მთავრობის თავმჯდომარე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
By

მთავრობის თავმჯდომარე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.საუკუნის პროექტადაა წოდებული ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ხულო-ზარზმის 47- კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობა. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პარალელურად, კურორტ გოდერძიზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება.

ხულო-ზარზმის გზის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. 47-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 41 კილომეტრზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6 კმ-დან 3 კილომეტრზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაცდელების, საყრდენი კედლების მოწყობა, მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრება და ჭაბურღილების ამოღება. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება.

მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის მოსაცდელის მშენებლობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს კურორტ გოდერძის ოთხი სეზონის მანძილზე სრული დატვირთვის პერსპექტივას, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მთიან აჭარაში იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ასევე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში ტრანსპორტით მიმოსვლას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და გაზრდის კურორტების – გოდერძისა და ბეშუმის საინვესტიციო მიმზიდველობას.

„მთიან აჭარაში დავათვალიერეთ ფერდამაგრი სამუშაოები და გავეცანით ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სამშენებლო კომპანიები სრულად არიან მობილიზებულები და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა პროექტი უმოკლეს ვადაში დასრულდეს. ჩვენი მიზანია, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას შორის გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული და უსაფრთხო, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას. კურორტ გოდერძიზე აქტიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ახალი ობიექტები ხელს შეუწყობს კურორტის სრულფასოვან განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას. შეხვედრები გავმართეთ როგორც მშენებლებთან, ისე ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებთან და ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები და ის საჭიროებები, რომლებიც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *