ირაკლი კობახიძე: „ჯარის ბანაკი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჯარის ბანაკი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია.
პრემიერის თქმით, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
„დარწმუნებული ვარ, ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და, საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება, ადგილზე ნახოთ, როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯარის ბანაკს“ წელს პირველად დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება გექნებათ. უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტს ახორციელებს. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში“. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.