დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადამზადდა
By

დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადამზადდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდებმა შეისწავლეს ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივი რესურსები, ტურისტული პროდუქტები, ბილიკები, სერვისები და ინფრასტრუქტურა. გარდა თეორიული სწავლებისა, ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული, საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდათ. თეორიულ-პრაქტიკული კურსის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტიორთა მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო. ტრენინგ-კურსის მონაწილე გიდებს შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგაზაფხულო ტრენინგები ასევე, ჩაუტარდათ ბარმენებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მზარეულებს, მიმტანებს და დამწყებ გიდებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული ტრენინგები მზარეულებისთვის, რომლის ფარგლებშიც, აჭარის მუნუციპალიტეტებში 90-მდე მზარეული გადამზადდა. დიდი ინტერესი გამოიწვია დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანმა ტრენინგ-კურსმაც.

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *