სამშობლოზე, პროფესიაზე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი
2026 წლის 23 ივნისს მძიმე დანაკლისი განიცადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, მათემატიკის დეპარტამენტის წევრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა ბახტაძე.
შალვა ბახტაძე დაიბადა 1952 წლის 29 მარტს შუახევის რაიონის სოფელ ცინარეთში. 1969 წელს დაამთავრა შუახევის რაიონის უჩამბის საშუალო სკოლა, 1973 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა -მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობა.
1973-1974 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის სოფელ ბრილის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ და მასწავლებლად, 1974-1975 წლებში – შუახევის განათლების განყოფილებაში. 1975 – 1976 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. 1976-1979 წლებში იყო ბარათაულის საშუალო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებლი, 1979-1983 წლებში – დაბა შუახევის საშუალო სკოლის დირექტორი და მასწავლებლი.
შალვა ბახტაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიზნობრივი ასპირანტურის დასრულების შემდეგ, 1990 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით – „გეომეტრია და ტოპოლოგია“, მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1986 წლიდან დღემდე უწყვეტად მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე – უფროსი მასწავლებლის, ასოცირებული პროფესორის და სხვა, 1991 წლიდან 2005 წლამდე უწყვეტად გახლდათ ბსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი.
იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ანალიზურ გეომეტრიაში, გეგმილურ გეომეტრიაში, ალგებრულ ტოპოლოგიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, ტოპოლოგიურ ჯგუფებში, მათემატიკურ ლოგიკაში, უმაღლეს მათემატიკაში, წრფივ ალგებრასა და ანალიზურ გეომეტრიაში და სხვ. მისი ინტერესების სფერო გახლდათ „ალგებრული ტოპოლოგია“ , გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელო „მათემატიკა უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის“, გამოსაცემად მზად ჰქონდა მონოგრაფია „კომპაქტურ ტოპოლოგიურ სივრცეთა წყვილებისათვის პროექციული (ჭოღოშვილის) და სპეციალური ჰომოლოგიების შესახებ“.
შალვა ბახტაძეს დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში. ახალგაზრდებისა და მათემატიკის განსაკუთრებული სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ორგანიზატორული ნიჭი გახდა ბევრი ახალგაზრდის პედაგოგიური პროფესიით და მეცნიერებით დაინტერესების ინსპირაცია.
მოღვაწეობის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოზე, პროფესიაზე და საქმეზე შეყვარებულმა ადამიანმა, მეცნიერმა, ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტმა აღმზრდელმა.
წავიდა ჩვენგან ღირსეული პიროვნება, სულით ძლიერი, მოაზროვნე, მომავლის მჭვრეტელი, ერთგული კოლეგა, მეგობარი, მოქალაქე, მეუღლე, მამა და ბაბუა.
შალვა ბახტაძის სახელი მარად დარჩება მეგობრების, კოლეგებისა და სტუდენტების მეხსიერებაში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი,
მათემატიკის დეპარტამენტი