აჭარა საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის მზადააა
By

აჭარა საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის მზადააა

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის პრაგმატული პოლიტიკა ეფუძნება სიძლიერეზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასა და თითოეული თანამშრომლის როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ტურიზმის განვითარების პროცესში.

– ბათუმი მზადაა საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა.

როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებასა და პროგრესზე, თითოეული თანამშრომლის როლი არის განსაკუთრებული. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი ერთიანობა და კოორდინირებული საქმიანობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გახსნა და ტურისტული სეზონის გახსნისთვის შესაბამისი სტრუქტურების სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.

– აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია. მიმდინარე ტურისტულ სეზონს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვდება განახლებული ტექნიკური საშუალებებითა და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აჭარაში მილიონობით ვიზიტიორი გვყავს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტიორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყანა – საქართველო კვლავ რჩება როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *