რა აქცენტები გააკეთა პრემიერმა პარლამენტში – ხელფასების ზრდიდან ანაკლიის პორტამდე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში „საშუალო ხელფასი ერთ წელიწადში 312 ლარით გაიზარდა და 2025 წელს 2 283 ლარს მიაღწია“. მისივე თქმით, ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასის ზრდა ინფლაციას 7,5-ჯერ უსწრებდა, რაც, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე, ისაუბრა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7,6%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა“. პრემიერის თქმით, „ლარის კურსი სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ხოლო ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ – 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მიმართულებაზეც. მისი განცხადებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, 250 ათასი ლარი დაიზოგა, ხოლო შემოსავლები 47%-ით გაიზარდა. კობახიძემ ასევე, განაცხადა, რომ „ფოთში ახალი ნავმისადგომი აშენდება ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით“.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, პრემიერის თქმით, „60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზმომარაგების ქსელში, ხოლო აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველომ ორი მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის მიწოდების გარანტია მიიღო“.
კობახიძემ ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც და აღნიშნა, რომ „კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად, ქვეყანამ 52,5 მილიონი დოლარი დაზოგა“.
ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც, მისი თქმით, „2031 წლისთვის 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტისა და მესტიის ახალი ტერმინალის მშენებლობა“.
სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში, პრემიერის განცხადებით, „ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი“, ხოლო ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, სულ მცირე, ერთი სერტიფიცირებული ავტოსადგური იფუნქციონირებს.
მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სფეროც შეაფასა და აღნიშნა, რომ „2025 წელი რეკორდული იყო – ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს 7,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია“.
პრემიერის თქმით, „მეწარმეობის მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 1 279 მეწარმე დაფინანსდა, ხოლო სხვადასხვა პროექტის შედეგად, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“.