„ფერთა სიმფონია“ – მუზეუმი ასმარ ნარიმანბეკოვას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
By

„ფერთა სიმფონია“ – მუზეუმი ასმარ ნარიმანბეკოვას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

აჭარის ხელოვნების მუზეუმში საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ასმარ ნარიმანბეკოვას ნამუშევრების გამოფენა – „ფერთა სიმფონია“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები. მხატვრის შემოქმედება ფართოდ ასახავს აზერბაიჯანის მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს.

ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი, მხატვრის მეგობრები და მოწვეული სტუმრები.

დამსწრეთ მიესალმა კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე. მან ხაზი გაუსვა მხატვრის გამორჩეულ შემოქმედებას, მის წვლილს ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მხარდაჭერასა და საერთაშორისო პროექტებში ჩართვაში და სამინისტროს მადლობის სიგელი გადასცა.

-კულტურული დიალოგი, კულტურული მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ასე მჭიდროდ აერთიანებს, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ამის გამოვლინებაა ქალბატონი ასმარის არაჩვეულებრივი გამოფენა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული ფუად აზიზოვი და მხატვარი ასმარ ნარიმანბეკოვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

ასმარ ნარიმანბეკოვას დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია. იგი არის აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი, საფრანგეთის ხელოვნების, მეცნიერებისა და ლიტერატურის საზოგადოების მედლის მფლობელი, იუნესკოს ასოციაციის წევრი, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში.

– ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი პერსონალური გამოფენა იმართება ქალაქ ბათუმში, სადაც ძალიან თბილად დამხვდნენ. აქ იყვნენ ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვსწავლობდი თბილისში, სამხატვრო აკადემიაში. ბედნიერი ვარ, რადგან კარგი პროექტი გამოვიდა. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც დაესწრო გამოფენას, ვინც უამრავი სითბო და სიყვარული მაჩუქა, – აღნიშნა ასმარ ნარიმანბეკოვამ.

მუზეუმში მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება 24 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *