„გათავისუფლება ღმერთთან შინაგანი კავშირის აღდგენაა“
By

„გათავისუფლება ღმერთთან შინაგანი კავშირის აღდგენაა“

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჩნდებიან ავტორები, რომლებიც ადამიანის შინაგან სამყაროზე, ემოციურ ტრავმებსა და სულიერების ძიებაზე საუბრობენ. სწორედ ასეთია ახალგაზრდა მწერალ მარიამ ბაწელაშვილის შემოქმედება, რომელმაც მკითხველს უკვე გააცნო  პროზაული ნაწარმოები „მარადიული ცეცხლი“ და პოეზიის კრებული „რვა ათასი ღმერთის კოცნა“, ხოლო ახლახან გამოიცა მისი ახალი პროზაული ნაწარმოები „პეპლის კოცნა“, რომელიც სინაზის, ტკივილისა და შინაგანი თავისუფლების ძიების ისტორიას გვიყვება. სწორედ მასზე გვესაუბრება დღეს მარიამ ბაწელაშვილი.

ახლახან თქვენი მესამე წიგნი „პეპლის კოცნა“ გამოიცა, როგორ შეიქმნა ეს ნაწარმოები, რა იყო შთაგონების წყარო?

– შთაგონება მოვიდა ოჯახური ურთიერთობებიდან, სადაც ბავშვები დაუცველები არიან და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის თვალით დანახული სუფთა, გულწრფელი სამყარო და სამწუხაროა, რომ არაერთი თავიდანვე განიცდის ღალატს, ტყუილსა და სიყვარულის ნაკლებობას. მთავარი პერსონაჟის ლილას ისტორია, განცდები და შინაგანი ბრძოლა თითქმის ყველა ადამიანში მყოფი შინაგანი ბავშვის ისტორიაა. ამ წიგნით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ შეიძლება ნაზი და კეთილი ბავშვი გარემოს გავლენით შეიცვალოს. ნაწარმოების  შექმნა ჩემთვის შინაგანი დიალოგი იყო, რათა გამერკვია, რატომ იკარგება ბავშვური გულწრფელობა და როგორ შეიძლება დავიბრუნოთ.

– რას ნიშნავს თქვენთვის სახელწოდება „პეპლის კოცნა“ და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას?

– სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს. „პეპლის კოცნა“ თვითდამშვიდების მედიტაციაა, რომელიც გამოიყენება სტრესის, შფოთვისა და ემოციური დაძაბულობის შესამცირებლად, ასევე, პეპელა არის სინაზის სიმბოლო, რომელიც უხეშ და ცივ გარემოს ვერ ეგუება.

– პეპელა თქვენს ნაწარმოებში სილამაზის სიმბოლოა თუ შინაგანი მდგომარეობის?

– პეპელა გამოხატავს შინაგან მდგომარეობას. მთავარი გმირი მინის ქილაში გამომწყვდეულ პეპელასავით ცდილობს, თავი დააღწიოს თავსმოხვეულ სტერეოტიპებს და მარტოობისგან გამოწვეულ სიცარიელეს.

– შესაძლებელია თუ არა, რომ პეპელამ, საბოლოოდ, იპოვოს საკუთარი თავი, თუ ძიების პროცესი არასდროს სრულდება?

– შესაძლებელია, თუ საკუთარ თავში იპოვის სიმშვიდეს, რომელსაც სხვისგან ელოდება.

რას ნიშნავს თქვენთვის გათავისუფლება, საკუთარი თავის პოვნას თუ წინააღმდეგობის ფორმას?

– ჩემთვის გათავისუფლება ღმერთთან შინაგანი კავშირის აღდგენა და სიმშვიდის მოპოვებაა. ,,იყავი ბრძენი როგორც გველი და წმინდა როგორც მტრედი“. ეს გათავისუფლების ერთადერთი გზაა, რადგან სიბრძნის გარეშე ვერ შეძლებ გათავისუფლებას და სიწმინდის გარეშე ვერ შეძლებ თავისუფლების შენარჩუნებას.

არის თუ არა თქვენი წიგნი ერთგვარი პროტესტი სტერეოტიპების წინააღმდეგ, რომლებიც ქალის როლს განსაზღვრავს?

– ,,პეპლის კოცნა“ ეხება ძალადობის თემას და იმასაც, თუ რა აიძულებს ქალს, იცხოვროს მოძალადე ან მოღალატე კაცთან, რომელიც ართმევს საკუთარი თავის რწმენას; ექცევა ჩარჩოებში, რომელსაც საზოგადოება უწესებს. ასევე, წიგნი იმ კაცებზეა, რომლებიც ვერ ბედავენ, თვალი გაუსწორონ საკუთარ გრძნობებს, გარემოს ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან და სხვადასხვა დამოკიდებულებით ან რელიგიური ფანატიზმით ახშობენ საკუთარ პიროვნებას. ჩემი წიგნი არა მხოლოდ ქალის, არამედ კაცის როლის სტერეოტიპის წინააღმდეგაცაა. ჩემი მიზანია, მკითხველმა დაინახოს, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე დამახინჯებული წესები, რელიგიური ფანატიზმი, შიში და უსიყვარულობა.

რამდენად ავტობიოგრაფიულია წიგნი, ან შეიცავს თუ არა პირად გამოცდილებებს?

– ავტობიოგრაფიული არაა, იგი, ძირითადად, ეყრდნობა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ კვლევას და დაკვირვებას.

– როგორც ვიცი, ხატავთ და თქვენი წიგნის ყდაც თქვენივე შექმნილია. რა ადგილი უჭირავს ფერწერას თქვენს ცხოვრებაში?

– ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა დროის უქონლობის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხატავდი. ვგეგმავ, რომ მომავალში უფრო მეტი დრო დავუთმო ამ სფეროს.

თქვენთვის წერა და ხატვა ორი განსხვავებული ხელოვნებაა თუ ერთი და იმავე ემოციის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა?

– ჩემთვის ხატვაც და წერაც საკუთარი სულის სიღრმეში ჩამარხული განძია, მისკენ მიმავალი გზა კი ტკივილის ოკეანეში შეცურებას ჰგავს, რაც უფრო ღრმად და უშიშრად ჩაყვინთავ, მით უფრო ლამაზი განძი გამოგაქვს მძივებად აწყობილი სამკურნალო სიტყვებისა და ფერების სახით.

 – დაბოლოს, მუშაობთ თუ არა ახალ ნაწარმოებზე?

– ამჯერად, ახალ ნაწარმოებზე არ ვმუშაობ, მაგრამ ხშირად, უცაბედად, იბადება იდეა, რომლითაც ახალი ნამუშევარი იქმნება.

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *