მსოფლიო სერიების მესამე ეტაპი დასრულდა
ბათუმმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების მესამე ეტაპს უმასპინძლა, რომელშიც 22 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატი ჯამში ხუთ სერიას მოიცავს, ხოლო ფინალურ სერიაში გამარჯვებული ხუთივე ეტაპზე დაგროვილი ქულებით გამოვლინდება. ღონისძიება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.
ბათუმში ჩატარებულ მესამე ეტაპში საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვა. ბათუმური სერიის ჩემპიონი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ჩხიტუნიძე გახდა, რომელმაც ოქროს მედალი პორეჩეში გამართულ მეორე სერიაზეც მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს დავით ფარტენაძე 70 კილოგრამში, ევსემი შველიძე და მამუკა კორძაია შესაბამისად, 90 და პლუს 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში დაეუფლნენ.
ტურნირის მიმდინარეობისას, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ქვიშის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა, სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოსა და აჭარის სპორტის სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები დააჯილდოვა. საგანგებო ჯილდო ქართულმა მხარემ სტუმარსაც გადასცა.
ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების მესამე ეტაპის გახსნისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი აბულაძე, რავშან ბეჟანიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და მოადგილე ასლან ბალაძე დაესწრნენ.
მანანა ძიძიშვილი