ივანე ჩხაიძე: საქართველოში ამჟამად მსუბუქი რესპირაციული ვირუსები ჭარბობს, თუმცა კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება
„საქართველოში ამ ეტაპზე ძირითადად არამძიმე და გაურთულებელი მიმდინარეობის რესპირაციული ვირუსებია გავრცელებული“ – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ამჟამად ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი ჭარბობს, რომლებიც უმეტესად, გაციებისა და გაციების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს.
ჩხაიძის თქმით, აღნიშნული ვირუსებისთვის დამახასიათებელია ხველა, ცემინება, ცხელება, მაღალი ტემპერატურა, სურდო, ყელის ტკივილი, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებში – კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე.
მისივე ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც პაციენტები არამძიმე პნევმონიის სიმპტომებით მიმართავდნენ ექიმებს, ფიქსირდებოდა „ბ“ ტიპის გრიპის შემთხვევებიც. ამასთან, სტაციონარებში მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს, უფრო ხშირად კორონავირუსი გამოვლინდა, ვიდრე გრიპი.
„თუ შევაჯამებთ ახლა რა ხდება საქართველოში, ჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები – ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი. ეს ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს. პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც მიმართვა განპირობებული იყო არამძიმე ფილტვების ანთებით, ფიქსირდებოდა „ბ“ ტიპის გრიპის შემთხვევები. სტაციონარებში მძიმე, მწვავე რესპირაციული ვირუსის უკან ფიქსირდება არა გრიპის, არამედ კორონავირუსის შემთხვევები. არ არის მომართვა გაზრდილი ან მომატებული. მომართვა თანდათან შემცირებისკენ მიდის. მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში მომართვა კიდევ უფრო შემცირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება.
„როგორც უკვე აღვნიშნე, სტაციონარებში დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობისას, კორონავირუსი დაფიქსირდა. ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ მიუთითებს, რომ კორონავირუსი კვლავ არსებობს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.