ქვეყანამ დაკარგა ღირსეული ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
სახელოვანი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წევრი და გეომეტრიული ტოპოლოგიის ცნობილი მკვლევარი ვლადიმერ ბალაძე გარდაიცვალა. ბატონმა ვლადიმერმა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით საერთაშორისო მნიშვნლობის მათემატიკური სკოლა შექმნა.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე დაიბადა ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში 1952 წელს. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ის გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროდ იქცა ტოპოლოგიის კლასიკური და თანამედროვე დარგები – განზომილების თეორია, რეტრაქტების თეორია, ჰომოლოგიის თეორია, ჰომოტოპიის თეორია, შეიპების თეორია, უწყვეტ გარდაქმნათა ჯგუფების თეორია და კატეგორიათა თეორია, რომელთა კვლევასაც მიეძღვნა მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
პროფესორ ვ. ბალაძის სამეცნიერო მუშაობა განუყოფელი იყო მისი პედაგოგიური მოღვაწეობისაგან, ბატონმა ლადომ 1976 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე გაიარა აკადემიური საქმიანობის ყველა საფეხური, კათედრის ლაბორანტიდან პროფესორამდე, 1991 წლიდან შეთავსებით დაიწყო მუშაობა ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე, სადაც დიდი ენთუზიაზმით ბათუმელ სტუდენტებს გადასცემდა იგივე საუნივერსიტეტო კურსებს და ზრუნავდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კადრების გაზრდაზე. დიდი ერუდიცია, პერსპექტიული მიმართულების იდენტიფიცირების, ამოცანების დასმისა და გადაჭრის უნარი, ყველა თავისი მოსწავლის მიმართ კეთილმოსურნე დამოკიდებულება იყო მისი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობის საფუძველი.
ვ. ბალაძე 2005-2006 წლებში ბათუმის უნივერსიტეტში ორგანიზებას უწევდა სასწავლო აკადემიურ საქმიანობას, ხოლო 2006-2007 წლებში საუნივერსიტეტო საქმიანობას აგრძელებდა რექტორის პოზიციაზე. უნივერსიტეტისა და ახალგაზრდა თაობის ერთგული მსახური თანამოაზრეთა გუნდთან ერთად მუშაობდა რეფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მოძებნა მათი გადაწყვეტისა განხორციელების სწორი გზები და საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის განვითარებისა და წარმატებისათვის აუცილებელ მრავალ სასარგებლო და მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლებმაც ქართული სამეცნიერო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
ვ. ბალაძის აქტიური სამეცნიერო მუშაობის შედეგია ბათუმის უნივერსიტეტში მოქმედი სამეცნიერო სემინარი ,,გეომეტრიული ტოპოლოგია და გამოყენებანი’’, მისი ხელმძღვანელობით შექმნილი გეომეტრიული ტოპოლოგიის სამეცნიერო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც წარმატებით აგრძელებენ კვლევებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ბატონი ვლადიმერის გამოკვლევები და იდეები გახდა არაერთი მათემატიკოსის შრომების საფუძველი და სამეცნიერო საქმიანობის სტიმული.
მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ქართული აბსტრაქტული მათემატიკური სკოლის განვითარებასთან. ვ. ბალაძის კვლევები მოიცავდა ტოპოლოგიის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიმართულებებს -განზომილების, ჰომოლოგიის, ჰომოტოპიის, რეტრაქტების, შეიპებისა და კატეგორიათა თეორიებს. მისი სამეცნიერო ნაშრომის დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში.
ვ. ბალაძე 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტს. იგი მუდმივად ინარჩუნებდა სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის მათემატიკურ ცენტრებთან და საზოგადოებასთან. იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 50-მდე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე, 15-მდე საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორი, 5 საგრანტო პროექტის ინიციატორი, კოორდინატორი და შემსრულებელი, გამოსცა ორი და გამოსაცემად მოამზადა ერთი სახელმძღვანელო. ასევე, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 6 სადოქტორო დისერტაცია.
პროფესორი ვ. ბალაძე დამსახურებულად სარგებლობდა დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით ქართველ და უცხოელ კოლეგებს, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. მას გააჩნდა ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი, შემოეკრიბა სხვადასხვა ასაკისა და მსოფლმხედველობის ადამიანები, ჩაება სამეცნიერო მუშაობასა თუ ქვეყნის სასიკეთო საქმიანობაში.
ვლადიმერ ბალაძე, ღირსეული მშობლების ულამაზეს ქართულ ოჯახში გაზრდილი შვილი თავადაც ღირსეული ოჯახის მამა იყო. მეუღლესთან დიდარი ცინცქილაძესთან ერთად გაზარდა სამი წარმატებული შვილი და 7 შვილიშვილი.
ვლადიმერ ბალაძის სახით ქვეყანამ დაკარგა ღირსეული ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.