ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნი „სოფლის ჩირაღდანი“, ახალ ლექსებს ვაქვეყნებდი რაიონულ გაზეთში, სოციალურ ქსელებში. ადრე ეს გატაცება მეგონა, ახლა ვხვდები , რომ ეს ისაა, რის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია, სულ შემოქმედებით წვაში ვარ. მზად მაქვს ახალი კრებული, რომელსაც ვფიქრობ, მალე გამოვცემ, სხვა გეგმებიც…

– 2008 წლიდან ბრილის სკოლის დირექტორი ხართ. რა მეთოდებით უძღვებით სკოლის საქმიანობას?

– ხელმძღვანელობდე სკოლას, რომელსაც დიდი და განათლებული პიროვნებები ედგნენ სათავეში და რომელთაც უამრავი ღირსეული მამულიშვილი აღზარდეს, ჩემთვის უდიდესი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. მუშაობაში ბავშვების სიყვარულია ჩემთვის მთავარი მოტივატორი. კოლექტივთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ მათი ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის. ცხოვრებისთვის მთის მკაცრი და რთული პირობების მიუხედავად, საქმეს არასოდეს ვღალატობთ. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად ხდებიან ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, იღებენ სახელმწიფო გრანტებს, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში… ეს დიდი შრომის შედეგია.

ცნობილ თანასოფლელ, პროფესორ აკაკი ზოიძესთან ერთად, გამოეცით წიგნი სოფლის ჩირაღდანი, სკოლის 90 წლის იუბილეც გადაიხადეთ. საუკუნეც შორს აღარაა...

– 2019 წელს სკოლამ 90 წლისთავი აღნიშნა, ეს წიგნიც მაშინ გამოიცა. 100 წლის იუბილეც აუცილებლად აღინიშნება, იმედი გვაქვს, ახალ შენობაში. საიუბილეოდ ვამზადებ წიგნს „ბრილი“, რომელშიც სოფლის ისტორია იქნება მიმოხილული. წიგნი თითქმის დამთავრების პროცესშია, ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესო გამოვა.

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა სკოლის ძველი შენობის ახლით ჩანაცვლებას შეგპირდათ. სიტყვას საქმე როდის მოყვება?

– ახალი შენობის პროექტი უკვე არსებობს, სწორედ ისეთი, როგორსაც ვისურვებთ და როგორსაც იმსახურებს სოფელი და სკოლა… როგორც გვითხრეს, 2027 წლიდან იწყება მშენებლობა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძეს, შუახევის რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძეს საკითხის გულთან მიტანისა და თანადგომისთვის.

როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, ურთიერთობები აღადგინეთ იმ მოვლინებული პედაგოგების ოჯახებთან, რომლებიც ბრილის სკოლაში საქმიანობდნენ. ამ ეტაპზე ამ ურთიერთობებს რა ფორმით აგრძელებთ?

– სკოლის იუბილეზე გვესწრებოდა სოფლისა და სკოლის უდიდესი მოამაგე ეთერ გარაყანიძე. მან 22 წელი იღვაწა სოფელში პედაგოგად და სოფელი დღესაც ემადლიერება. მას ბრილელად ვთვლით და ხშირად ვეკონტაქტებით. ურთიერთობებს ვაგრძელებთ სხვა ყოფილ პედაგოგებთან, ბევრის შთამომავალი დღემდე ურთიერთობს სოფელთან.

ბრილის სიყვარული თქვენს პოეზიაში კარგად ჩანს. რომელ სტრიქონებ გამოარჩევდით?

– „...აქ ღმერთების საუფლოა, საოცარი,

მეგობრისთვის სული, გული, გვაქვს გახსნილი,

ჭირში, ლხინში, საერთგულოდ, საძმაკაცოდ,

საუკუნოდ თქვენთანაა ჩემი ბრილი.

გამოსაცემად ამზადებთ ახალ კრებულსმთაო, გადმიშვი. კრებულში ლირიკა სჭარბობს თუ

– „ლირიკა, მხოლოდ ლირიკა“… ჩემი ლექსები სამშობლოს ხოტბაა, ჩემი მშობლიური მიწის საგალობელია, ის ჩემი შინაგანი სამყაროა, სევდა და სიხარულია. ეს სტრიქონებიც ერთ-ერთი მათგანია…

შენს მიწის სუნთქვას სუნთქვას შევურევ,

ზეცამდე ამწევს მისი სურნელი,

სუნთქვაშეკრული ჩავდგები ხნულში,

რომ მოვიძიო ჩემი სათქმელი:

შენი ტკივილი ტკივილად დამაქვს,

შენი ციაგი სიცოცხლეს მაძლევს,

ქედი და მუხლი მაქვს უღალატო,

ლაბა ხარივით ერთგული, გამძლე...

სამი ცაცხვის ჩრდილი მიყვარს, ამბობთ ბრილისადმი მიძღვნილ ლექსში. ლექსებს მართლა ცაცხვის ჩრდილში წერთ?

– სამი ცაცხვი, რომელიც ჩემს უბანშია, ტყუპებივით დგანან. ეს ისტორიული და ტრადიციული ადგილია, სადაც უამრავი პურობა გამართულა, უამრავი სადღეგრძელო თქმულა, ლექსი წაკითხულა, რომანტიკული ადგილია და არაა გასაკვირი, აქ მუზების „შემოტევაც“ რომ განიცადო…

სპეციალობით ისტორიკოსი, გაკვეთილებზე წარსული დიდების შესახებ ლექსებით თუ საუბრობთ?

– როცა წარსულის მაგალითები მოგყავს, როგორ შეიძლება ლექსი არ მოიშველიო… ლექსი ჩემთვის მაშველივითაა ლხინისა თუ ნებისმიერი საუბრის დროს.

პროზაულ ნაწარმოებებს გვერდს რატომ უვლით?

– არ ვუვლი გვერდს, სერიოზული გეგმები მაქვს ამ მხრივ. ვნახოთ… საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრები მაქვს. თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება, ერთი ნამდვილად ვიცი: – თუ ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას დავჭირდი, ზუსტად ისე მოვიქცევი, როგორც ერთ ლექსში ვამბობ:

ჩემი მიწის სუნთქვას, ძახილს,

ჩემი გულის ფეთქვა ერთვის.

საქართველოვ, თუ დაგჭირდი,

ჩემი თავი ალალ შენთვის“.

და კიდევ… ჩემი ცხოვრებისეული ფორმულა გამაჩნია, ჩემი პროგრამა – სიყვარულით უნდა იცოცხლო და ეს გახდება შენი შემოქმედების გვირგვინი, ცხოვრების გვირგვინი..

 ხომ წამია ეს ცხოვრება?

თითქმის არც ღირს სათქმელად,

მისი ნახევარიც კმარა,

სიყვარულის საქმნელად.

მერე ასეთ სულში სითბოს,

მზე სხივებით ჩაწნეხავს,

და სიკვდილი როცა მოვა,

თვალებშიც ვერ ჩაგხედავს“…

 

 ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *