ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
„ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.