„…ცაში იხილა ირანული დრონების კოორდინირებული ჯგუფი, რომელიც მედუზას ჰგავდა“
პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ირანში ჩამოგდებული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის პილოტის მიერ მონათხრობ საინტერესო ფაქტს. როგორც ის წერს, „პილოტი დაზვერვის ოფიცრებთან დაკითხვისას ყვება, რომ აპრილში ოპერაციის დროს, ცაში იხილა ირანული დრონების კოორდინირებული ჯგუფი, რომელიც მედუზას ჰგავდა. მისი თქმით, რამდენიმე დიდი დრონი ერთმანეთთან დაკავშირებულად, ერთიანი ორგანიზმით მოძრაობდა, ხოლო მათ ქვემოთ, ფეხებივით, შედარებით პატარა დრონები იყვნენ განლაგებული.
მფრინავმა ამას „დრონების ნაღმების ველი“ და „უცხოპლანეტური რამ“ უწოდა. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა თავდაპირველი შეფასებით, სწორედ დრონების ამგვარმა ერთიანმა, კოორდინირებულმა ფორმაციამ მისცა ირანს საშუალება, ჩამოეგდო ამერიკული გამანადგურებელი F-15. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ირანმა აშშ-ის პილოტირებული გამანადგურებელი ჩამოაგდო“.
ანალიტიკოსის თქმით, ამერიკელი სამხედროები და ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგან დრონების ამგვარი სინქრონული მართვა და გეომეტრიული ფორმის შენარჩუნება ირანული ტექნოლოგიების სერიოზულ და საშიშ წინსვლაზე მიანიშნებს. თუ უპილოტო საფრენი აპარატების გუნდს შეუძლია ერთიანი ფორმით ფრენა, ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანა და შეტევის ტალღების კოორდინაცია, ეს აშშ-ის თავდაცვის სისტემებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამავდროულად, დაზვერვის გარკვეულ წრეებში არსებობს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად ზუსტია პილოტის ნაამბობი. არსებობს ვერსია, რომ კატასტროფის დროს მან შესაძლოა ტვინის შერყევა მიიღო. გარდა ამისა, ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა ამ ოპერაციის ფარგლებში, როდესაც აღნიშნული პილოტის ეკიპაჟი ჩამოვარდა (პირველად ქუვეითის სამხედროების მხრიდან „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად).