ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპელ კოლეგებთან საქართველოს უსაფრთხოების, შიდა საქმეებში ჩარევისა და ორმაგი სტანდარტების საკითხები განვიხილეთ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართული ვიზიტების ფარგლებში, ევროპელ კოლეგებს ქართული მხარის ის წუხილები გააცნეს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე „ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას“ უკავშირდება.
სამხარაძის თქმით, შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები იყო. მათ ევროპელ პარტნიორებს აუხსნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკურ ან სოლიდარობის ჭრილში არ განიხილება.
„ჩვენ წარვუდგინეთ ის წუხილები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა და მუდმივი მოწოდებები, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესოს“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს განუმარტა, რომ „საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების დამატებითი ესკალაცია და სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიოს, მიუღებელია“.
სამხარაძის განცხადებით, შეხვედრებზე ასევე განიხილეს „საქართველოს შიდა საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში ჩარევის“ საკითხი, სადაც, ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობდა თანხმობა, რომ უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა კანდიდატი ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში მიუღებელია.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი შეეხო საპროტესტო აქციებსაც. „როდესაც იწვის პარლამენტის შენობა, ზიანდება ინფრასტრუქტურა და დაშავებული არიან პოლიციელები, ასეთ მოვლენებს მშვიდობიანი პროტესტის შეფასება ვერ მიეცემა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – აღნიშნა მან.
სამხარაძემ ასევე, ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ „ორმაგ სტანდარტებზე“ და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეიმჩნევა იმედგაცრუება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის არქონის გამო.
ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „სავიზო დიალოგი ჩვეულებრივი ტექნიკური პროცესია“ და დახურული შეხვედრების დეტალების მედიაში გაჟონვა ევროკავშირთან ნდობის კუთხით პრობლემურია.