ბათუმიდან ევროპამდე – როცა განათლება ახალ კარს გიღებს
By

ბათუმიდან ევროპამდე – როცა განათლება ახალ კარს გიღებს

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი 25 წლის ლანა ირემაძეა, რომლის სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ აუდიტორიებით არ შემოიფარგლა. მან შეძლო და საერთაშორისო შესაძლებლობები რეალობად აქცია. აქტიურად მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში და არაერთი საინტერესო გამოცდილება დაუგროვდა.
– როდის დაინტერესდით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით?
– გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ ვახერხებდი. ამასთანავე, ჩემი ბაკალავრიატში სწავლის პერიოდი კოვიდის დროს დაემთხვა და ვერ შევძელი გაცვლით პროგრამებში ჩართვა. მოგვიანებით, გადავწყვიტე, მაგისტრატურაზე ისევ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამებარებინა ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, რათა თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამომეყენებინა. ყველაზე დიდი მოტივაცია იყო სურვილი, საკუთარი თავი სრულიად ახალ გარემოში გამომეცადა, გამეფართოებინა თვალსაწიერი და შემეძინა ისეთი გამოცდილება, რომელსაც საქართველოში ვერ მივიღებდი.
– ლიეტუვაში როგორ აღმოჩნდით და რა მიმართულებით სწავლობდით?
– ლიეტუვაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გავემგზავრე. ეს ჩემთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება იყო. პროგრამა მოკლევადიანია, გამიჩნდა სურვილი, კიდევ მიმეღო მონაწილეობა უფრო ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ პროგრამებში. პროგრამა შეეხებოდა ველური ბუნების მენეჯმენტსა და ადამიანის ზეგავლენას ბუნებაზე, სადაც როგორც თეორიულად, ასევე, პრაქტიკულად გავიარეთ სასწავლო პროცესი, მათ შორის სახეობათა პოპულაციის რეგულირებისა და მართვის საკითხები.

– თქვენი დაკვირვებით, საქართველოსა და ლიეტუვის საგანმანათლებლო სისტემებს შორის რა ძირითადი განსხვავებებია?
– განსხვავება საგანმანათლებლო სისტემებს შორის ადვილი შესამჩნევია. ლიეტუვაში სწავლების პროცესი ბევრად უფრო პრაქტიკულ გამოცდილებაზეა ორიენტირებული. უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგად მოწყობილი სასწავლო და კვლევითი ბაზა, სადაც სტუდენტები არამხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ, არამედ მუდმივად არიან ჩართულნი პრაქტიკულ სამუშაოებში, კვლევებსა და საველე აქტივობებში. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისიცაა, რომ იქ დიდ ყურადღებას აქცევენ დამოუკიდებელ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა ცოდნა, გამოცდილება და უნარები შეგძინათ იქ სწავლის პერიოდმა?
– გულწრფელად რომ გითხრათ, მთელი პროცესის განმავლობაში იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ხანდახან სუნთქვაც კი მავიწყდებოდა. დღემდე ზუსტად არ მახსოვს, პრეზენტაციის დროს რა ვთქვი, რადგან ეს ჩემთვის პირველი მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება იყო და ძალიან ვღელავდი… მაგრამ მოგვიანებით გავიაზრე, რომ ეს შეგრძნება სრულიად ნორმალურია, პირველ გამოცდილებას ხომ ყოველთვის ახლავს შიში, დაბნეულობა და საკუთარ თავში დაეჭვება. როგორც ჩემი ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა მითხრა: „ეს შეგრძნება აუცილებელიც კი არის და ყველას გამოვლილი გვაქვს, მარტივი არავისთვის ყოფილა“. ვფიქრობ, ამ სიტყვებმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოკლევადიანი იყო, ეს ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა პროფესიული ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. შემდეგ აქტიურად დავიწყე სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის მოძიება, აპლიკაციების შევსება და ახალი შესაძლებლობების გამოყენება. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ამ გამოცდილებამ საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დამარწმუნა.

– მოგვიანებით გერმანიაში გაემგზავრეთ ევროპის სოლიდარობის პროგრამით, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რას მოიცავდა აღნიშნული პროგრამა?
– გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც მივხვდი, რომ უცხოეთში სწავლა ჩემთვის მხოლოდ განათლების მიღება აღარ იყო. ეს უკვე ცხოვრების ნაწილი გახდა. ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ის აერთიანებდა მოხალისეობრივ საქმიანობას, კულტურულ გაცვლასა და პიროვნულ განვითარებას. პროგრამა სხვადასხვა სოციალურ და გარემოსდაცვით აქტივობას მოიცავდა.
– რა გამოცდილება დააგროვეთ გერმანიაში?
– გერმანიაში ყოფნამ მასწავლა გუნდურობა, პასუხისმგებლობა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან თანამშრომლობა. ყოველდღიურად მქონდა ურთიერთობა 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან. ეს უფრო კულტურული გაცვლა იყო, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.
– თქვენთვის რას ნიშნავს სიტყვა „სოლიდარობა“ და როგორ აისახა ეს პროგრამის ფარგლებში?
– ჩემთვის სოლიდარობა ნიშნავს ერთმანეთის თანადგომას, დახმარებას, მეგობრობასა და მხარდაჭერას მიუხედავად კულტურული, ენობრივი თუ სოციალური განსხვავებებისა. სწორედ ეს იყო პროგრამის მთავარი ღირებულებაც. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთად ვმუშაობდით საერთო მიზნებისთვის, ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას და ვსწავლობდით ერთმანეთისგან.
– ახლა ხორვატიაში იმყოფებით იმავე პროგრამით. . .
– ამჟამად ხორვატიაში „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ ფარგლებში ვიმყოფები და კიდევ მომავალი შვიდი თვის განმავლობაში ვიქნები ჩართული გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო აქტივობებში. UDRUGA BIOM არის ორგანიზაცია, სადაც ვმუშაობ და ვსწავლობ. თითქმის ყოველ კვირა გვაქვს საველე გასვლები, რომლის დროსაც ვატარებთ სხვადასხვა სახეობის მონიტორინგს და აქტიურად ვმონაწილეობთ მთის არწივების, ზღვის ფრინველებისა და ორბების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. გარდა ამისა, ვატარებთ საგანმანათლებლო აქტივობებსაც, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

– როგორ მოქმედებს საერთაშორისო გამოცდილებები თქვენს მომავალ გეგმებსა და პროფესიულ ხედვებზე?

– ამ გამოცდილებებმა კიდევ უფრო გამიმყარა სურვილი, რომ მომავალშიც საერთაშორისო გარემოში ვიმუშაო და სწავლა გავაგრძელო. მინდა, ჩემი პროფესიული საქმიანობა ბუნების დაცვას, გარემოსდაცვით განათლებასა და ახალგაზრდებთან მუშაობას უკავშირდებოდეს. აქ ყოფნამ მაჩვენა, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, საერთაშორისო გამოცდილება მაძლევს უფრო ფართო ხედვას და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა მომავალში საქართველოში გამოვიყენო.
– თქვენი გამოცდილებით, რამდენად მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდების განათლებისა და განვითარებისათვის?
– ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ სწავლას ან მოგზაურობას უკავშირდება, მაგრამ რეალურად ბევრად მეტია. სრულიად ახალ გარემოში რომ მოხვდები, იწყებ საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენასაც, სწავლობ დამოუკიდებლად ცხოვრებას, გადაწყვეტილებების მიღებას, პასუხისმგებლობასა და ადამიანებთან ურთიერთობას. თავიდან ყველაფერი რთული და უცხოა, მაგრამ ყველაზე უფრო სწორედ ეს სირთულეები გაძლიერებს არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ადამიანურადაც. იცვლება შენი ხედვები, უფრო გახსნილი ხდები, სწავლობ განსხვავებული კულტურების მიღებას და ხვდები, რამდენად დიდი შესაძლებლობები არსებობს მსოფლიოში.
რამდენად ეხმარება მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებს დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობის გაძლიერებაში?
– ძალიან დიდ როლს თამაშობს. როდესაც სრულიად ახალ ქვეყანაში ცხოვრობ, ბევრ საკითხზე თავად იღებ პასუხისმგებლობას, დაწყებული ყოველდღიური ცხოვრებით, დასრულებული სამუშაო და აკადემიური ვალდებულებებით. ეს გამოცდილება ადამიანს უფრო თავდაჯერებულსა და დამოუკიდებელს ხდის. თავდაპირველად, გულწრფელად რომ ვთქვა, საშინლად მეშინოდა, ვფიქრობდი, რაიმე არასწორად არ გამეკეთებინ, ან ყველაფერი ისე რომ არ გამოსულიყო, როგორც საჭიროა?! მაგრამ ნელ-ნელა ხვდები, რომ არ არის აუცილებელი, ყველაფერი წინასწარ იცოდე და არც ის, რომ ყველაფერი უშეცდომოდ გააკეთო. აცნობიერებ, რომ შეცდომების დაშვება სრულიად ნორმალურია, რადგან ახლა იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ყველაფერი სრულიად ახალია შენთვის.
რამდენად ფასეულია საერთაშორისო გამოცდილება დღევანდელ კონკურენტულ გარემოში?
– დღეს საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს, რომ ადამიანს შეუძლია მრავალფეროვან გარემოში მუშაობა და ადაპტაცია. დამსაქმებლებისთვისაც და აკადემიური სფეროსთვისაც ეს დიდი უპირატესობაა, რადგან ასეთ გამოცდილებას თან ახლავს ენობრივი, პროფესიული და სოციალური უნარების განვითარება.
პიროვნულად რამდენად შეგცვალათ ამ გამოცდილებებმა?
– ვფიქრობ, აქ ყოფნამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ჯერ მხოლოდ სამი თვეა აქ ვარ, მაგრამ უკვე ვიცი, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოცდილება მელოდება. უფრო დამოუკიდებელი, გახსნილი და თავდაჯერებული გავხდი. ვისწავლე განსხვავებული კულტურების მიღება, კომუნიკაცია და გამოწვევებთან გამკლავება. ვფიქრობ, საერთაშორისო გარემოში ცხოვრება ადამიანს ბევრად უფრო ფართო ხედვას ანიჭებს.

თქვენი აზრით, რატომ არის საჭირო საქართველოში მსგავსი პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება და ხელმისაწვდომობის გაზრდა?
– ისევე, როგორც მე, ბევრმა ახალგაზრდამ, უბრალოდ, არ იცის, რამდენი შესაძლებლობა არსებობს. ბაკალავრიატის სწავლების პროცესში რომ მეტი მცოდნოდა მსგავსი პროექტების შესახებ, რა თქმა უნდა, ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. განსაკუთრებით, რეგიონებში ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, ან ფიქრობენ, რომ ეს მათთვის მიუწვდომელია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაციის გავრცელება და მხარდაჭერა, რათა ახალგაზრდებმა საკუთარი პოტენციალი გამოიყენონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში თითქმის ყველაფერი სრულად ფინანსდება – საცხოვრებელი, კვება, ფრენა, ტრანსპორტირება და სხვა საჭირო ხარჯები. ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ფინანსების გამო ვერ შეძლებს მონაწილეობას, თუმცა რეალურად ეს შესაძლებლობები ხშირად სრულად დაფინანსებულია.
როგორ შეიძლება ახალგაზრდამ დღეს დაიწყოს მსგავსი შესაძლებლობების მოძიება და გამოყენება?
– პირველი ნაბიჯი ინფორმაციის მოძიებაა. დღეს ბევრი შესაძლებლობა ვრცელდება სოციალურ ქსელებში, უნივერსიტეტების გვერდებსა და საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა Erasmus+ და European Solidarity Corps. უბრალოდ, აქტიურად უნდა ეძებო შენთვის საინტერესო პროექტები. ყველაზე მნიშვნელოვანია მოტივაცია, თავდაჯერებულობა და რწმენა, რომ აუცილებლად შეძლებ იმას, რაც გსურს. ასევე, მინდა დავამატო, რომ ბევრს ჰგონია, ევროპის სოლიდარობის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური იდეალურად იცოდე, მაგრამ ასე არ არის. პირიქით, ეს პროგრამა გეხმარება, გაიუმჯობესო ინგლისური, განივითარო კომუნიკაციის უნარები და მიიღო ახალი გამოცდილება. ამას უკვე საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.

რა სამ მთავარ რჩევას მისცემდით მათ, ვინც გაცვლით პროგრამაში ჩართვას გეგმავს?
– პირველი – გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რადგან ხშირად ერთი ახალი ნაბიჯი მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებს. მეორე – იმუშავეთ ინგლისურ ენასა და კომუნიკაციის უნარებზე, მაგრამ არასდროს დაკარგოთ ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა. მესამე – არ შეგეშინდეთ ახალი გარემოს, გამოწვევებისა და ცვლილებების. უბრალოდ, არ გაჩერდეთ.
დაბოლოს, რა არის თქვენი შემდეგი მიზანი?
– მაგისტრატურის დასრულება და დოქტორანტურაზე სწავლა საზღვარგარეთ, გარემოსდაცვითი და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. ამისთვის, პირველ რიგში, ინგლისურის საერთაშორისო სერტიფიკატი მჭირდება, ამიტომ წინ საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო გზა მელოდება. ასევე, მინდა, მომავალში მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო და ახალგაზრდებთან, გარემოსდაცვით პროექტებსა და ბუნების დაცვის მიმართულებით, აქტიურად ვიმუშაო.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივნისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *