როდესაც იდეები ხელშესახებ საქმედ გარდაიქმნება
By

როდესაც იდეები ხელშესახებ საქმედ გარდაიქმნება

დღესდღეობით, ამ უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევების პირობებში, მნიშვნელოვანია ქართული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის ტრადიციები ღირსეულად გაგრძელდეს და ნოვატორული იდეები დაინერგოს. ამ პროცესისთვის აუცილებელია ეფექტური გარემო და მოქნილი გუნდი, სასწავლო კერა, სადაც პროფესურასა და სტუდენტებს შორის ცოდნისა და ინოვაციების უწყვეტი ტრანსფერი განხორციელდება. სწორედ ასეთ კერად მოიაზრება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, რომელიც თავის დიდ მისიას წარმატებით ასრულებს ფაკულტეტის დეკანის, პროფესორისა და ინჟინერიის დოქტორ ( Ph. D.) გიზო ფარცხალაძის ხელმძღვანელობით. თუ რა კეთდება სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდების ტექნოლოგიური დონის ასამაღლებლად ამ ეტაპზე, ტექნოლოგია რა პერსპექტივებს მოიცავს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნურ ინტელექტთან როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს? – ამ და სხვა არაერთ კითხვაზე პასუხს ამ ინტერვიუში იპოვით. ნომრის სტუმარია ბატონი გიზო ფარცხალაძე.
გამორჩეულ ბათუმელ მეცნიერს ბევრი გიცნობთ, ვინც არ გიცნობთ, იმათ როგორ წარუდგენთ თავს, ვინ არის გიზო ფარცხლაძე?
ჩემი სპეციალობაა სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობები. დავიბადე და გავიზარდე ბათუმში – ქალაქში, რომელიც ჩემთვის არა მარტო საცხოვრებელი ადგილია, არამედ არის ჩემი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ბათუმელობა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩემი საქმიანობა მჭიდროდ აკავშირებს ტექნოლოგიების აკადემიურ სფეროსა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროცესებს. ცოდნა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არასდროს ყოფილა – ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ პირად აკადემიურ მიღწევებს, არამედ ჩვენს საზოგადოებაში რეალური, სასიკეთო ცვლილებების შემოტანას.
თქვენს აქტიურ სამეცნიერო და მენეჯმენტურ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად რა მიგაჩნიათ?
მე და ჩვენი ტექნოლოგიური ფაკულტეტის გუნდი ვამაყობთ, რომ ქართული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის ტრადიციების გამგრძელებლები ვართ. როგორც სამეცნიერო, ისე მენეჯერულ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია შედეგზე ორიენტირებული მიდგომა – როდესაც იდეები ხელშესახებ საქმედ გარდაიქმნება. მაგალითად, დაგროვილი ცოდნა აუცილებლად უნდა გადაეცეს სტუდენტებს, რათა მათ, თავის მხრივ, შექმნან ჩვენი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი ღირებულება. ცოდნის გადაცემის ამ პროცესისათვის აუცილებელია ეფექტური გარემო და მოქნილი გუნდი, სადაც პროფესურასა და სტუდენტებს შორის ცოდნისა და ინოვაციების უწყვეტი ტრანსფერი ხდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი ტექნოლოგიური ფაკულტეტი სწორედ ამ მისიას ემსახურება. მენეჯმენტის ნაწილში განსაკუთრებულ ყურადღებას გუნდის განვითარებას ვუთმობ – ძლიერი, მოტივირებული და მიზანდასახული ადამიანების გაერთიანებას, რადგან დიდ შედეგებს სწორედ გუნდი ქმნის. ბსუ-ის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ზუსტად ასეთი გუნდია შეკრებილი. განვლილ პერიოდში ჩვენ ერთად დავძლიეთ საკმაოდ რთული და კრიტიკული ეტაპები. შედეგად, დღეს ვართ გამოცდილი, კვალიფიციური, უნარიანი და მოქნილი გუნდი. ამ ორი მიმართულების – მეცნიერებისა და ეფექტური მართვის სინთეზი მაძლევს საშუალებას, ვიმუშაო სისტემურ ცვლილებებზე და შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ცოდნა რეალურ შესაძლებლობებად იქცევა.
– სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდების ტექნოლოგიური განათლების დონის ასამაღლებლად რას აკეთებთ ამ ეტაპზე?
ამ ეტაპზე სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი: პირველი სტანდარტებთან შესაბამისობა: ვგულისხმობ საქართველოს განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მოთხოვნებს. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების მუდმივი და სისტემატური შესრულება გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და მუდმივად განვვითარდეთ. მეორე საერთაშორისო პროგრამები: ეს მოიცავს როგორც გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და პროფესურისთვის, ასევე ჩვენი აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ERASMUS+-ის პროექტები (InnoCENS, LISS24, EU-AGM, GreenEngine). სწორედ მათი ხელშეწყობით შეიქმნა ინოვაციების ცენტრი, რომლის ბაზაზეც ჩვენმა სტუდენტებმა წარმატებული ინოვაციური კომპანიები და სტარტაპები შექმნეს. ეს კომპანიები დღეს უკვე თავად ასაქმებენ ახალ ინჟინრებს და რეალური კონტრიბუცია შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. ამასთან, ამ პროგრამების დახმარებით ვნერგავთ ახალ სასწავლო კურსებს ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვაახლებთ ლაბორატორიებს და ვიძენთ თანამედროვე აპარატურას. სულ ახლახან – 19 მაისს LISS24 პროექტის ფარგლებში ჩატარებული ინოვაციების საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი სტუდენტების გუნდმა – Scanlife-მა გაიმარჯვა და პირველი საპრიზო ადგილი აიღო, ინოვაციური პროდუქტის თემით BIO-ID. მესამე კვლევების ინტეგრაცია სწავლებაში: ჩვენი სამეცნიერო საქმიანობის შედეგები არ რჩება მხოლოდ თაროზე; ისინი აქტიურად ინერგება სასწავლო პროცესში და აისახება სახელმძღვანელოებსა თუ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სასწავლო მასალებში.
ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი პროფესიული წარმატების მესაძირკვლედ მიგაჩნიათ
ჩემს პროფესიულ და პიროვნულ ფორმირებაში არაერთმა გამორჩეულმა ადამიანმა შეიტანა წვლილი. გამიმართლა, რომ მათთან ერთად მომიწია მუშაობა. საუნივერსიტეტო საქმიანობის დასაწყისში უდიდესი როლი ითამაშა სტუ-ის პირველმა პრორექტორმა, პროფესორმა რეზო სტურუამ. მან ჩაუყარა საფუძველი ჩემს საქმიანობას და შემდგომშიც სულ გვერდით მედგა. ის არა მხოლოდ დიდი პროფესიონალი, არამედ გამორჩეული პოეტიც გახლდათ. ასევე, ვემადლიერები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის ყოფილ რექტორებს პროფესორ ნუგზარ მგელაძესა და აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, რომლებიც დღესაც ჩემი დიდი მეგობრები არიან. ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვით, პროფესორ ოთარ ზუმბურიძეს, აკადემიკოსებს გოჩა ჩოგოვაძეს და დავით თავხელიძეს. სამეცნიერო კუთხით, ჩემი აზროვნების სტილი დიდწილად განსაზღვრა სტუ-ის პროფესორმა ინგუშა მშვენიერაძემ, რომლის ყოველი გადაწყვეტილება ღრმა ანალიზს ეფუძნებოდა. ის იყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი და ლითონის კონსტრუქციების კათედრის გამგე. ასევე, უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემზე იმავე სკოლის საუკეთესო წარმომადგენელმა და მეორე ხელმძღვანელმა ბიჭიკო სურგულაძემ, მეცნიერებათა აკადემიიდან – ბატონმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, რომელიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად ჩემი არჩევისას გახლდათ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი. იგი კოსმოსური კონსტრუქციების ფუძემდებელია საქართველოში, ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერია მსოფლიოში კონსტრუქციების ფორმათწარმოქმნის თეორიაში. ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამით ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ყოფნისას, ჩემი სუპერვაიზერი იყო პროფესორი ვიქტორ იეპეს პიკუერასი – ოპტიმიზაციის თეორიის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერი, დღეს ოპტიმიზაცია, სხვა სამეცნიერო მიმართულებებთან ერთად, წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ძირითად შემადგენელ ნაწილს. ვიქტორი ჰირშის სამეცნიერო ინდექსით მსოფლიოს ოცეულშია შესული. მასთან და ჩემს ვალენსიელ მეგობარ ხულიან ალკალა გონსალესთან ერთად დღესაც აქტიურად ვაგრძელებთ კვლევით მუშაობას და სტატიების გამოქვეყნებას. უნდა დავასახელო აშშ-ის სანდიეგოს უნივერსიტეტის საკონსულტაციო ბორდის წევრი, ABET-ის საქართველოს მიმართულების კონსულტანტი, პროფესორი ჰალილ გუვენი, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში პროფესორებს: რიჩარდ ბიძინაშვილს, იურა მელაშვილს, თემურ მელქაძეს, ჩემში საქმისადმი დამოკიდებულების, პასუხისმგებლობის, ადამიანობის და სხვა პიროვნული თვისებების ფორმირების თვალსაზრისით დიდი როლი ბიძაჩემმა, მურმან დუნდუამ შეასრულა. ის პროფესიით სამხედრო მფრინავი, შემდგომ კი სამხედრო კომისარი იყო და აღსანიშნავია, რომ პოეზიასაც ძალიან დიდი ადგილი ეკავა მის ცხოვრებაშიც. რაც შეეხება საინჟინრო სფეროთი ჩემი და ჩემი ძმის – ბესიკის დაინტერესებას, ეს მამაჩემის, გიორგი ფარცხალაძის დამსახურებაა.
როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს პრაგმატისტად თუ რომანტიკოსად?
საკუთარ თავში პრაგმატისტისა და რომანტიკოსის გარკვეულ ბალანსს ვხედავ. პრაგმატიზმი მეხმარება, მიზნები რეალისტურად დავგეგმო და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მივიღო, ხოლო რომანტიზმი მაძლევს ენერგიასა და მოტივაციას, ვიფიქრო დიდ იდეებზე და არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. ალბათ, ჩემი ეს რომანტიკული მხარე ბავშვობის დროინდელი გატაცებების დამსახურებაა – მხატვრული ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკა, ხელოვნება და თუნდაც ფეხბურთი – ეს ყველაფერი მეხმარებოდა თვალსაწიერის გაფართოებაში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს ორი მიდგომა ერთმანეთის გარეშე ნაკლებად ეფექტური იქნებოდა – იდეებს სჭირდება გააზრებულად განხორციელება, ხოლო პრაქტიკას – ხედვა და შთაგონება. თუ არჩევანი მაინც უნდა გავაკეთო, ვიტყოდი, რომ ვარ პრაგმატისტი, რომელსაც რომანტიკოსის ხედვა ამოძრავებს.
ტექნოლოგიას, რომელსაც თქვენ ფლობთ და ასწავლით სტუდენტებს, რა პერსპექტივა აქვ?
– ტექნოლოგიური მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვასწავლით, პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებსა და ახალი შესაძლებლობების შექმნას, შესაბამისად, მისი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უზარმაზარია. ამ პერსპექტივის რეალიზებისთვის ჩვენთან სწავლება რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს ეყრდნობა:
საერთაშორისო სტანდარტები: ჩვენი პროგრამები ეფუძნება როგორც ევროპულ, ისე ABET-ის სტანდარტებს. ევროკომისიის პროგრამებში ჩართულობა კი თანამედროვე მიდგომების დანერგვის საშუალებას გვაძლევს;
ჰოლისტიკური და პრაქტიკული მიდგომა: სწავლებისას ვცდილობ, სტუდენტებს დავანახო ტექნოლოგია, როგორც ერთიანი პროცესი და არა ცალკეული ფაქტები. ამას ემატება უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზა, სადაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკა რეალურად ინტეგრირდება;
ინოვაცია და მეწარმეობა: მხოლოდ მეცნიერების სწავლება არ არის საკმარისი. ჩვენ ვასწავლით ინოვაციური, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის შექმნას. სტუდენტები იღებენ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს, რაც მათ ეხმარება, თავიდან აირიდონ ფინანსური კატასტროფები და გახდნენ კონკურენტუნარიანები.
სახელმწიფო უწყებებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების კომპლექსური მხარდაჭერით ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე შექმნილია გარემო, სადაც იზრდებიან პროფესიონალები. საბოლოოდ, ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ სტუდენტების ინდივიდუალურ წარმატებას, არამედ მთლიანად საზოგადოების ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ პროგრესს.
– დედა თქვენს ცხოვრებაშიმისი დარიგება, რომელიც ახლაც გიკვალავთ გზას?
– ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა დედამ, მწერალმა ანა დუნდუამ. სწორედ მან ჩამინერგა ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის იდეები. მანვე მასწავლა შრომისადმი სიყვარული, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მნიშვნელობა და რთული პრობლემის უფრო მარტივ შემადგენელ ნაწილებად დაშლა, რათა შემდეგ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე ადვილად გადამეჭრა. დედამ ბავშვობიდანვე შემაყვარა მხატვრული ლიტერატურა, თეატრი, კინო და, ზოგადად, ხელოვნება. გავიზარდე ისეთ გარემოში, სადაც დიდი ინტერესით ვუსმენდი მის მეგობრებს – მწერლებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს, მსახიობებსა თუ მხატვრებს. მაინცდამაინც ბევრს არ ვლაპარაკობდი, პირიქით, დიდი ყურადღებით ვუსმენდი მათ. ალბათ, სწორედ მაშინ ვისწავლე ასეთი ადამიანების მოსმენა და მათგან საუკეთესოს აღება. დედაჩემი დიდ დროს მატარებინებდა სოფელში, ბებია-ბაბუასთან. იქ ბუნებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავი და ნათესავებთანაც, რომლებთანაც განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მაკავშირებს. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: როდესაც ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელთან, პროფესორ ინგუშა მშვენიერაძესთან ერთად ვიკვლევდი კოლონების მდგრადობის პრობლემებს მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში, მან თავიდან შემოგვთავაზა, ამ ზონაში შენლის დეფორმაციული მოდული გამოგვეყენებინა. ერთი შეხედვით, იდეა სწორი ჩანდა, თუმცა სასურველი შედეგები თავიდან ვერ მივიღეთ. გამოსავლის საპოვნელად სწორედ დედაჩემის ნასწავლ – რთული პრობლემის მარტივ ნაწილებად დაშლის – გზას მივმართე და ხელმძღვანელს განსხვავებული მიდგომა შევთავაზე. კერძოდ: კოლონის განივკვეთი დაგვეშალა შეკუმშულ და გაჭიმულ ზონებად; მხოლოდ შეკუმშულ ზონაში გამოგვეყენებინა შენლის მოდული, ხოლო გაჭიმულ-განტვირთულ ნაწილში (რადგან იქ დეფორმაციები მცირეა) – საწყისი, იუნგის წრფივი დრეკადობის მოდული. ამ მიდგომამ კოლონის მდგრადობის პრობლემა გადაგვაჭრევინა და მაღალი სიზუსტის შედეგები მოგვცა, რაც ლაბორატორიული კვლევებითაც დადასტურდა. აღნიშნულ თემაზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც. ჩემთვის ეს არის ცხოვრებისეული ფილოსოფიის პრაქტიკულ, ზუსტ მეცნიერებებში გადმოტანის იდეალური მაგალითი, რამაც საბოლოოდ, საერთაშორისო აღიარებაც მოგვიტანა.
ციფრულ ტრანსფორმაციასთან და ხელოვნურ ინტელექტთან თქვენი დამოკიდებულებაროგორ გესახებათ ამ მხრივ მომავალი?
– ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნურ ინტელექტს ვუყურებ როგორც მნიშვნელოვან და გარდამტეხ პროცესს, რომელიც უკვე დღეს არსებითად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ვფიქრობ, მომავალში ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდება და მრავალ სფეროში გაზრდის ეფექტიანობას, სისწრაფესა და ხარისხს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი პასუხისმგებლობიან და ეთიკურ ჩარჩოებში ვითარდებოდეს. აუცილებელია, ადამიანმა შეინარჩუნოს მთავარი როლი, ხოლო ხელოვნური ინტელექტი დარჩეს ინსტრუმენტად, რომელიც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და არ ანაცვლებს ადამიანს. ხელოვნური ინტელექტი, საბოლოოდ, მაინც ინფორმაციის დამუშავებასთან არის დაკავშირებული. რაც უნდა დიდი მოცულობის ინფორმაცია ჰქონდეს პროგრამას, ცოდნა ვერ იქნება სრულყოფილი ანალიზისა და სინთეზის უნარების გარეშე. სწორედ ეს არის ადამიანური უნარები, რომლსაც ხელოვნური ინტელექტი სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს. სამეცნიერო კვლევებში მისი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამ გზით მიღებული შედეგები არ არის ზუსტი, იმ მიზეზით, რომ ის უშვებს შეცდომებს. ამიტომ აუცილებელია მათემატიკური მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების გამოყენება. სწორედ ამ მიმართულებით, 2022 და 2024 წლებში, ესპანელ კოლეგებთან ერთად გამოვაქვეყნეთ კვლევები MDPI-ის (Multidisciplinary Digital Publishing Institute) ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში — Materials-სა და Mathematics-ში, რომელთა სარედაქციო კოლეგიების წევრები არიან ცნობილი პროფესორები და მეცნიერები აშშ-დან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან და სხვა მოწინავე ქვეყნებიდან. აღნიშნული ნაშრომები ეხება წინასწარდაძაბული თაღოვანი წამწის ევრისტიკულ ოპტიმიზაციას და მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას — ოპტიმიზაციას. განსხვავება ის არის, რომ კვლევის პროცესში ოპტიმიზაციის ალგორითმსა და მათემატიკურ მოდელს თავად მკვლევრები ქმნიან და ავითარებენ.
– რა ჟანრის ლიტერატურა, მხატვრობა და მუსიკა გიზიდავთ? თქვენი საყვარელი ხელოვანები
ჩემი, როგორც მკითხველის გამოცდილება, ძირითადად, კლასიკურ ლიტერატურას უკავშირდება. უცხოური ლიტერატურიდან ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია სერვანტესის „დონ კიხოტი“, ჰიუგოს „საბრალონი“, დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“, ბალზაკის „მამა გორიო“, ასევე, შტეფან ცვაიგის „საჭადრაკო ნოველა“ და ბიოგრაფიული წიგნი ფერნანდო მაგელანზე. ქართული პროზიდან უპირატესობას ვანიჭებ ჭაბუა ამირეჯიბს, მიხეილ ჯავახიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას, ნოდარ დუმბაძეს, ალექსანდრე ჩხაიძეს, გურამ ფანჯიკიძესა და რეზო მიშველაძეს. სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს აჭარის მწერალთა კავშირისა და მწერალთა სახლის ავტორებთან, როგორც ძველ, ისე ახალ თაობასთან. ძალიან მომწონს აჭარის მწერალთა კავშირის (მწერალთა სახლის) ძველი და ახალი შემადგენლობა. კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო მათ ჩემი ღრმა პატივისცემა. სახვით ხელოვნებაში ჩემი გემოვნება რენესანსის დიდოსტატებს – მიქელანჯელო ბუონაროტის, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელ სანტის უკავშირდება, ასევე ლეონარდოს თანამედროვე – იერონიმ ბოსხს. თანამედროვე ხელოვნებაში გამოვარჩევდი ბრუნო ვალპოტს, ხოლო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არქიტექტურასა და კონსტრუქციებში – სანტიაგო კალატრავას, ნორმან ფოსტერს, რიჩარდ როჯერსსა და მამორუ კავაგუჩის. რაც შეეხება მუსიკას, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე და ჩემი მეგობარი, პროდიუსერი და კომპოზიტორი ედიშერ ლომაძე, როგორც თვითონ ამბობს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვუსმენდით გამორჩეული ხარისხის მქონე მუსიკას. ჩემი ფავორიტები არიან: Deep Purple, Led Zeppelin, Beatles, Pink Floyd, The Rolling Stones, Rainbow, Metallica, პლიუს ჯიმ მორისონის The Doors და კრის ნორმანის Smokie. ამას მინდა დავამატო, რომ ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამით შვედეთში, სტოკჰოლმში ქართული უნივერსტიტეტების ჯგუფის ვიზიტისას ქუჩაში შემთხვევით შევხვდით ABBA-ს სოლისტს ბენი ანდერსონს.
– ბუნებაში ყველაზე მეტად რა გიზიდავთ?
– ჩემთვის ბუნებაში დროის გატარება, დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა, საინტერესო თემაზე ლექციის ჩატარება, საინტერესო ისტორიების მოსმენა, სტატიების წერა და ფეხბურთი იმ დიდი ჯაჭვის ნაწილია, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, თუმცა უშუალოდ ბუნებაში ყველაზე მეტად სუფთა ჰაერზე გასეირნება მიზიდავს, რადგან სწორედ აქ ვპოულობ შინაგან ჰარმონიას და ვივსები ენერგიით.
ახლა რომ გიწევდეთ პროფესიის არჩევა, რას აირჩევდით?
– იგივე სამოქალაქო ინჟინრის პროფესიას აუცილებლად ავირჩევდი, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანებიც, ვისთან ერთადაც მომიწია ცხოვრება, მუშაობა და განვითარება. თუ ისევ, იმავე ადამიანებთან შეხვედრისა და თანამშრომლობის საშუალება მექნებოდა, დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების მაღალ დონეს კვლავაც მივაღწევდი.
კარგი ადამიანი მაინც როგორი უნდა იყოს ადამიანი, ასეთი შთაბეჭდილებარომ დატოვოს?
კარგი ადამიანი, პირველ რიგში, უნდა გამოირჩეოდეს იუმორის გრძნობით. თუ ადამიანს ეს უნარი განვითარებული აქვს, როგორც წესი, სხვა დადებითი თვისებებიც აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იუმორი იყოს დახვეწილი და არასდროს გადაიზარდოს სხვის დაცინვაში. მეორე მნიშვნელოვანი თვისებაა მოსმენის უნარი. ყოველთვის აუცილებელი არ არის, მხოლოდ თავად ილაპარაკო და საკუთარი აზრი გამოხატო – ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სხვისი მოსმენა, განსაკუთრებით, გამოცდილი ადამიანებისგან სწავლის სურვილი და საჭირო ინფორმაციის მიღება. და მესამე – ის აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი, რადგან ობიექტურობის გარეშე სხვა თვისებები თავის ფასს კარგავს.
როგორ ისვენებთ, თავისუფალი დრო და თქვენ…
– სპორტი და კარგი კომუნიკაცია – თუ თავისუფალი დრო მაქვს, მიყვარს სეირნობა, სპორტული აქტივობები და საინტერესო საუბრები ჭკვიან და პროფესიონალ პიროვნებებთან. ჩემთვის სწორედ ეს არის დროის ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალება.
ბათუმი, თქვენი თვალთახედვით, როგორ გამოიყურება, კარგად ვითარდება?
– ბათუმი, ჩემი თვალთახედვით, დინამიკურად განვითარებადი ქალაქია, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც აღნიშნავენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განვითარება სწორ ჩარჩოებში მოექცეს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ევროკოდებს. დღეს ბათუმი უკვე ჩამოყალიბდა თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, რასაც ხშირად აღნიშნავენ ევროპელი სტუმრებიც. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მეტი ყურადღება დაეთმოს ეკოლოგიურ საკითხებსა და კატასტროფების რისკის მართვას, რათა ქალაქის განვითარება იყოს მდგრადი და უსაფრთხო.
კითხვა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს
– სწორ გზაზე ვდგავარ თუ არა და ვიყენებ თუ არა ჩემს შესაძლებლობებს სრულად? ვფიქრობ, ეს კითხვა ადამიანს ეხმარება,ფ მუდმივად განვითარდეს, გადააფასოს საკუთარი გადაწყვეტილებები და არ გაჩერდეს მიღწეულზე.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • მაისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *