მინისტრი სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
By

მინისტრი სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოსა და მერისში მიმდინარე სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილზე არსებული ვითარება დაათვალიერა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი რეგიონის სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას და სოფლის განვითარებას. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას“, – განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხების დაზიანებულ მონაკვეთებზე მოეწყო პოლიეთილენისა და ფოლადის მილები. ასევე, არხი სრულად გაიწმინდა. აღნიშნული არხის საერთო სიგრძე 4 კილომეტრია, რომელიც 60-მდე ოჯახს მოემსახურება, ხოლო გასარწყავიანებელი ფართობი 50 ჰექტარს შეადგენს.

2026 წელს ქედის მუნიციპალიტეტში მოწესრიგდება 10 სარწყავი არხი, რომელთა საერთო სიგრძე 23,440 კილომეტრია. ასევე, მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება 8 სარწყავ არხს, საერთო სიგრძით 19,400 კილომეტრი.

„სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის“ ფარგლებში, 2026 წელს, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული 5 სარწყავი არხის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, პროგრამით, მოვლა-შენახვის ღონისძიებების ფარგლებში, დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 25 არხს.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *