აჭარის მთიანეთს „დათო ექიმის“ სახელით შემორჩა
ზოიძეთა გვარის ადგილის დედა შუახევის რაიონის მშვენიერი სოფელი დაბაძველია. ერისა და სამშობლოს სამსახურში დგანან ამ გვარის ვაჟკაცები და ქალბატონები. თბილისი, ბათუმი, ხულო და შუახევი პროფესიული და მეცნიერული ასპარეზის ადგილებად ჰქონდა ქცეული ცნობილ დაბაძველელ პედიატრს დავით ზოიძეს, კაცს, რომელიც აჭარის მთიანეთს „დათო ექიმის“ სახელით შემორჩა.
„დათო ექიმისა“ და მისი თაობის ახალგაზრდების აკაკი ბერიძის, ზურაბ მაკარაძის, დიმიტრი ცეცხლაძის, იური თავდგირიძის, მიხეილ, გულთამზე ფუტკარაძეების, თემურ ბეჟანიძის და სხვათა დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ ამჟამად შუახევის რაიონს ექიმთა მრავალრიცხოვანი რაზმი ჰყავს. დავითი მის სოფელში პირველი ექიმი იყო. ახლა 15-ზე მეტი დაბაძველელი ექიმის საპატიო საქმეს ემსახურება. მის ოჯახშიც 4 ექიმი იყო.
დავითი საშუალო სკოლის ცხოვრების კალენდარზე საპატიო თარიღად 1957 წელს მიიჩნევდა, როცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე. ოჯახში, სადაც 6 დედმამიშვილი იზრდებოდა, ყველამ იცოდა შრომისა და სწავლის ფასი. დასტურად ისიც კმარა, რომ ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა. მეხუთე კურსიდან დედაქალაქის პრესტიჟულ კლინიკაში პედიატრად მუშაობდა. მომავალ პედიატრს ინსტიტუტში დარჩენა და ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება შესთავაზეს. ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე, პროფესორი ირაკლი ფაღავა გახლდათ მისი გზამკვლევი. გულისა და გონების კარნახით, მშობლიურ კუთხეში დაბრუნება და სპეციალობის მიხედვით მუშაობა ისურვა. ეს ის დრო იყო, როცა აჭარის მთიანეთში ადგილობრივი ექიმები სანთლით საძებარი იყო.
იმ დროს, როცა დავითი მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა, ხულო და შუახევი ერთ რაიონად იყო გაერთიანებული. ბატონი ირაკლი არც მაშინ აკლებდა მზრუნველობას. რამდენიმე თვე გახდა საკმარისი, რომ ხულოს რაიონის მთავარი პედიატრი გამხდარიყო. 1965 წლის ნოემბრიდან შუახევი ცალკე რაიონად გამოიყო. დავითი შუახევის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად იწყებს მუშაობას. ექიმთა კადრების უკმარისობის გამო, პედიატრიული საქმიანობის გარდა, ხშირად უწევდა მომიჯნავე სპეციალობით მუშაობა, რაც შემდგომში დადებითად წაადგა. ერთ ხანს რაიონის მთავარი ექიმიც იყო.
1966 წელს დავითმა სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ირაკლი ფაღავას ხელმძღვანელობით, რომელსაც ყოველთვის დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით იხსენებდა. დავითს ნიჭიერებას უქებდა ფილოსოფოსი, პროფესორი გიორგი ვეკუა. ასპირანტურის დასრულების შემდეგ, 3 წელი თბილისში იმუშავა. 1973 წელს სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა დაასრულა, ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარა, მაგრამ უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ, გაურკვეველი ვადით დისერტაციის დაცვის ვადა გადაუდო.
ჭეშმარიტ ინტელიგენტს, მაღალი ადამიანური და მედიკოსის ღირსებებით შემკულ პიროვნებას, მაღალი მოქალაქეობრივი პათოსი, მამულიშვილობა, სიდარბაისლე, სიდინჯე, კომპეტენტურობა, ორგანიზატორული ნიჭი, მაძიებლობა, წინდახედულება, მდიდარი ცოდნა, პროფესიონალიზმი, ნათელი გონება და ლამაზი სული გამოარჩევდა. სწორედ, ეს თვისებები გახდა წინაპირობა, რომ აჭარის მთავრობის მოთხოვნით, შუახეველთაგან პირველს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრის პოზიციაზე ემუშავა.
1992-2007 წლებში იყო ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული კოლეჯის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. მისი რეკომენდაციითა და დახმარებით აჭარის მთიანეთის მკვიდრმა ათეულობით ახალგაზრდამ სამედიცინო განათლება მიიღო და ამჟამად სხვადასხვა კლინიკაში საქმიანობენ. 1994-2012 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრაზე. კათედრის გამგეც იყო. სპეციალობის მიხედვით ლექციებს კითხულობდა და მომავალი ექიმების საყვარელ ლექტორად ითვლებოდა.
მისი კეთილსინდისიერი და უანგარო საქმიანობის დასტურად, მოვიშველიებთ ირაკლი ფაღავას შვილის, დავითის ოჯახის მეგობრის ყარამან ფაღავას შეფასებას: „ბატონ დავითს მრავალი ადამიანი მასწავლებელს ეძახის. გასაგებიცაა, სად არ ასწავლიდა – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, როგორც ასპირანტი, ბათუმის უნივერსიტეტში – პედიატრიის კათედრის ერთ-ერთი მესაძირკვლე გახლდათ, კოლეჯებში, ტექნიკუმებში, მრავალ ახალგაზრდა ექიმს გაუვლია მის ხელში, მაგრამ თავი და თავი ის არის, რომ თავისი ცხოვრებით მაგალითს აძლევს გარშემომყოფებს, სანიმუშო პიროვნებაა. სად არ უმუშავია – რიგითი ექიმიდან აჭარის მთავარ პედიატრამდე, დედათა და ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელამდე, მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ აჭარის რეგიონში ბავშვთა ჯანდაცვის მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა. სტუდენტი გახლდით, როდესაც ბატონი დავითი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი იყო. უშუალოდ ჩემს ჯგუფსაც უტარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს. არასოდეს დამავიწყდება მისი სათუთი მოპყრობა პაციენტებთან. ნეფროლოგიურ ავადმყოფებს კურირებდა, იკვლევდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას, ავადმყოფები მეორე სართულზე იყვნენ, სადიაგნოსტიკო კაბინეტი ნულოვან სართულზე, ხელში აყვანილი ჩაჰყავდა ქვემოთ, რომ ფიზიკურად არ დატვირთულიყვნენ. საოცარი შერჩევითი მეხსიერების პატრონია, არა მგონია, თავისი ცხოვრების განმავლობაში ვინმესგან წყენა მიეღოს. თითქმის 50 წელია ვიცნობ და არ მახსოვს, აუგი ეთქვას ან კოლეგებზე, ან ხელმძღვანელობაზე, თუნდაც პაციენტების მშობლებსა თუ ნაცნობებზე. იყო კარგი პროფესიონალი, ეს თავისთავად, მაგრამ ბატონი დავითი იყო ამავე დროს შესანიშნავი პიროვნება და ეს, მე მგონი, მთავარია“.
ექიმს, მეცნიერს, მეგობარს კიდევ ერთი თვისება ალამაზებდა და ამდიდრებდა, ეს მშობლიური კუთხის, დაბაძველელი მეზობლების სიყვარული და მათდამი თანადგომა იყო. თავისუფალ დროს ნახულობდა თუ არა, სოფელში იყო, მეზობლების გვერდით ფუსფუსებდა, ყოველ გაზაფხულზე მეზობლებს შემოუძახებდა და 9- კილომეტრიანი სარწყავი არხის შესაკეთებლად მათთან ერთად მიდიოდა, მისივე მარჯვენით ჩაყრილ ვაზსა და დარგულ ხეხილს უვლიდა.
დავითის სადარ ადამიანებზე იტყვიან: წუთისოფლიდან ვალმოხდილი წავიდაო… მალე ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერს დათო ზოიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდება. ყველაფერთან ერთად, დატოვა უმშვენიერესი ოჯახი. მისმა ერთგულმა თანამეცხედრემ და თანამოდარდემ, პროფესიით ექიმმა რუსუდან ლორიამ, დავითის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წინამძღოლობა ითავა. იგი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ლაბორატორიული განყოფილების გამგედ მუშაობასაც აგრძელებს. დავითთან ერთად, დიდი ღვაწლი შეიტანა შვილების მარიკასა და შორენას პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბებაში. მარიკა მეან-გინეკოლოგია, შორენა კი ჰოლანდიაში პათოლოგანატომს სპეციალობით საქმიანობს. იმედია, შვილიშვილებიც ამ გზას გაჰყვებიან.
ოთარ ცინარიძე