„ფესვები საქართველოა“ – პრეზენტაცია გონიოს ციხეში
By

„ფესვები საქართველოა“ – პრეზენტაცია გონიოს ციხეში

გონიოს ციხე აფსაროსის ტერიტორიაზე პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში თეატრალური ჩვენების „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციის „მომავლის პალიტრა“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. პროექტში ჩართული იყვნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 8 წლიდან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები და აფხაზეთიდან დევნილი პატარები. ღონისძიების ფარგლებში წმინდა მატათა მოციქულის საფლავთან პარაკლისიც გადაიხადეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ჯაყელი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, სასულიერო პირები, სხვა საჯარო მოხელეები და მონაწილეთა მშობლები.

პროექტი ატარებს სოციალურ-საგანმანათლებლო ხასიათს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართული კულტურის, ისტორიისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას.
პროექტის მთავარი მიზანია მომავალ თაობას, არაფორმალური განათლების ფარგლებში, დაეხმაროს საქართველოს ისტორიის, წარსულის გახსენებასა და ცოდნის მიღებაში, მოახდინოს ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარიზაცია და ხელი შეუწყოს როგორც ქვეყის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში ეროვნული სულისკვეთებისა და ქართული იდენტობის შენარჩუნებას. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ბავშვების კულტურულ, შემეცნებით, სპორტულ და სოციალურ განვითარებას, ასევე მათთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, გაიმართა სპეციალური ექსკურსია-შემეცნებითი ტური, დაიდგა სცენური წარმოდგენა (მიზანსცენები), რომელიც პროექტის ფარგლებში, 2023 წლიდან დღემდე ჩატარებული თეატრალური ჩვენებებიდან იყო მომზადებული. 2025 წელს თეატრალურ ჩვენებაში ,,შეხვედრა კლასიკოსებთან“  მონაწილე ბავშვებსა და პროექტში ჩართულ პირებს დიპლომები გადაეცათ (კონკრეტული თეატრალური წარმოდგენა მხარდაჭერილია აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის თავისუფალი შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის ფარგლებში). „მომავლის პალიტრის“ სატელევიზიო პროექტ ,,პატარა ამბების“ ყოფილმა წევრმა ლიკა ჩხუბაძემ სტუმარ ბავშვებსა და დასის წევრებს საჩუქრად წიგნები გადასცა. გაიმართა შერეული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლაც, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული საბრძოლო ხელოვნება – დიჩინი“ წარმოადგენდა. ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი“ მუსიკალური ნომრებით იყო წარმოდგენილი. ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების სახალხო თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს თეატრალური ჩვენება ,,ზევით ყვავილებთან მინდა“ (დამდგმელი რეჟისორი – ნათია მახაჭაძე). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროგრამის „ღია სახალისო ფეხბურთი“ ფარგლებში პატარებს ასევე გადაეცათ სპორტული მაისურები და ფეხბურთის ბურთები (უეფას წარმომადგენელი – მამუკა კვარაცხელია). ასევე, განიხილეს 2026 წლის თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“, რომელიც საქართველოს ისტორიას მოიცავს.

– ჩვენი დევნილი ახალგაზრდებისთვის, მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივად ვახორციელებთ  სხვადასხვა ღონისძიებას და ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გონიოს ციხის ეზოში პარაკლისი აღევლინა მოციქულ მატათას საფლავთან. სულიერი, ღირებულებითი თუ ისტორიული სიწმინდის გაფრთხილებით ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორიული საგანძური და ღმერთმა ქნას, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ძალიან მალე გვეზეიმოს და პარაკლისი აღგვევლინოს აფხაზეთში, წმინდა სვიმონ კანანელის საფლავზე, – განაცხადა აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

– დღეს ჩვენთან ერთად არიან ადგილობრივები, დევნილები, სტუმრები და დასაფასებელია ყველაფერი ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. განსაკუთრებული სულისკვეთებაა ამ კუთხეში, ჩვენს ულამაზეს აჭარაში, მინდა, რომ მთელ საქართველოში ასე იყოს. ეს არის ის შინაარსი, ის სუნთქვა, რაც ახასიათებს ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

– ძალიან ბედნიერი ვარ ამ პროექტში მონაწილეობით, საპასუხისმგებლო როლი მაქვს – ახალ სპექტაკლში კვლავ ვრჩები პერსონაჟი ილია. სპექტაკლის შინაარსი, გზა – ,,ილია მართალიდან ილია მეორემდე “ არის აბსოლუტურად სხვა პასუხისმგებლობა, – გვითხრა ილია ჭავჭავაძის როლის შემსრულებელმა ნიკა თურმანიძემ.
თეატრალური წარმოდგენის „ფესვები საქართველოა“ სცენარის პრეზენტაციით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმ ფესვების გაძლიერების გზაზე, რომელიც ჩვენს ისტორიას, კულტურას, მეხსიერებასა და მომავალ თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა იკვეთება აფხაზეთის თემასთან მიმართებით – შერიგების, ურთიერთგაგებისა და საერთო ღირებულებების კონტექსტში. 21-ე საუკუნის ციფრულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობებს საკუთარი ისტორიისა და კულტურის მიმართ კავშირი თანამედროვე და საინტერესო ფორმებით შევუნარჩუნოთ. სწორედ ეს არის „ფესვები საქართველოა“, გზა, რომელიც წარსულს მომავალთან აკავშირებს. პროექტის ძალა საზოგადოების ჩართულობაშია, რადგან მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ის, რაც ჩვენი იდენტობის საფუძველია. მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაკუთრებული დღე გონიოს ციხეზე, ისტორიული მნიშვნელობის სივრცეში გაიმართა, ადგილას, სადაც ჩვენი წარსულის ხმა დღემდე ცოცხლობს. დღეს კიდევ ერთი ახალი გვერდი გადაიშალა იმ დიდ გზაზე, რომელსაც „ფესვები საქართველოა“ ჰქვია. სპექტაკლის პრემიერა სექტემბერში გაიმართება. – გვითხრა სოციალური საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელმა თამარ ტუღუშმა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *