მოგზაურობა კლასიკური მუსიკის სამყაროში
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებმა, კაპელამ (გუნდის ქორმაისტერი – რუსუდან ბერიძე) და მოწვეულმა ხელოვანებმა, კლასიკური მუსიკის მოყვარულები გალაკონცერტზე მიიწვიეს, რომელსაც „ბათუმი – ოპერის ჰანგებში“ უწოდეს და დარბაზი შთამბეჭდავი მუსიკითა და არაჩვეულებრივი შესრულებით დაატკბეს.
კონცერტზე ბათუმელ მსმენელთან ერთად, ქალაქის სტუმრებიც ესწრებოდნენ.
საღამოზე ქართული და უცხოური ოპერებიდან ცნობილი არიები და დუეტები შესრულდა, მათ შორის, ვერდის, მასკანის, შტრაუსის, კურტისის, ბიზეს, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, ბელინის, ლაღიძის…. სხვათა ნაწარმოებები, რამაც დარბაზში განსაკუთრებულად ემოციური და შემოქმედებითი გარემო შექმნა.
გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ არჩილ გოგიტიძე, სალომე სალაძე, ირმა ჟღენტი, მირანდა კონცელიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ტანია ჯიქია, ლელა კახიძე, ლია ჯაში, ოთარ შიშინაშვილი, ლელა სიხარულიძე, ეთერ ხალვაში, ოთარ ნაკაშიძე, ლელა ვაშაყმაძე, ირაკლი კორიფაძე, ნონა კორიფაძე, ზაზა ხამათაშვილი, ინგა ჯახუტაშვილი, თეა გელოვანი. ყველა ნომერს მსმენელი აპლოდისმენტებით აჯილდოებდა…
სადადგმო ნაწილზე ცნობილმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ იმუშავა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე დაესწრო.
– ნებისმიერ მომღერალს, სცენაზე გამოსვლა სჭირდება, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამით ხშირად არ ვართ განებივრებულები. მომღერლები კონცერტიდან-კონცერტამდე, სპექტაკლიდან-სპექტაკლამდე ვიზრდებით, გამოცდილებას ვიძენთ. მიხარია ისიც, რომ დღეს ასეთი გულთბილი მსმენელი გვყავდა, ემოციით სავსე, აპლოდისმენტები არ მოგვაკლო. მათ დიდი მადლობა, – აღნიშნა ირმა ჟღენტმა.
– ასეთი საღამოები ხშირად უნდა იმართებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ ხერხდება. ორკესტრთან ერთად გამოსვლა სულ სხვა ემოციაა. გამიხარდება, თუ ჩემს ქალაქში, ასეთ კონცერტებს სისტემატური სახე მიეცემა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ ბათუმს ოპერის თეატრიც დაამშვენებს, – გვითხრა ლელა ვაშაყმაძემ.
– ძალიან კარგი კონცერტი იყო, ურთულესი პროგრამით, ფაქტობრივად, აჭარას ჰყავს ოპერის დასი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზურაბ პატარაძის მხარდაჭერით, ბათუმს ექნება ოპერის თეატრი. ისეთი მომღერლები გვყავს, რომ ასეთი ხმები იშვიათია. ოპერის დასში სიახლე გვაქვს – მისი წევრი გახდა მომღერალი კონსტანტინე ყიფიანი – ულამაზესი დრამატული ტენორი, როგორც პიროვნება – ბრწყინვალე. ის თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი მაისურაძის აღზრდილია. გვყავს არაჩვეულებრივი ბარიტონი ოთარ შიშინაშვილი, – გვითხრა საოპერო დასის ხელმძღვანელმა მარიამ ჯახუტაშვილმა.

– გამორჩეული დღე იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კლასიკური ხელოვნება ჩვენს ქალაქში ძალიან უყვართ. დასწრებას რაც შეეხება, მოლოდინს გადააჭარბა – დარბაზი სავსე იყო, როცა არტისტი ხედავს მაყურებელს, ეს სულ სხვა გრძნობაა, – აღნიშნა არჩილ გოგიტიძემ.
– ამ სცენაზე პირველად ვიდექი. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ბათუმს, ზოგადად, აჭარას, ძალიან კულტურული მსმენელი ჰყავს, რომელიც შენგან მიწოდებულ სიმღერას განსხვავებული ემოციით იღებს. ეს ყველაფერი მახარებს, თან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი იმისთვის, რომ უფრო უკეთ მემღერა, – გვითხრა კონსტანტინე ყიფიანმა.
საოპერო საღამოში ასევე მონაწილეობდნენ გამოცდილი კონცერტმაისტერები: მარინა ქიქავა, ნანა კვირიკაძე, ევგენია ღოღელიანი, ნინო ჩაიძე, თეონა წულუკიძე…
მანანა ძიძიშვილი