„ფინანსური განათლების სფერო მრავალფეროვანი და ამოუწურავია“
By

„ფინანსური განათლების სფერო მრავალფეროვანი და ამოუწურავია“

ფინანსური განათლება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბაზისო უნარია. იგი მოიცავს პირადი ფინანსების ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ცოდნას, უნარებს, ქცევებსა და დამოკიდებულებებს. ფინანსური განათლება ადამიანებს ეხმარება რისკებისა და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაში, გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ქცევების ჩამოყალიბებაში. სსიპ „შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის“ „მოქალაქეობის“ მასწავლებელი ამირან ხიმშიაშვილი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც მოსწავლეებში ფინანსური განათლების, უნარებისა და პასუხისმგებლობიანი ფინანსური ქცევების განვითარებისკენაა მიმართული. გვესაუბრება ამირან ხიმშიაშვილი.

– ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ფინანსური განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი სწავლება შესაძლებელია არა მხოლოდ საზოგადოებრივი მეცნიერებების ფარგლებში, არამედ სხვადასხვა დისციპლინასთან ერთობლიობაში, რაც მასწავლებლებს გვაძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების განვითარებას მრავალფეროვანი და პრაქტიკული აქტივობებით შევუწყოთ ხელი. ისინი ყოველდღიურად აწყდებიან ფინანსურ გადაწყვეტილებებს, თუმცა ხშირად არ ფლობენ საკმარის ცოდნას ბიუჯეტის დაგეგმვის, დაზოგვის, უსაფრთხო ფინანსური ქცევისა და ფინანსური რისკების შეფასების შესახებ. მიმაჩნია, რომ სკოლამ ახალგაზრდებს უნდა მისცეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც, რომლებიც მათ მომავალში დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“, სააქციო საზოგადოებების „თიბისი ბანკის“, „ბაზის ბანკისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ ჩართულობით, შარშან ჩემს მოსწავლეებთან ერთად, გავიმარჯვე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში – „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“, ასევე, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!“ აღნიშნულმა პროექტებმა მომცა სტიმული, ამ მიმართულებით უფრო მეტი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა განმეხორციელებინა.

რა მეთოდებით ცდილობთ ფინანსური განათლების ცნობიერების ამაღლებას?

– გამომდინარე იქიდან, რომ ვასწავლი მცირეკონტინგენტიან სკოლაში, გადავწყვიტე, შემექმნა სამოქალაქო განათლების კლუბი „ცვლილებების ელჩები“, რომელშიც არა მხოლოდ დაბაძველის საჯარო სკოლის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებიც გაწევრიანდებოდნენ. ამ კლუბის ფარგლებში ჩავატარეთ საგანმანათლებლო თამაში „ფინმისიონი“. იგი განხორციელდა „გოსეჩასის“ აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებს თამაშის ფორმატში აცნობდა. მონაწილეები ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებას, პასუხობდნენ კითხვებს, აგროვებდნენ ქულებს და გუნდურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ფინანსურ თემებზე. პროექტში ჩართული იყო შუახევის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 25 მოსწავლე. „ფინმისიონმა“ ერთხელ კიდევ აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას. გარდა ამისა, დავიწყე პროექტი „ფინანსური განათლების 1 წუთი“, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აზიარებენ ვიდეორჩევებს ფინანსური განათლების შესახებ. პროექტის მიზანია ფინანსური ცნობიერების ამაღლება, დაზოგვის კულტურის წახალისება და ფულის სწორად მართვის შესახებ მარტივი და საჭირო ინფორმაციის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ კლუბის გვერდზე განთავსებულ ვიდეოებს ათასობით ნახვა აქვს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ქართული კინემატოგრაფიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ფინანსური განათლების სინთეზი, რის საფუძველზეც დავიწყე პროექტი „ფინმფრენი: ფინანსური მოგზაურობა ქართულ კინემატოგრაფიაში“. იგი მეტაფორულად წარმოადგენს ფინანსური განათლების დინამიკურ მოდელს – მოძრაობასა და ზრდას. მოძრაობა გულისხმობს ინტერაქტიულ სწავლას თამაშებისა და კინოანალიზის გზით, ხოლო ზრდა – თითოეული გაკვეთილის შედეგად მოსწავლის ფინანსური ცნობიერების ამაღლებას. ქართული კინოს გმირების გამოყენებით, რთული ფინანსური საკითხები, როგორებიცაა დაზღვევა, რისკი და ბიუჯეტი, გარდაიქმნება მარტივ, ვიზუალურ და ემოციურ გამოცდილებად. მოსწავლეები ამ პროცესში ერთდროულად ეცნობიან ქართული კინემატოგრაფიის ოქროს ფონდს და ფინანსურ საკითხებს სრულიად ახალი პერსპექტივიდან განიხილავენ. ისინი, ასევე, ქმნიან შემოქმედებით პროდუქტებს, სადაც კინო და ფინანსური განათლება ერთმანეთში სინთეზირდება.

რომელი ფილმები განიხილეთ მოსწავლეებთან და რამდენად საინტერესო იყო პროცესი?

– ფილმების ჩვენება და შემდგომი განხილვა მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო გამოცდილება იყო, რადგან ისინი აქამდე მსგავსი კუთხით არ აფასებდნენ კადრებს. მაგალითად, ირაკლი კვირიკაძის ფილმ „ქვევრის“ განხილვისას, მოსწავლეებმა შეისწავლეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, პროფესიული შეცდომა და მატერიალური ზიანი, ასევე, შეიმუშავეს შესაბამისი სადაზღვევო პაკეტი გოგიასთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო გურამ პატარაიას ფილმ „კუჩხი ბედინერის“ განხილვა, სადაც ვისაუბრეთ ბროლიას „ოქროს ფეხის“ მნიშვნელობაზე, რომელიც შინაური ცხოველის დაზღვევის იდეას დავუკავშირეთ. მოსწავლეებმა შექმნეს ბროლიას დაზღვევის პაკეტი. ასევე, აღსანიშნავია, რომ მათ შექმნეს ქართული ფილმების კადრებზე დაფუძნებული სადაზღვევო რეკლამები, რომლებიც ძალიან სახალისო და შემოქმედებითი გამოვიდა.

– სამომავლო გეგმებზეც გვითხარით. . .

– ფინანსური განათლების სფერო მრავალფეროვანი და ამოუწურავია. ჩემი მიზანია, მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც დავნერგო ფინანსური განათლების სწავლება ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებით, რათა ეს მიმართულება მოსწავლეებისთვის იქცეს სახალისო, პრაქტიკულ და საინტერესო გამოცდილებად.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *