გიორგი შარაშიძე – ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის პარტიაში ამ საკითხით არ ინტერესდებიან.
მისივე თქმით, ეს საკითხი მოქალაქეებისთვისაც მეასეხარისხოვანია.
„ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემებიდან არათუ მეორეხარისხოვანი, არამედ მეასეხარისხოვანია. ამ ფონზე, საკითხის გარჩევა არასერიოზულია. არც გვაინტერესებს და ჩვენი საქმე არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად თუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ინტერესი, ყურადღება გადაიტანოს, ვინ შეიძლება გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ უპასუხისმგებლობას“, – განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძის განმარტებით, პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია.
„ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის ფარგლებშიც და ალიანსს მიღმაც წითელი ხაზია, წერტილი. ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზი იყო, არის და მომავალშიც წითელი ხაზი იქნება. ალიანსში დარჩება, თუ ალიანსს მიღმა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.