25 მილიონი დოლარი ფოთის პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, – ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის 50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.
DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.