„რატომ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეზობელ დედაქალაქებს, მაშინ როდესაც…“
By

„რატომ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეზობელ დედაქალაქებს, მაშინ როდესაც…“

პოლიტანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მხოლოდ მშრალი, უემოციო ფაქტების თვალსაზრისით, უკანასკნელი რეგიონალური სურათი საკმაოდ საინტერესოა. მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ აზიაში ვიზიტიდან ბრუნდებოდა პრაქტიკული შეთანხმებების პაკეტებით, სატრანზიტო თანამშრომლობის, საბაჟო პროცედურების გაციფრების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ მიღწეული კონკრეტული შედეგებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი თურქეთში ვიზიტს ძირითადად უკვე არაერთხელ მოსმენილი „ბლя-ბლя-ბლя“ თემების განხილვითა და განცხადებების გაცვლით ასრულებდა. ბევრი ითქვა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკაზე, და არაფერი აღმოჩნდა ისეთი, რაც კონკრეტულ შედეგად შეიძლება შეფასდეს.

არანაკლებ საყურადღებო იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტიც. ერევანში გაჟღერდა ფინანსური დახმარების ახალი პაკეტები და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების დაპირებები – „ღია კარებში“ დგომის მომდევნო ნომინანტის საპატიო წოდების თვალსაზრისით. ბაქოში კვლავ განიხილეს გაზის მიწოდება, სატრანსპორტო დერეფნები და თანამშრომლობის პერსპექტივები, ოღონდ მორიგ ჯერზე, ამ სამარშრუტო რუკაზე საქართველოს ჯიუტი იგნორირებით. თუმცა, თუ ხმაურიან სათაურებს მოვაშორებთ და საბოლოო შედეგებს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ აქაც რევოლუციური გადაწყვეტილებები არ მიუღიათ – საქმე უფრო უკვე არსებული პროცესების დადასტურებას ეხებოდა, ვიდრე სრულიად ახალი პროექტების დაწყებას.

ამ ფონზე ჩნდება საკმაოდ არასასიამოვნო კითხვა: თუ საქართველო დღეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა, თუ მის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტები, თუ ხორციელდება ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, მაშინ რატომ სტუმრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები მეზობელ დედაქალაქებს, ხოლო თბილისს გვერდს უვლიან? ამით ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს ჩუქნიან: სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება. სულ უფრო გვაგონებს ეს მიდგომა რუსეთის დამოკიდებულებას მავზოლეუმის მიმართ: სანამ ლენინს არ მარხავენ, მანამდე ის ცოცხალია. ანალოგიური მიდგომა აქვს კოლექტიურ „ურსულა/კალასებს“ ჩვენი რადიკალების მიმართ: არ ვასაფლავებთ – ესე იგი „жили, живы и будут жить“.

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *