ღირსეული მეცნიერი და პიროვნება
By

ღირსეული მეცნიერი და პიროვნება

ნოდარ ბარამიძე – 80

დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ცნობილ მეცნიერსა და პედაგოგს, ფსიქოლოგიური მეცნიერების ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფესორ ნოდარ ბარამიძეს
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გვსურს, გავიხსენოთ ის ინტელექტუალური გარემო, რომელმაც, ჩვენი აზრით, დიდად შეუწყო ხელი მისი, როგორც მკვლევრის ჩამოყალიბებას და მოკლედ შევეხოთ ქართული ფსიქოლოგიის განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს.
ბატონი ნოდარი ქართველ ფსიქოლოგთა მეორე თაობის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის მოწაფეთა მოწაფეა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში (1964-1969 წწ) მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი ქართველი ფსიქოლოგები, დიმიტრი უზნაძის უშუალო მოწაფეები და თანამშრომლები: რევაზ ნათაძე, ბარნაბ ხაჭაპურიძე, ნინო ადამაშვილი, შოთა ნადირაშვილი, აკაკი ბაინდურაშვილი, გიორგი კეჩხუაშვილი და სხვა ცნობილი მეცნიერები, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის და შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად მუშაობის პერიოდში, თავის უშუალო ხელმძღვნელთან, პროფესორ შალვა ჩხარტიშვილთან ერთად, ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ფსიქოლოგთა პირველი თაობის წარმომადგენლებთან – ალქსანდრე (ვასო) ფრანგიშვილთან, ვლადიმერ (მიტო) ნორაკიძესთან, თეიმურაზ ბჟალავასთან, ზოსიმე ხოჯავასთან, დარეჯან რამიშვილთან, აგრეთვე, მათ შედარებით უმცროს კოლეგებთან – ნათელა იმედაძესთან, იათამზე კოტეტიშვილთან, არჩილ ალხაზიშვილთან, ნოდარ როგავასთან, მარინე საყვარელიძესთან და სხვებთან. ამ ფაქტმა, უდავოდ, დიდი გავლენა მოახდინა მისი მეცნიერული გემოვნების ჩამოყალიბებაზე.
ბატონი ნოდარი ხშირად სიამაყით იხსენებს იმ გარემოებას, რომ სტუდენტობის და თავისი მოღვაწეობის თბილისურ პერიოდში, მას ჰქონდა ბედნიერება, შეხვედროდა (ან მათი საჯარო გამოსვლები მოესმინა) უნივერსიტეტის დამფუძნებელ დიდ მეცნიერებს: შალვა ნუცუბიძეს, აკაკი შანიძეს, ივანე ბერიტაშვილს და სხვებს, რომელთა შორისაც დიმიტრი უზნაძე, სამწუხაროდ, უკვე აღარ იყო.
დიდი სიყვარულით და მადლიერების გრძნობითაა ბატონი ნოდარი განმსჭვალული თავისი სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროფესორ შალვა ჩხარტიშვილის მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მის არა მხოლოდ როგორც მკვლევრის ჩამოყალიბებაში, არამედ ცხოვრებისეულ წარმატებებშიც. ჩვენი იუბილარის მემუარული ხასიათის პუბლიკაციებში არის ეპიზოდები იმის შესახებ, თუ როგორ ეძებდა მხცოვანი პროფესორი დასაქირავებელ ბინას ნოდარ ბარამიძის ახლად შექმნილი ოჯახისათვის, აგრეთვე, საავადმყოფოს პალატაში მწოლარე, როგორ კითხულობდა მის სადისერტაციო ნაშრომს, რათა ახალგაზრდა კაცს სამეცნიერო ხარისხის დროულად მოპოვებაში ხელი არ შეშლოდა. სიკეთის არდავიწყება და თუნდაც თბილი მოგონებით მადლობის გადახდა ბატონი ნოდარის დიდ პიროვნულ ღირსებაზე მეტყველებს.
1976 წელს, საქართველოს მაშინდელი მთავრობის დადგენილებით, ქუთაისში გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ცენტრი, სადაც მეცნიერების სხვა დარგებთან ერთად, ფსიქოლოგიური მეცნიერებაც იყო წარმოდგენილი პედაგოგიური ფსიქოლოგიის ლაბორატორიის სახით. ამ ლაბორატორიას 1980 წლამდე ხელმძღვანელობდა ნოდარ ბარამიძე, შემდეგ კი იგი მშობლიურ აჭარას დაუბრუნდა და დღემდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ადრინდელ პედაგოგიურ ინსტიტუტში) მოღვაწეობს. აქ ის ჯერ დოცენტი იყო, შემდეგ – პროფესორი, ხოლო ამჟამად ემერიტუს-პროფესორია. სხვადასხვა დროს ეჭირა კათედრის გამგის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის და სასწავლო დარგის პრორექტორის ადმინისტრაციული თანამდებობებიც.
ნოდარ ბარამიძის სამეცნიერო ინტერესების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. ჯერ კიდევ საკანდიდატო ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში მან საფუძვლიანად გამოიკვლია შორეული მოტივაციური ქცევის ფსიქოლოგიური ბუნება და მისი განვითარების ასაკობრივი თავისებურებები. იგი ამტკიცებს, რომ შორეული მოტივაციური ქცევა ნებისყოფით ორგანიზებული ნებელობითი აქტივობაა. საერთოდ, ნებისყოფის თემატიკა ერთ-ერთი ძირითადია ნოდარ ბარამიძის მეცნიერულ ძიებებში. განავითარებს რა თავის მასწავლებელ შალვა ჩხარტიშვილის ნებელობის თეორიას, ნოდარ ბარამიძე ამტკიცებს, რომ ნებისყოფა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა და სადაც არაა ნებისყოფა, იქ არც პიროვნებაა.
იმის ფონზე, რომ თანამედროვე ფსიქოლოგიაში ქცევის პიროვნებისეული რეგულაციის ასახსნელად ნებისყოფის ცნება, ამ ფენომენის წარმომავლობის გარკვევის სირთულის გამო (საიდან იძენს ადამიანი ნებისყოფას), ნაკლებად გამოიყენება და აქცენტი უფრო მეტად მოტივაციის კოგნიტურ მდგენელებზე კეთდება, ბარამიძე აქტიურად იცავს ქართული ფსიქოლოგიის ტრადიციებს, სადაც ნებისყოფა ყოველთვის ქცევის პიროვნებისეული რეგულაციისათვის აუცილებელ ძალად იყო წარმოდგენილი და იძლევა განწყობის ფსიქოლოგიის კლასიკოსების – დ. უზნაძისა და შ. ჩხარტიშვილის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც საშუალებას იძლევა, მოიხსნას მათი დაპირისპირება ნებისყოფის ფენომენოლოგიის საკითხში და ჩამოყალიბდეს ერთიანი, არაწინააღმდეგობრივი, მეცნიერული კონცეფცია.
ორიგინალური თვალსაზრისი წამოაყენა ნ. ბარამიძემ სწავლის, როგორც ქცევის განსაკუთრებული ფორმის ფსიქოლოგიური შინაარსის შესახებ. ის ამტკიცებს, რომ შეცდომაა სწავლის დახასიათება თამაშსა და შრომას შორის გარდამავალ ქცევად, როგორც ეს უზნაძიდან მომდინარე ტრადიციის შესაბამისად, ქართულ ფსიქოლოგიაშია დამკვიდრებული. მისი აზრით, სწავლა შრომითი ქცევის, კერძოდ, გონებრივი შრომის ნაირსახეობად უნდა იყოს განხილული, რადგან ის მოსწავლის სამომავლო ინტერესებზეა გათვლილი, ანუ შორეული მოტივაციის მქონე ქცევაა და მის ორგანიზაციაში პასუხისმგებლობის მომენტი, ნებისყოფის ფაქტორია წამყვანი. სწავლის სუბიექტის ცნობიერების ფონს, მისი ქცევის ფსიქოლოგიურ ბუნებას საჭიროების, აუცილებლობის, ე. წ. მე უნდა განცდასთან დაკავშირებული ვითარება ქმნის. ამ მოსაზრების დასაცავად ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია ნათელყოფს, რომ სწავლის, როგორც ქცევის სრულიად განსაკუთრებული ფორმის, ფსიქოლოგიური შინაარსის საკითხი, იმის მიუხედავად, რომ ის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ გამოკვლევებში სისტემატურად განიხილება, კვლავაც მოითხოვს შემდგომ დამუშავებას.
როგორც ზოგადი, ასევე განათლების ფსიქოლოგიის პრობლემებს ნ. ბარამიძე განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით განიხილავს და, ამასთანავე, აქტიურად იკვლევს საკუთრივ განწყობის პრობლემატიკასაც. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვლევები განწყობის ონტოლოგიური სტატუსის და განწყობის დინამიკური მოდელის შესახებ. განიხილავს რა განწყობის ფსიქიკურობის საკითხზე დ. უზნაძისა და ა. ბოჭორიშვილის შეხედულებებს, ავტორი ცდილობს მათი გამაერთიანებელი პოზიციის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება განწყობის შ. ჩხარტიშვილისეულ დინამიკურ მოდელს, ბარამიძეს, შორეული მოტივაციური ქცევის მისეული დახასიათების გათვალისწინებით, დამატებითი არგუმენტები მოჰყავს ამ მოდელის სასარგებლოდ და ამტკიცებს, რომ თუ განწყობის დინამიკური ცვალებადობის მოდელს არ ვაღიარებთ, მაშინ ვერც შორეული მოტივაციური ქცევის განწყობით განსაზღვრულობა დამტკიცდება და იძულებული ვიქნებით, დავუშვათ, რომ ასეთ ქცევას ერთიანი განწყობა არ წარმართავს.
საინტერესო გამოკვლევები აქვს ნ. ბარამიძეს გამოქვეყნებული ბავშვის განვითარების აქსელერაციის და განვითარების ფსიქოლოგიის სხვა საკითხებზე, რომლებიც თავის მოწაფეებთან ერთად შეისწავლა ლონგიტუდური მიდგომით, მის მიერ შემუშავებული მეთოდიკით. აღარ შევჩერდებით მის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებზე, რომლებიც, მეცნიერულის გარდა, აქტუალურ საზოგადოებრივ პრობლემატიკასაც მოიცავს და მათი ავტორის განსაკუთრებულ პატრიოტულ სულისკვეთებაზე მეტყველებს.
წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ნ. ბარამიძე წლების განმავლობაში ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ეწევა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში. ხშირადაა დოქტორანტების ხელმძღვანელი და შემფასებელიც. ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ნ. ბარამიძე დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის მედლით და ღირსების ორდენით. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ბატონი ნოდარი კვლავ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ვუსურვოთ მას ახალი წარმატებები სამეცნიერო შემოქმედებაში და საზოგადოებრივ ასპარეზზე.

მერაბ მაღრაძე,
პროფესორი, საქართველოს ფსიქოლოგიური საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

  • No Comments
  • მაისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *