„მთიანი აჭარა დიდი საგანძურია საქართველოსთვის!“
By

„მთიანი აჭარა დიდი საგანძურია საქართველოსთვის!“

ორი პოეტური კრებულის გზა ტაძრამდედაშენამდე ავტორი თენგო ხუციშვილი 2020 წლიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. 2014-2015 წლებში იგი ზედიზეორჯერ გახდა წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზაპოეზიის პრემია ივერიის ლაურეატი და ილიას ორდენოსანი. 2018 წელს ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის წმიდა ნინოს ჯვარი პრიზიორი და გადაეცა წმიდა ნინოს ჯვრის მედალიონი. 2019 წელს მან მიიღო დათო გულუას სახელობის პრემისიჭაბუკე და ლექსი ერთიანომინაციაში პატიოტული ლექსი. 2021 წელს მიენიჭა ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, იგი კიდევ არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. თენგო ხუციშვილო ხუთ პოეტთან ერთად წვეული იყო შუახევში გამართულ პოეზიის საღამოზე სტრიქონებს შორის ჩატეული სამყარო. დღეს იგი ჩვენი სტუმარია.

ბატონო თენგო, მრავალი შემოქმედებითი თუ სალონური საღამოს ავტორსა და ორგანიზატორს შუახევში გამართული საღამოდან რა შთაბეჭდილებები მიგყვებათ?

– პირველ რიგში, მოგესალმებით, მივესალმები მთლიანად აჭარას და, რა თქმა უნდა, თქვენს მკითხველს. აღნიშნულ საღამოზე გახლდით ჩემს მცხეთელ უნიჭიერეს პოეტ ძმებთან, ილია ელიზბარაშვილთან და ნიკოლოზ ჭიკაიძესთან ერთად! მართლაც, უამრავი საღამო მაქვს გამართული, რასაც მცხეთელი ახალგაზრდებისთვის ვაკეთებ. ვიწვევ ცნობილ, გამოჩენილ პოეტებსა თუ მწერლებს, ვახვედრებ ახალგაზრდებს. ასევე, რაიონის მასშტაბით ვეძებდი ახალგაზრდა შემოქმედებს, ვუმართავდი საღამოებს, რაც დიდი სტიმული იყო მათთვის. რაც შეეხება, შუახევში გამართულ საღამოს, იყო ძალიან ორგანიზებული, დახვეწილი და ლამაზი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო, „წმინდა ქალაქის პოეტების“ სახელით, ორგანიზატორებს, ბატონ ვახტანგ გოგრაჭაძეს, შუახევის კულტურის ცენტრს, მთელ მუნიციპალიტეტს და დამსწრე საზოგადოებას! დადებითი სისავსით და კარგი ემოციებით დავბრუნდით წმინდა ქალაქში.

მცხეთაში მცხოვრები პოეტისთვის რაა აჭარა?

– ჩემთვის, როგორც საქართველოს გულში მცხოვრებისთვის, სადაც „უფლის კვართი ასვენია“, აჭარის ხსენებაზე მეფიქრება ძნელბედობის იმ სამას წელზე, დიდ ტკივილზე, რაც აჭარელმა ხალხმა გამოიარა. მახსენდება წმიდა ანდრია პირველწოდებული და ის, რომ პირველად აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა! მადლობა ღმერთს, ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დგება!.. აქაურები მშრომელნი, ერთგულნი, ძალიან სტუმართმოყვარენი, ალალნი და მიმნდობნი არიან. შუახევში მყავს ნათლულები – თურმანიძეები, საოცარი ადამიანები და მათი სახლეულები! მათ თვალებში ბევრ სევდას დაინახავ, თუმცა ამას არ გაგრძნობინებენ. მთიანი აჭარა დიდი საგანძურია საქართველოსთვის!

შთამბეჭდავი ფსევდონიმითქრისტეს მხედარიმოდიხართ, რატომ აირჩიეთ იგი?

– ხშირად ვრჩებოდი ხოლმე მონასტრებში, თვეობითაც კი. 15-16 წლის ბიჭი ვიყავი, სვეტიცხოვლის მონასტერში რომ ვცხოვრობდი, ჩემი მოძღვრის, არქიმანდრიტ ისააკ ღადუას კურთხევით. მორწმუნე ვიყავი… ჰოდა, ერთხელ ერთმა ბერმა თქვა – პატარა ქრისტეს მხედარი არისო, ასე დამერქვა ეს მეტსახელი. განა ყველა ქრისტეს მხედრები არ ვართ? მე ვფიქრობ, რომ მონათლული ადამიანი, ვინც ქრისტეს ნათელს იღებს, უერთდება ქრისტეს მხედრობას.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

მალე პოეტური კრებულის მესამე წიგნს გამოსცემთ. სამი ვაჟის მამა, მოსიყვარულე მეუღლე და კარგი მეოჯახე, ()იპმცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრისდირექტორის პირველი მოადგილე ლექსის წერისთვის დროს როგორ პოულობთ?

– ვაი, ვაი, რომ ისე ხშირად ვერ ვპოულობ. რთულია ძალიან… ამხელა სამსახური, ოჯახი, კიდევ ცხოვრებისეული საფიქრალი, განსაცდელები… თუმცა არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა ვიზარმაცოთ! ჩემი უფროსი ძმა და მეგობარი, ბატონი ანდრო ბედუკაძე მაძლევს ხოლმე კარგ დარიგებებს, ასევე – ჩემი უფროსი მეგობარი, ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური. ცხონებული თემურ ჩალაბაშვილი მარიგებდა ხოლმე მამაშვილურად. ჩემი მეუღლე, ხელოვანი ნინო მინდიაშვილი კი ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, რომ ვწერო..

ექვსი წლის წინ იტალიაში, ქალაქ ბარიში მიგიწვიეს, სადაც შეხვდით ქართველ ემიგრანტებს და პოეტ გიორგი რამაზაშვილთან ერთად გამართეთ პოეზიის საღამო. ემიგრანტების თემა რა ადგილს იჭერს თქვენს შემოქმედებაში?

– საუცხოო დღეები გავატარეთ ქალაქ ბარიში. მიმასპინძლეს კარგმა მხატვარმა სალომე მესაბლიშვილმა და დიდებულმა დიზაინერმა როზეტა კიტოვანმა, რომლებიც საქართველოს ასახელებენ უცხო ქვეყანაში. გიორგი რამაზაშვილი შესანიშნავი თუში პოეტია, რომელიც როგორც ლიტერატურული ქართულით, ასევე დიალექტით წერს და თუშურ მარგალიტებს უნახავს სამშობლოს! საოცარი შეხვედრა იყო, საოცარი სიყვარული… აქედან ვერ აღვიქვამდი ისე ემიგრანტობას, როგორც უკვე იქ ჩასულმა დავინახე. იმ დღეებში ჩოხით დავდიოდი ქუჩებში, მაჩერებდნენ ქართველები, ზოგი ტიროდა… საოცარი იყო ეს ყოველივე. ერთი ლექსიც კი დავწერე იქ ყოფნის დროს. ღმერთმა ყველა გააძლიეროს და მალე დაბრუნებოდნენ მათ ფუძესა და ღელე-ღურდანს.

მეხუთე წელია, რაც მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიაგულანისნამდვილ წევრად ხართ არჩეული, გვიამბეთ მასზე.

– ღირებული და ღირსეული აკადემიაა. ბევრი ცნობილი და დასაფასებელი ხელოვანია მისი წევრი. ხშირად მართავენ საინტერესო ღონისძიებებს. დროის სიმწირის გამო ვერ ვუერთდები მათ. ჩემთვის პატივია ამ აკადემიის წევრობა, ჩემი და ჩემი საქმიანობის დაფასებაა!

უფალმა ქართული სუფრის თამადის ნიჭიც გიბოძათ. დიდი სამეგობრო წრე გარს გახვევიათ. როგორ აფასებთ ქართულ სუფრას და აქ ნათქვამ სიტყვას?

– „პირველად იყო სიტყვა…“, ანუ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს! ქართული სუფრა-ტრაპეზი ლოცვის გაგრძელებაა. მწირველი მღვდელი რომ წმინდა ტრაპეზთან დგას, წირვა იწყება უფლის ასამაღლებელი კვერექსით, შემდგომ – მშვიდობის კვერექსით, პატრიარქის კვერექსით, ასევე, მიცვალებულთა და ღვთისმშობლის კვერექსით… სუფრაც ხომ ასეა? უფლის სადიდებელით ვიწყებთ, მშვიდობის, პატრიარქის, მიცვალებულების კიდევ სხვა ბევრ სადღეგძელოს ვამბობთ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლით ვასრულებთ. ქართული სუფრა და სიტყვა მხოლოდ სმა-ჭამა და საუბარი არაა… ეს ლოცვაა, მადლიანი ლოცვა! ამიტომ, სიტყვას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს!

დიდი მადლი და ბედნიერებაა, თითქმის ყოველდღე თვალი შეავლო, მოილოცო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. რა განწყობა გეუფლებათ, როცა დროებით ამ წმინდა ადგილიდან მიდიხართ?

– სვეტიცხოველი ხომ დედა ეკლესიაა! აქ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სიწმინდეა – უფლის კვართი! ჩემთვის, თვით იესოს საფლავზეც წმინდაა ეს ადგილი და ჩემეულ ახსნას გეტყვით: ჩვენ ხომ გვწამს, რომ იესო ქრისტე აღდგა? რა თქმა უნდა გვწამს! მაშინ რა გამოდის? როდესაც მესამე დღეს ხორციელად აღდგა ქრისტე, შესაბამისად იმ საფლავში ორი ღამე ესვენა მისი წმიდა ცხედარი, ხომ ასეა? – ასეა! რა თქმა უნდა, სიწმინდეა, რადგან იესო რასაც შეეხებოდა და სადაც გაუვლია, მისი ნატერფალიც კი წმინდაა. თუმცა რომელი უფრო დიდი სიწმინდეა, სადაც მხოლოდ ორი ღამე ესვენა სხეული და მესამე დღეს აღდგა, თუ მისი კვართი, რომელიც დედა ღვთისმშობელმა მოუქსოვა და 33 წელი ეცვა ანუ, ყველაზე დიდი, მატერიალური (ხელშესახები) სიწმინდეა უფლის კვართი, რომელიც სვეტიცხოველშია დაფლული! და ამ ყველაფრის მერე, რა განწყობა უნდა გეუფლებოდეს ადამიანს, როდესაც მიდიხარ და შორდები ამხელა სიწმინდეს?!

მცხეთა, სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი საფიცრად გაქვთ ქცეული. თუ გაგჩენიათ სურვილი სხვაგან ცხოვრებისა და რატომ?

– მართლა ვერ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება! ერთი პერიოდი, მომეჩვია იმის ფიქრი, რომ დამეტოვებინა ქვეყანა, თუმცა ესეც დავძლიე! ბავშვობა გავატარე ჩემს დედულეთში, ქიზიყში, კერძოდ, ქალაქ წნორში. ყოველ ზაფხულს იქ ვიყავი, ოთხი წელი ცხოვრებაც მომიწია იქ, მყავს დიდი სამეგობრო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიკითხო ჩემი ქიზიყელები და წნორელები! საუცხოო და საოცარი ხალხია! და რა თქმა უნდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მოვიკითხავ ჩემს წმინდა დედაქალაქ მცხეთას! მცხეთელ და არამცხეთელ ძმა-მეგობრებს! ჩემს რაიონელებს, რეგიონელებს! ყველა ემიგრანტს! შეგეწიოთ და გწყალობდეთ უფლის კვართი და სვეტიცხოველი!

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *