,,ოქროს გასაღების საიდუმლოება“ – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში
By

,,ოქროს გასაღების საიდუმლოება“ – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ბათუმის ცენტრალურ პარკში მიულოცა. კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სპექტაკლების – ,,წითელქუდასა“ და „ოქროს წიწილას“ ჩვენება.  საბავშვო თოჯინური სპექტაკლების ჩვენებასთან ერთად, თეატრის მხატვრებმა პატარებს სახის მოხატვაც  შესთავაზეს. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

17:00 საათზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მორიგი სპექტაკლის პრემიერა, სახელწოდებით ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება“ (ა. ტოლსტოის მიხედვით), გაიმართა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მანანა ხელაია გახლავთ, დამდგმელი მხატვარი – გიორგი გოგიტიძე, კომპოზიტორი – მინდია ხითარიშვილი, ქორეოგრაფი – თამარ ბერიძე, რეჟისორის თანაშემწე კი ნინო მუხაშარიაა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა ბულეიშვილი, ვანო მაღლაკელიძე, თედო ტუღუში, ირინე ღლონტი, რევაზ ხოფერია, ქეთევან სამხარაძე, მანანა გოგიტიძე და ირმა მგელაძე.

თოჯინური სპექტაკლი „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ შერეული ფორმატის წარმოდგენაა. აქ მსახიობები სხვადასხვა ტიპის თოჯინებით მუშაობენ. სპექტაკლის სიუჟეტი ბურატინოს საინტერესო და დაუვიწყარი თავგადასავალია. მამილო კარლოს მყუდრო სახლიდან ბურატინო მოულოდნელობებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში აღმოჩნდება, სადაც შეხვდება ერთგულ მეგობრებსაც და ცბიერ და ხარბ პერსონაჟებსაც. სპექტაკლი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა მეგობრობა, ნდობა, პასუხისმგებლობა და თანადგომა. ოქროს გასაღები მხოლოდ ზღაპრული საგანი არ არის, ის იმ სამყაროს სიმბოლოა, სადაც მეფობს მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული. სადაც ყველა, განურჩევლად ასაკისა, ფერისა და წარმოშობისა, თავს ბედნიერად გრძნობს.

– ჩვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია, რომლისთვისაც თეატრი განსაკუთრებულად ემზადებოდა. ჯამში სამი სპექტაკლი გვქონდა წარმოდგენილი. აქედან ორი ბათუმის ცენტრალურ პარკში გავმართეთ – „წითელქუდა“ და „ოქროს წიწილა“. ვფიქრობ, ბევრი ბავშვი გავახარეთ, მართლაც ძალიან დაინტერესებულები და ბედნიერები იყვნენ. პარკში, სახის მოხატვითაც ჩვენმა მხატვრებმა ბევრი ბავშვი გაახარეს. შემდეგ თეატრში პრემიერა – „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ გავმართეთ და ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ჩაიარა. ჩვენს რეჟისორს, ქალბატონ მანანა ხელაიას ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებ, კარგი დებიუტი იყო და მიხარია, რომ ეს ჩვენს თეატრში მოხდა, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.

– ყველას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პრემიერა ამ დღეს დაემთხვა. ვფიქრობ, ძალიან მხიარული და ფერადი გამოვიდა, ბავშვებიც ინტერესით უყურებდნენ და მსახიობებთან ერთად ხალისობდნენ. რეპეტიციები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სცენაზე კი, სულ რაღაც, სამი კვირაა, რაც გადავედით. სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ სპექტაკლი თოჯინური სტილით ეკლექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სტილისა და მექანიზმის თოჯინა იყო გამოყენებული. ესენია: მარიონეტები და რთული მარიონეტები, რომლებიც არა მარტო დადიან, არამედ ხელებსაც, თავსაც და პირსაც ამოძრავებენ, ასევე – პლანშეტური თოჯინა ჭრიჭინა, რომელსაც ერთი მსახიობი ატარებდა. ზოგადად, მას რამდენიმე მსახიობი ატარებს, მაგრამ ჩვენმა მხატვარმა გიორგი გოგიტიძემ ისეთი მექანიზმი შექმნა, რომ შესაძლებელი გახდა, ერთმა მსახიობმა ატაროს. სპექტაკლში იყო გამოყენებული ჩრდილები და ჩრდილის თოჯინაც, გვქონდა, ასევე, რთული და მარტივი მაპეტები, თეჯირზე მომუშავე თოჯინაც და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობდნენ ცოცხალი მსახიობებიც. წარმოვაჩინეთ მათი ურთიერთქმედება ამ თოჯინებთან. აღსანიშნავია, რომ მუსიკა ბათუმელ კომპოზიტორს, ამჟამად ისრაელში მცხოვრებ მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას. ჩვენ ეს პროექტი ჯერ კიდევ 20 წლის წინათ გვქონდა წამოწყებული. რამდენიმე მელოდიაც -კარაბას-ბარაბასის და ბურატინოს სიმღერები ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩაფიქრებული. ყველა მელოდია არის ორიგინალი და ისინი სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო მხატვარ გიორგი გოგიტიძეს, კოსტიუმირებაც, თოჯინებიც და დეკორაციაც მას ეკუთვნის. მადლობა ქორეოგრაფ თამარ ბერიძეს, ლამაზი მოძრაობები და ცეკვები სწორედ მისი დამსახურებაა. დიდ მადლობას ვუხდი მსახიობებს, მთელ სადადგმო კოლექტივს, სამხატვრო საამქროს მთელ გუნდს და ტექნიკურ რეჟისორს, რომელმაც ძალიან კარგად უხელმძღვანელა ყველაფერს. მადლობა სცენის დამხმარე პერსონალს, რომლებიც არა მარტო, უბრალოდ, მუშაობდნენ, არამედ მთლიანად ჩართულნი იყვნენ სპექტაკლის დადგმის პროცესში. დაბოლოს, მადლობა თეატრს, რომ მომეცა საშუალება, ეს ჩანაფიქრი, 20 წლის შემდეგ, განმეხორციელებინა. იმედი მაქვს, სპექტაკლი ძალიან ბევრ მაყურებელს გაახარებს, – გვითხრა მანანა ხელაიამ.

 

მარიამ ხითარიშვილი

 

 

  • No Comments
  • ივნისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *