„ჩვენთვის მთავარია კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობა“
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე კვალიფიციური განათლების მიღების შემდეგ, ქვეყნის სამსახურში ჩადგა და დღემდე ასე მოდის. იგი შუახევში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე გვესაუბრება.
– ბატონო მირიან, ოთხ წელზე მეტია, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებთ. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს ნდობა და რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი?
– უპირველეს ყოვლისა, ეს მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ ომარ ტაკიძის ნდობის შედეგია, რისთვისაც ვემადლიერები მას, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ვფიქრობ, ეს ნდობა განაპირობა საქმისადმი გულისხმიერმა დამოკიდებულებამ და გუნდური პრინციპით მუშაობამ. ჩემი საქმიანობა შედეგზეა ორიენტირებული. ყველა საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდები, ვცდილობ, ბოლომდე და ხარისხიანად მივიყვანო. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ნდობის საფუძველს და მაძლევს შესაძლებლობას, წლების განმავლობაში ღირსეულად ვემსახურო მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობას.
– დაგვისახელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, თქვენი უშუალო ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. . .
– ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი პირების ხელმძღვანელობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელშიც აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის მერიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, განვაახლეთ ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ ახალი მუნიციპალური ავტობუსი და ოთხი მიკროავტობუსი, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტების დაგეგმვისას მოსახლეობის საჭიროებებს ვითვალისწინებთ.
– შუახევის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. როგორ აფასებთ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას და რა შედეგები მოაქვს მას მუნიციპალიტეტისთვის?
– ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც კერძო ინვესტორი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ხოლო ვიზიტიორს დახვდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ხარისხიანი მომსახურება და საინტერესო ტურისტული პროდუქტები. აქტიურად ვთანამშრომლობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2025 წელს ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა ზიპლაინის მშენებლობის თითოეული ეტაპი. იგი ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაა მთიან აჭარაში, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძისთან. უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე, ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. შარშან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო დარჩიძეებში, ლელთის ტბაზე (ნაღვარევი), ოთოლთასა და 9 აპრილის ხეივანში. მარკირებული მარშრუტებია: მთა ღომა, ზამლეთი-ხიხაძირი-ჩირუხი-შუახევი, ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორი-პერანგა-ცხემლისი (ჭვანის ხეობა), ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური ბაღი. განსაკუთრებით პოპულარულია სოფელი გომარდული, სადაც იგეგმება ოთხსეზონიანი ტურისტული კურორტის განვითარება, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის აქტიური დასვენებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ბოლო წლებში გატარებულმა სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ გომარდულის მიმართ კერძო სექტორის ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. აშენდა ახალი სახლები და გაიხსნა არაერთი საოჯახო ტიპის სასტუმრო. განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც კურორტის პოტენციალი საგრძნობლად გაზარდა. სამომავლოდ დაგეგმილია სათხილამურო ტრასის გაფართოება და საბაგიროს სიგრძის გაორმაგება. ასევე, ეწყობა თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების, მათ შორის, საკანალიზაციო სისტემები, რომლებიც დასრულების ეტაპზეა.
– თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარება სოფლების დაცარიელების პრობლემის შემცირებას და რა შესაძლებლობებს შექმნის ეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის?
– ტურიზმის განვითარება მხოლოდ ვიზიტიორების რაოდენობის ზრდას არ ნიშნავს. ეს, პირველ რიგში, არის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტურიზმის განვითარებას თან ახლავს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტებისა და სხვადასხვა ტურისტული სერვისის განვითარება, ასევე, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობების გაფართოება. როდესაც მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საკუთარ სოფელში ექნებათ რეალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი მოტივაცია, დარჩნენ და საკუთარი მომავალი სწორედ აქ დაგეგმონ. შესაბამისად, ტურიზმის განვითარება ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, დემოგრაფიული გამოწვევების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც არის, რადგან ხელს უწყობს სოფლების გაძლიერებას, მოსახლეობის ადგილზე დასაქმებასა და მიგრაციის შემცირებას.
– რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის შესახებაც გვითხარით.
– მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები მერიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვას, სხვადასხვა მოწყვლადი და რისკჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებას, არსებულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შარშან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში შემოვიდა და დამუშავდა11 992 კორესპონდენცია. განხორციელდა 25 მიზნობრივი პროგრამა, ხოლო სხვადასხვა სახის სერვისით 4 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 3 302 802 ლარი დაიხარჯა. წელს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს არსებული პროგრამების გაგრძელებას, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 3 421 200 ლარი, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით118 400 ლარით მეტია.
– ბევრგან პრობლემად რჩება გამარჯვებულ კომპანიებთან ურთიერთობა. თქვენ ამ მიმართულებით ბევრი გააკეთეთ.
– ჩვენთვის მთავარი პრინციპებია კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და საქმიანი, პარტნიორული, თუმცა პრინციპული ურთიერთობა. თითოეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მკაფიოდ განისაზღვრება ხარისხის სტანდარტები, სამუშაოების შესრულების ვადები და ყველა სახელშეკრულებო ვალდებულება. პროექტების განხორციელების მთელი პროცესის განმავლობაში, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი მერიის სპეციალისტებისა და შესაბამისი კომისიების მხრიდან. ნებისმიერი ხარვეზი დროულად გამოვლინდება და კომპანიებს ეძლევათ მისი გამოსწორების ვალდებულება. სწორედ ამ მიდგომამ უზრუნველყო პროექტების უმეტესი ნაწილის დადგენილ ვადებში, მაღალი ხარისხითა და მოსახლეობის ინტერესების სრული გათვალისწინებით განხორციელება.
– კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდით აჭარის მთავრობისა და მერიის ერთობლივი მუშაობით?
– მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის (2026-2037) შემუშავებაზე. იგი ასახავს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გეგმებს, რომელიც არსებული სიტუაციის ანალიზს, რესურსულ შესაძლებლობებს ეფუძნება და მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისა და გაუმჯობესებული ინკლუზიური, მოქალაქეებზე ორიენტირებული, ადგილობრივი მმართველობის დანერგვისკენ. შუახევის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მერის სამოქალაქო და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. სამუშაო შეხვედრებზე ერთობლივი მსჯელობის შედეგად, შემუშავდა მუნიციპალიტეტის SWOT ანალიზი, რამაც გამოკვეთა მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. აღნიშნულის შედეგად, განისაზღვრა მუნიციპალიტეტის მიზნები და შესაბამისი ამოცანები. შემუშავდა სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროექტები, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერაც გვაქვს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და სამომავლოდ, მერის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება მუნიციპალიტეტში.
– რას ჰპირდებით ახლად შექმნილ ოჯახებს?
– ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცხოვრების, დასაქმებისა და შვილების აღზრდისთვის უკეთესი პირობები. მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ოჯახების მხარდამჭერ სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები საკუთარ მომავალს სწორედ შუახევს დაუკავშირებენ. მოქმედებს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახში ახალდაბადებული ბავშვის მატერიალური დახმარების პროგრამა. 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 30 000 ლარს და ისარგებლა 93 ბენეფიციარმა, გაიხარჯა 27 900 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე 300 ლარის ოდენობით. წლევანდელი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო პირველ ახალშობილზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით, ყოველ მომდევნო შვილზე – 100 ლარით მეტი.
– რა ფორმებს გვთავაზობთ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვისა და დასაქმებისთვის?
– ახალგაზრდების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, კვალიფიციურ ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც საკუთარი პროფესიული ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზებას სწორედ საკუთარ მუნიციპალიტეტში შეძლებენ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სტაჟირების პროგრამების გაფართოებას, პროფესიული უნარების განვითარებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა ახალგაზრდებს სწავლის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ დონეზე დასაქმების რეალური შესაძლებლობა ჰქონდეთ. როდესაც ახალგაზრდები ხედავენ პროფესიული განვითარების, ღირსეული დასაქმებისა და თვითრეალიზაციის პერსპექტივას საკუთარ მუნიციპალიტეტში, ეს მათთვის მოტივაციაა, დარჩნენ, იმუშაონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
ოთარ ცინარიძე