ჯონდი ბაღათურია: ასეთი ჩინოვნიკები უნდა ჩამოშორდნენ საჯარო სამსახურს მგლის ბილეთით
By

ჯონდი ბაღათურია: ასეთი ჩინოვნიკები უნდა ჩამოშორდნენ საჯარო სამსახურს მგლის ბილეთით

გთავაზობთ ინტერვიუს „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან, სადაც ის საუბრობს საგზაო ჯარიმების, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების კლების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ურთიერთობის შესახებ.

– თუ შეიძლება, საუბარი დავიწყოთ საგზაო ჯარიმების შესახებ. თქვენი და ბატონი კახა კახიშვილის წინადადებამ ჯარიმების მიმართ არსებულ მიდგომებსა და სამართლიან დაბალანსებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში.

– მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება მოწყდა ხალხს და მისი დიდი ნაწილი დაკავებულია საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით. პარლამენტარისთვის, რომელსაც 15 ათასი ლარი აქვს ხელფასი, 200-ლარიანი ჯარიმა არაფერს წარმოადგენს, ხოლო პენსიონერისთვის ეს თანხა შემოსავლის ლამის 50%-ია. ამიტომ მე და კახამ გადავწყვიტეთ, ღრუბლებში მონავარდეები მიწაზე დაგვებრუნებინა და გვეჩვენებინა, როგორ კანონებს იღებენ, ამ კანონების პირობებში როგორ შეიძლება მათ მოუწყო ცხოვრება და გადავიტანეთ ეს ჯარიმები პენსიონერის ფინანსური სიბრტყიდან მთავრობის მოხელეებისა და პარლამენტარების სიბრტყეში. რა ჯარიმებიც დააწესეს, მათი შემოსავლების პროპორციის ჯარიმები დავუწესეთ ჩვენც. გამოვიდა, რომ 200-ლარიანი ჯარიმა მათთვის გახდა 2500 ლარი, ხოლო 250-ლარიანი – 3000 ლარი და ა.შ.

– კონკრეტულად რაზე იყო საუბარი თქვენს საკანონმდებლო წინადადებაში?

– ჩვენ განვაცხადეთ, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს საგზაო და ადმინისტრაციული ჯარიმების ისეთი მოდელის ეტაპობრივი დანერგვა, რომლის მიხედვითაც: საგზაო და ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა განისაზღვროს პირის ოფიციალური შემოსავლისა და ფინანსური მდგომარეობის პროპორციულად; შენარჩუნდეს შესაბამისი მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი სამართლებრივი ბალანსის უზრუნველსაყოფად; განსაკუთრებული სტანდარტი გავრცელდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახების წევრებზე.

– ვინ უნდა განვიხილოთ ამ კატეგორიაში?

– აღნიშნულ კატეგორიაში უნდა განიხილებოდნენ: პარლამენტის წევრები; მინისტრები; მინისტრის მოადგილეები; სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები; მუნიციპალური პოლიტიკური თანამდებობის პირები და ზემოთ ჩამოთვლილი პირების ოჯახების წევრები. როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი, რომლის შემოსავალი თვეში ათეულ ათას ლარს აღწევს, ანუ მისთვის 100-200-ლარიანი ჯარიმა, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია, საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რამდენად რეალურად გრძნობს იგი იმ ეკონომიკურ ზეწოლას, რასაც იგივე სანქცია ჩვეულებრივ მოქალაქეზე ახდენს. ამავე დროს, საზოგადოებაში ხშირად არსებობს განცდა, რომ მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები, სპეციალური ნომრების, ადმინისტრაციული რესურსისა და სხვადასხვა პრივილეგიის გამოყენებით, ნაკლებად ექვემდებარებიან იმ პრაქტიკულ შედეგებს, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან რიგითი მოქალაქეები. ასეთი მოდელის განხილვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, არამედ სამართლებრივი სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლადაც. როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ პასუხისმგებლობის სტანდარტი თანაბრად ვრცელდება როგორც რიგით მოქალაქეზე, ისე მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირებზე, სამართლებრივი ნორმების აღქმა უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ხდება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის უფრო გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება და რა მიმართულებით იხარჯება საგზაო და ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებული ფინანსური რესურსი. მოქალაქეებისთვის მკაფიო უნდა იყოს ინფორმაცია იმ თანხების შესახებ, რომლებიც ირიცხება იმ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში, რომელთა ტერიტორიაზეც განთავსებულია ვიდეოკამერები, სიჩქარის კონტროლის რადარები და საგზაო მონიტორინგის სხვა ტექნიკური საშუალებები. საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, მოქალაქეებმა იცოდნენ – რა ნაწილი ხმარდება უშუალოდ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურას, პრევენციულ ღონისძიებებს, გზების მოწესრიგებასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სისტემების განვითარებას. მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც ჯარიმებიდან მიღებული თანხების განაწილება და გამოყენება მაქსიმალურად გამჭვირვალეა, მნიშვნელოვნად იზრდება საზოგადოების ნდობა როგორც სამართალდამცავი სისტემის, ისე თავად სანქციების მიმართ. ამავე დროს, არაერთ ქვეყანაში და კვლევაში გამოითქვა შეშფოთება, რომ ჯარიმების სისტემამ არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს იგი ადგილობრივი ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენება, რადგან ასეთ შემთხვევაში ზიანდება საზოგადოების ნდობა სამართლებრივი სისტემისა და საგზაო კონტროლის მექანიზმების მიმართ. აქვე იმასაც ვიტყვი, კარგი გამოვიდა, რომ პარლამენტმა დაინახა მიღებული კანონები როგორ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში, ანუ მიხვდნენ, რისი თქმა გვინდოდა. აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, გადახედონ ამ კანონს. რამდენიმე ხანში იყო პრემიერის განცხადებაც, რომ ჯარიმებს შეამცირებენ.

– საინტერესოა, როდის მოახერხებენ ამ შემცირებას, ზაფხულში ხომ ისვენებენ?

– თუკი დააჩქარებენ, მოესწრება, მაგრამ თუკი არ იჩქარეს, ამ თემასთან მიბმული რაღაც ჩანაფიქრი გვაქვს, რომელსაც ახლა არ გავაჟღერებ, მაგრამ ერთს ვიტყვი – მათთვის პოლიტიკურად იქნება უფრო რთული და ბიუჯეტის შემოსავლებსაც გაართულებს, თუმცა ხალხისთვის გამოასწორებს იმ ზიანს, რასაც ახლა ამ ჯარიმებისგან იღებენ.

– ძალიან გაურთულდათ მდგომარეობა ტაქსისტებს, ლამის თავი დაანებონ მუშაობას. . .

– ტაქსისტებთან ერთად, ცუდ დღეში აღმოჩნდა საკურიერო ბიზნესიც, ყველა ველოსიპედით ხომ არ დადის? გადაადგილდებიან სამარშრუტო ტაქსებით და მანქანებით… მოდით, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ პენსიონერს მოუვიდა ჯარიმა, ვერ გადაიხადა საურავი, რასაც ისევ დაემატა თანხა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დაუყადაღეს მანქანა, რომლის გაყიდვა მოუწია ძალიან იაფად, რადგან თუ არ იჩქარებდა, შემდეგ ალბათ ბინას დაუყადაღებდნენ, ან ჩამოახრჩობდნენ… არადა, ამ მანქანით ლუკმა-პურს შოულობდა. აი, ასეთი უსამართლობებიც ხდება ქვეყანაში… არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: გაზულუქდნენ, რეპრესიებს უწყობენ და ზემოდან უყურებენ იმ ხალხს, რომელმაც მათ ხელისუფლება ჩააბარა. ეს არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი. კიდევ კარგი, მთლად მოწყვეტილი არ არიან ორბიტას და რაღაცებს მაინც ითვალისწინებენ, ღირსება ბოლომდე არ დაკარგეს. ადამიანები ღირსებას იმიტომ კი არ კარგავენ, რომ უნდათ, უბრალოდ წყდებიან ორბიტას და ვეღარ ისიგრძეგანებენ არსებულ რეალობას.

– პრემიერმა ვერ შეძლო ფასების კლებაზე დანაპირების შესრულება, არადა, ხალხი ელოდა ხან აპრილს, ხან მაისს, აგერ უკვე ივნისიც დადგა. . .

– ადრეც ვთქვით და ახლაც ვიტყვი, რომ პროდუქტებზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი კარტელების, კრიმინალური კლანების მიერ, რომლებსაც აყალიბებენ მდიდარი ბიზნესმენები კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად. ამ უკანასკნელების გარეშე კარტელი ვერ შედგება, რადგან საჯარო მოხელემ, თავისი საკანონმდებლო ბაზით და რაღაცებზე წაყრუებით, უნდა შეუწყოს ხელი კარტელის ფუნქციონირებას. კარტელების შექმნის სქემები დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მაშინ, 2010 წელს, მოვამზადე ამ თემაზე პირველი კანონპროექტი სააფთიაქო თემაზე, დიდი ამბავი მქონდა, მაგრამ პარლამენტმა ჩააგდო, ორჯერ ჩააგდო შემდეგ „ქართული ოცნების“ პარლამენტმაც. . . სააკაშვილის დროს დაწყებული ეს სქემა კლასიკურად დაიხვეწა, საბოლოო სახე მიიღო ამჟამინდელი ხელისუფლების დროს. კარტელებს შორის გადანაწილებულია საქართველოს სრული ეკონომიკა. არავის აქვს, მაგალითად, ბრინჯის ან მაკარონის შემოტანის უფლება კონკრეტული კარტელის გარდა.

– თუკი ვინმე გაბედავს და შემოიტანს, რა ემუქრება?

– საბაჟოზე გაუჩერებენ ტვირთს, რაღაცას გამოუგონებენ, ქაღალდებს დაუწუნებენ და სანამ ის პროდუქცია არ გაუფუჭდება, მანამდე არ შემოატანინებენ. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას, ძალიან დიდი უკმაყოფილება გაჩნდა ხალხში. ამ თემაზე კოლეგებთანაც მისაუბრია. ერთი ჩვევა მაქვს, შემიძლია კონკრეტულ პრობლემაზე გაუთავებლად ვილაპარაკო, სანამ არ გადაწყდება. . . იცით რა, უჟანგბადობა იგრძნობა სოციალურ გარემოში, უსამართლობა დუღს და გადადუღს, რასაც საკმაოდ კვალიფიციურად გამოეხმაურა ჩვენი პრემიერი. დადო ფაქტები, მოიტანა მაგალითები. . .

– კომისიაც ხომ შექმნეს?

– შექმნეს სრულიად სამარცხვინო კომისია, რომელიც დაკომპლექტდა მილიონერებით და სხვადასხვა კარტელების წარმომადგენლებით. ხომ გაგიგიათ, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავიო და თავის თავს ხომ არ დააზარალებდნენ?! იმუშავეს სამი თვე და როგორც კი პრემიერმა ამ თემაზე საუბარი დაიწყო, დემონსტრაციულად დაიწყეს პროდუქტებზე ფასების გაძვირება. ეს იყო ამ კრიმინალური ბანდის მიერ საკუთარი ძალის დემონსტრირება. ამით განაცხადეს, რომ ქვეყანას მართავენ არა პრემიერ-მინისტრები, არამედ – თავად. აქვე უნდა ვთქვა, შეიძლება ეწყინოს ბატონ ირაკლის, მაგრამ სრულიად სამარცხვინო კაპიტულაცია გამოაცხადა. ჯობდა, საერთოდ არ დაეწყო ამაზე საუბარი… ბოლოს, ლამის მე დამაბრალა ამ საკითხზე საუბრის წამოწყება.

– ამბობთ, რომ ეს კარტელები მთავრობის ზურგით გადიან. მაშინ რატომ არ უფრთხილდებიან მმართველი პარტიის იმიჯს, რომელიც ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში, თუკი სიღარიბეში აღმოჩენილი ხალხი აღარ მისცემს ხმას?

– მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგიათ? ამათაც ჭამის მადა ეზრდებათ და ეზრდებათ… ამ დროს კარგავენ სიფხიზლეს და რეალობის აღქმას. ადვილად შესაძლებელია, მოხდეს ისე, როგორც თქვენ თქვით, მაგრამ ახლა მშვიდად არიან, რადგან ალტერნატივა არ ჰყავთ. „შუა“ გაკრიფეს პოლიტიკურ სივრცეში და ახლა „შუა ფენას“ კრეფენ სოციალურ ველზე, ბოლომდე ატყავებენ. ისეთი კანონები აქვთ მიღებული, რომლითაც ძარცვავენ საშუალო ფენას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გაიღვიძებენ, თუ არადა – კისერს წაიტეხავენ. ან ერთი იქნება, ან მეორე. სხვაგვარად ვერ გაგრძელდება ეს სიტუაცია. იმდენი რამ ვიცი, რომ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. აი, საპენსიო ფონდი ხომ არსებობს, სადაც ადამიანებს შეაქვთ 5-6 ლარი ხელფასიდან. აი, ეს ფონდი იცით, როგორ ძარცვავს კომპანიებს და ამ ხალხს? 5 თეთრი რომ შეეშალოს ბუღალტერს გადარიცხვისას, საურავი უდიდეს თანხას აღწევს… აგერ ერთს 11 ათასი ლარი დაეკისრა, მეორეს – 4 ათასი. . . შეიძლება 4 თეთრი ოთხი ათასამდე ავიდეს? ეს ნორმალური სახელმწიფოა?

– თუ შეიძლება, უფრო დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

– ყოველი თვის 15 რიცხვში კომპანიები და შპს-ები ვალდებული არიან, შეავსონ დეკლარაცია, ხოლო მანამდე – გადარიცხონ ფული საპენსიო ფონდში, რაც ყოველთვის არ გამოსდით, რადგან თვის ბოლომდე, შეიძლება ერთი ან ორი მუშით მეტი ან ნაკლები ჰყავდეთ, რაც საანგარიშო მომენტში არ ჩანს. ასევე, ხდება, რომ ბუღალტერს მექანიკური შეცდომა მოსდის და მაგალითად, 75 ლარის და 80 თეთრის ნაცვლად გადარიცხოს 75 ლარი და სამოცი თეთრი. აი, ამ ოც თეთრზე ერიცხება საურავი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება… გეკითხებით, როგორ შეიძლება 20 თეთრი გახდეს 11 ათას 500 ლარი?.. კონკრეტული ფაქტები, ქვითრებიც მაქვს, რის საფუძველზეც ამას ვამბობ. ერთი, ორი და ათი კი არა – მასობრივ ხდება მსგავსი ფაქტები. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ შეუძლებელია ეს ცენტრალიზებულად არ ხდებოდეს, რადგან ამდენი ხნის მანძილზე ეს „თეთრი ლაქა“ არ სწორდება, ე.ი. მიზანმიმართულად ატყავებ ამ ხალხს. 20 თეთრისგან კაცი რომ 11 ათას 500 ლარს დააკისრებს გადამხდელს, იმის გამოსწორება არ იქნება, ის დაღუპვის გზაზე დგას უკვე. ასეთი ჩინოვნიკები უნდა ჩამოშორდნენ საჯარო სამსახურს მგლის ბილეთით.

– რას ფიქრობთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ შესახებ?

– ყველამ იცის, რომ ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად – პირს. მათ შორის კოჰაბიტაცია უკვე 12 წელია, გრძელდება. ამას არც მალავდნენ, გარედან დაგვავალესო. ბევრი რამ დაავალეს, მაგრამ ყველა ხომ არ გაუკეთებიათ, ეს აწყობდათ… 2022 წელს მართლაც წაკინკლავდა ერთმანეთში ეს ორი ძალა, უკრაინის ომში ჩართვაზე. აქ მართლაც ღირსეულად მოიქცა მთავრობა, საკუთარი ხალხი არ გაწირა, ამას ვერ დავუკარგავ, ამას ვაღიარებ და უსამართლობა იქნება სხვაგვარი ლაპარაკი, მაგრამ ახლა რადგან მიხვდნენ, რომ ვერ დაამხეს, რადგან ხალხმა მხარი დაუჭირა, ისევ ჩაერთნენ თამაშში… თავის მხრივ, „ნაციონალებიც“ მიხვდნენ, რომ შეუძლებელია ხელისუფლებასთან ბრძოლა, თუკი მოსახლეობის კონსოლიდაცია ხდება მის ირგვლივ. ლოზუნგებით ვერაფერს დააკლებდნენ, გამოდის, უნდა შემოჭრილიყვნენ სამხედრო ძალით, რასაც ვერ გაბედავდნენ, რადგან რუსეთი აგერ ჰყავთ ჩასაფრებული, რომელიც სხვა სამხედრო ჩექმის შემოსვლას არ დაუშვებს. . . ამიტომ აჯანჯლეს, აჯანჯლეს და მაინც გარიგდნენ, ხალხის ხარჯზე და ისევ განაახლეს პოლიტიკური ცირკი. აგერ დააბრუნეს ეკრანებზე, ჭუჭყიანი საცვლებივით გამოფინეს ის ხალხი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნებისას გვეუბნებოდნენ, გავასამართლებთო და დებატობანას ეთამაშებიან… ჯერ შეიტანეს სასამართლოში სარჩელი და შემდეგ – გამოიტანეს… პაპუაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ინტელექტუალია მათ შორის, ამბობს, იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ჩერგოლეიშვილი გამოგვრჩაო. რაღას გამოჰქონდათ, მეორე სარჩელი შეეტანათ პირადად მასზე, რა პრობლემა იყო… უბრალოდ, დრო გაწელეს.

– თქვენი აზრით, შემდეგ არჩევნებზე ისეთივე სიტუაცია იქნება და ისევ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს?

– აბა, რატომ დაიწყეს ამათთან დებატები? ისევ ამ არჩევანის წინაშე დავდგებით და იმათ ფონზე „ესენი“ რომ უკეთ გამოიყურებიან, რად უნდა ლაპარაკი… იგივე კარტის გათამაშებას აპირებენ. პოსტიც დავწერე სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე – „პოლიტიკური ცირკი დაბრუნდა“, შეგიძლიათ გაეცნოთ. . .

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *