გიგა ფარულავა: ევროპა საქართველოს არ ებრძვის, ის ხელისუფლებას აკრიტიკებს
By

გიგა ფარულავა: ევროპა საქართველოს არ ებრძვის, ის ხელისუფლებას აკრიტიკებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ფარულავას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე კვლავ აქტუალურია და ამის დასტური ევროპული ინსტიტუტების ბოლო შეფასებებია.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ფარულავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში ქმნის ილუზიას, თითქოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე დაძლეულია, თუმცა, მისი თქმით, რეალური ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს.
„ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, პოლიტიკური დევნა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, ევროპის უმწვავესი კრიტიკის საგანია“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია, „სისტემური თავდასხმების სამიზნეა“, ხოლო ქვეყანაში „დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტდება და სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩება“.
ფარულავას შეფასებით, „დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აღარ განიხილავს სანდო პარტნიორად“, რაც, მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
„შეუძლებელია ევროკავშირთან ნდობის აღდგენა მაშინ, როდესაც ყოველდღიურად უტევ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ახალგაზრდებსა და საკუთარ მოქალაქეებს“, – აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, „ყველაზე დიდი ტყუილი“ არის მოსაზრება, თითქოს ევროპა საქართველოს ებრძვის.
„ევროპა საქართველოს არ ებრძვის. ევროპა აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც კი დააშორა ევროპულ გზას“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *