ინფრასტრუქტურული სამუშაოები – დაბა შუახევში
საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლა, ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.
სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება თამარ მეფის, ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. პროექტით გათვალისწინებულია შენობების გარე ფასადების, სადარბაზოების კიბეების, მოაჯირების, ფანჯრებისა და კედლების დამუშავება-შეღებვა, ასევე, სახურავების სრული რეაბილიტაცია, საცხოვრებელ სახლებთან მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა. სპორტული ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ფერდსამაგრი კედელი. დაგეგმილია გზის გაფართოება.
აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე, ინტერნეტიზაციის სამუშაოები. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე ხორციელდება გზების აღდგენა და ასფალტის საფარის დაგება.

– აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაბის ცენტრის გამშვენიერებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას. მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძესა და მერიის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად გავეცანი,- თქვა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.
ოთარ ცინარიძე