რატი ჩიბურდანიძე: მთავარია, საქმე, რომელსაც აკეთებ, გიყვარდეს
ხელოვნებათმცოდნეობა მრავალმხრივი და საინტერესო სფეროა. აჭარაში ამ პროფესიას არაერთი ადამიანი ემსახურება და თანაც მაღალპროფესიულად. დღეს ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, პროფესორ რატი ჩიბურდანიძეს, რომელიც ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ასწავლის, პარალელურად, აჭარის ხელოვნების მუზეუმში სახვითი ხელოვნების კოლექციების კურატორი გახლავთ. დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, დაამთავრა მეორე საჯარო სკოლა. თავს ბედნიერად თვლის, რომ ბავშვობიდანვე თბილ ატმოსფეროში მოხვდა. კლასელებიდან და მასწავლებლებიდან მიღებული სიყვარული დღემდე მოჰყვება.
– რატი, ბავშვობაში ხატავდით?
– არა, არასოდეს დამიხატავს. თავდაპირველად, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი პირველი პროფესიაც ეს იყო, თუმცა ამ განხრით არასოდეს მიმუშავია. შემდეგ თბილისის ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე და იქიდან მოყოლებული, ამ სფეროში ვარ. ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა, პოეზია, სახვითი ხელოვნება.
– მუზეუმებში ხშირად დადიოდით?
– შეიძლება ითქვას, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ვარ გაზრდილი, სკოლასთან ახლოს იყო და მთელი კლასი დავდიოდით, განსაკუთრებით ბიჭები, სადაც მაშინ ძალიან საინტერესო ექსპონატები იყო – ორთავიანი ხბო, ასევე დიდი თინუსი („ტუნეცი“), ბავშვები ვგიჟდებოდით მასზე. კვირაში ერთხელ მაინც ვნახულობდით…
– ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ ამ მუზეუმიდან მომავალ პროფესიაში ბავშვობიდანვე რაღაც ჩაიდო.
– ალბათ, ასეცაა. ეს მუზეუმი, რომელიც მართლაც საინტერესოა, დღემდე აგრძელებს წარმატებით ფუნქციონირებას. მერე, საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფაქტი მოხდა – მუშაობა მხატვართა სახლში (რუსთაველზე იყო მაშინ) დავიწყე და მოგვიანებით, როცა 1998 წლის 19 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა, შესანიშნავმა მხატვარმა და პიროვნებამ, ბატონმა ბესო ბესელიამ ხელოვნების მუზეუმში ხელოვნებათმცოდნის თანამდებობაზე მუშაობა შემომთავაზა. მაშინ დირექტორი ქალბატონი ნინო ნიჟარაძე გახლდათ. მას შემდეგ აქ ვმუშაობ.
– ხშირად მოგმართავენ კომენტარისთვის. საინფორმაციო საშუალებებისათვის მიცემული პირველი ინტერვიუ თუ გახსოვთ?
– სხვათა შორის, გამიმართლა და მოხდა ისე, რომ როცა მხატვართა სახლში ვმუშაობდი, იმ პერიოდში ბესო ბესელიასა და ნინო ნიჟარაძის, მათი შვილების ოჯახური გამოფენა მოეწყო და მხატვარმა თამაზ დიასამიძემ, რომელიც ამ გალერეის დირექტორი იყო, სტატიის დაწერა შემომთავაზა. ეს იყო ჩემთვის პირველი და ძალიან ვინერვიულე, მაგრამ გამიმართლა, რომ ასეთ მხატვრებზე საგაზეთოდ მთელი გვერდი სტატია დავწერე, რომელიც ფოტოებით დაიბეჭდა და მოწონებაც დაიმსახურა. ბატონმა ბესომ მადლობა გადამიხადა, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამის შემდეგ, ასე, ნელ-ნელა მოვდივარ. შემდეგ დისერტაცია დავიცავი ბსუ-ში მხატვრებზე – მე-20 საუკუნის 70-იანელებზე. ამჟამად ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლავართ, სადაც 1997 წლიდან ვასწავლი.
– რომელი ეპოქაა თქვენთვის უფრო საინტერესო?
– დისერტაცია თანამედროვე ეპოქაზე დავიცავი და აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართული ხელოვნების დარგში ვარ სპეციალისტი, ანუ ჩემი მიმართულება თანამედროვეობაა.
– ალბათ, გიყვართ ძველი საუკუნეების ეპოქაც?
– რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო უნდა გიყვარდეს, არამედ უნდა ერკვეოდე კიდეც მასში. განსაკუთრებით მიყვარს ანტიკური ხანა, რენესანსი…
– რა კრიტერიუმით ფასდება ნამუშევრები, ადრე სხვაგვარად აფასებდნენ, ახლა – სხვაგვარად, როგორც შინაარსით, ისე შესრულების ტექნიკით…
– ჩემთვის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს – როგორც შუქნიშანი ანთებს სხვადასხვა ფერებს, ასევეა, ჩემთვის ხელოვნების ნაწარმოები. სურათს რომ შეხედავ, თუ გულში შუქი აგინთო…- თვალი, ტვინი, გული – ეს სამი ორგანო აღიქვამს და როცა ეს აღქმა ხდება ნაწარმოებსა და მაყურებელს შორის, მაშინ ეს ნაწარმოები ღირებულია. ეს მე არაერთხელ განმიცდია და უდიდესი ბედნიერებაა.
– როგორია თანამედროვე ხელოვნების მთავარი ტენდენციები?
– ეს რთული შეკითხვაა, იმიტომ, რომ იგი მრავალფეროვანი და გლობალურია… რა თქმა უნდა, გლობალიზაციამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მას თავისი შედეგები მოაქვს. ამას კიდევ ტექნიკური საშუალებები ემატება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტი… ეს კიდევ ერთი „გაჭირვებაა“. ციფრულსაც იყენებენ… რა თქმა უნდა, ამით სულიერი მომენტები დაიკარგება, სამწუხაროდ, ეს სერიოზული საკაცობრიო პრობლემაა. ხელოვნური ინტელექტის, ზოგადად, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ჩარევა ადამიანის ინტელექტუალურ სფეროში, ჩემთვის მიუღებელია… ალბათ, ძალიან ძველი ყაიდის ვარ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.
– შეიძლება შეიქმნას შედევრი ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ტანდემით?
– არ ვიცი… ეკრანებზე გაცოცხლებულ სურათებს რომ ვუყურებ, აი, მაგალითად, საბაგიროზე რომ ადიხარ, ციფრულ სივრცეში არის ეს გაცოცხლებული… კარგი, შეხედავ და მერე რა? ფიგურები მოძრაობენ და ეს ყველაფერი ჩანს ეკრანზე… პირადად ჩემთვის ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობისთვის.
– ქართულ ხელოვნებაში დღეს რა არის გამორჩეული ან ძველად რა იყო უფრო აქტუალური და რა შეიცვალა?
– ჩვენ, ქართველები, ძალიან ნიჭიერი ერი ვართ, ღვინის, ხორბლის… და ასე შემდეგ, ქვეყანა რომ ვართ, ეს საბედნიეროდ, მთელმა მსოფლიომ იცის. თანამედროვე ხელოვნებაში, ამ შემთხვევაში სახვით ხელოვნებას ვგულისხმობ, ქართველებს ჩვენი საკუთარი სკოლა გვაქვს. ზოგადად, ქართულ თანამედროვე მხატვრობას (მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული) აქვს თავისებური ხელწერა. ის, რაც ქართველ მხატვარს სხვა ეროვნების მხატვრისგან განასხვავებს, არის თავშეკავებული კოლორიტი, რაღაც ექსპრესიული გამომსახველობა, გარკვეული დეკორატიულობაც. თანამედროვე ქართული მხატვრობა ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ის მაინც გამორჩეულია დიდ გლობალურ წიაღში და საკუთარი ადგილი აქვს.
– ცოტა სხვა საკითხს მინდა შევეხო, მაგრამ ვფიქრობ, თემის მონათესავეს. როგორ ვიცავთ ქართულკულტურულ მემკვიდრეობას და ახდენს თუ არა გავლენას პოლიტიკა ხელოვნებაზე?
– ხელოვნების ისტორიას აქვს ასეთი ეტაპები, სხვათა შორის, უცნაური, მაგალითად, კლასიციზმი, რომელიც მე-17 საუკუნეში ჩაისახა და მისი ესთეტიკური იდეალები უკავშირდებოდა ანტიკური ხელოვნების აღზევებას… მაშინდელი მხატვრობის რამდენიმე წარმომადგენელი თვლიდა, რომ ხელოვნებას აქვს მისია, ფუნქცია, უნარი, ძალა იმის, რომ საზოგადოება გარდაქმნას და აღზარდოს. ეს ყველაფერი განმანათლებლობის ეპოქიდან მოდის (საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ), თუმცა მსგავსი რამ უტოპიურ იდეებად მიმაჩნია. არის რაღაც მომენტები ხელოვნების ისტორიაში, როცა მნიშვნელოვნად განიხილება ხელოვნების როლი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ამის არ მჯერა. სამწუხაროდ, პირიქით ხდება – პოლიტიკა ახდენს გავლენას ხელოვნების განვითარებაზეც, სპორტის და საერთოდ, ყველა სფეროს განვითარებაზე. ასეთი რეალობაა მთელ მსოფლიოში.
– რა როლი ენიჭება პოლიტიკას საზოგადოების განვითარებაში?
– არანაირი, მაგრამ თუკი ჩვენ ახალგაზრდა თაობას – ბავშვებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს გამოფენებზე, სპექტაკლებზე ვატარებთ, აი, ეს იქნება ყველაზე დიდი როლი ჩვენი ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მათზე ეს დადებითად მოქმედებს. აი, ამის მართლა მჯერა.
– გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვთ?…
– ჩემს ასაკში უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დიდი მხატვარი მიყვარს, რადგან ჩემთვის ყველა თავისებურად დიდია, მაგრამ რამდენიმე ნამუშევარი მუზეუმში საკუთარი თვალით რომ ვნახე, სრულ შოკში ჩამაგდო. ერთ-ერთია ელ გრეკოს „ქრისტეს სამოსის განძარცვა“, რომელიც დიდი ხნის წინ მიუნჰენის პინაკოთეკაში ვნახე… ეს სურათი რომ დავინახე, თითქოს დენმა დამარტყა, შორიდან დანახვითაც კი საოცარი მუხტი მივიღე. ასეთი ემოციები ბევრი მქონია. მაგალითად, ვატიკანში, წმ. პეტრეს ტაძარში ვნახე მიქელანჯელოს შედევრი – ქრისტეს დატირება დედის მიერ. მსგავსი სილამაზე არ მინახია. ბევრი რამ მაქვს ნანახი, მაგრამ ეს „პიეტა“ არ მავიწყდება, ყველაზე ლამაზი, რაც კი ცხოვრებაში მინახავს.
– ბევრ მუზეუმში ხართ ნამყოფი?
-კი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია… მოვლილი მაქვს… თუმცა არის ისეთი მუზეუმები, რომლებსაც სიხარულით ვნახავდი. დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი ნიუ-იორკში, ასევე, ვნახავდი მადრიდის, ბარსელონის მუზეუმებს. ეს ამოუწურავი განძია, თუმცა მადლობა უფალს იმისთვის, რისი ნახვაც შემაძლებინა.
– არ გთხოვთ, რომ გამოყოთ ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრები, თუმცა იქნება ისეთი, რომლის ნახვა გსიამოვნებთ?
– რა თქმა უნდა. საერთოდ, მიყვარს ჩვენი მხატვრები, კონკრეტულად არ დავასახელებ. ყველას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. ნამდვილად კარგი მხატვრები გვყავს, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენაში, საერთაშორისო სიმპოზიუმებში, პლენერებში და საკმაოდ წარმატებულად.
– თავიდან რომ დაგეწყოთ ცხოვრება, შეცვლიდით რაიმეს და რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია – ხელოვნებათმცოდნე?
-არა, არაფერს შევცვლიდი. ვფიქრობ, ზოგადად, პროფესია ადამიანის ნიშანია – რაც დაგებედება, მაინც ის გამოდიხარ, მე გამიმართლა – პირველი პროფესია შევიცვალე და ჩემი „მე“ მეორეში ვიპოვე. მთავარია, საქმე, რომელსაც აკეთებ, გიყვარდეს. მადლობა უფალს, მე იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს.
მანანა ძიძიშვილი