„ყოველი მაკიაჟი ადამიანის ინდივიდუალობის აღმოჩენაა“
სილამაზის ინდუსტრიაში წარმატება მხოლოდ ნიჭზე არაა დამოკიდებული, მუდმივი სწავლა, შრომა და პასუხისმგებლობა სჭირდება, სწორედ, ამ გზით შეძლო საკუთარი ადგილის დამკვიდრება ერთ-ერთმა წარმატებულმა ვიზაჟისტმა მარიამ ნოდიამ, რომელიც დღეს თავის გამოცდილებას, მრავალწლიან პრაქტიკასა და დაგროვილ ცოდნას მომავალ კოლეგებს უზიარებს. 15 ივლისს ბათუმში მასტერკლასს გამართავს, სადაც მონაწილეებს თანამედროვე მაკიაჟის ტექნიკებსა და პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს.

– როდის დაიწყეთ მაკიაჟის კეთება პროფესიულ დონეზე?
– ზოგადად, მაკიაჟი ყოველთვის მიყვარდა. სკოლაში სწავლის ბოლო წლებში აქტიურად ვიყენებდი ლაინერსა და ტონალურს. 2016 წელს გადავწყვიტე, პროფესიონალურად შემესწავლა ვიზაჟი. საბაზისო კურსი ანუკა მურვანიძის სკოლაში გავიარე, შემდეგ კი ცოდნა სხვადასხვა ქვეყანაში გავიღრმავე.
– რამდენად რთული იყო საკუთარი ადგილის დამკვიდრება სილამაზის ინდუსტრიაში?
– პროფესიული გზის დასაწყისში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ერთ დღეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ სილამაზესთან დაკავშირებულ ჯგუფში ინფორმაციული ვიდეო გამოვაქვეყნე, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ასე დაიწყო ყველაფერი. პირველად თვითმაკიაჟის (Self Makeup) სამოყვარულო კურსები ჩავატარე, ხოლო ხუთი წლის შემდეგ უკვე პროფესიულ კურსებსა და მასტერკლასებს ვატარებდი. ასევე, მუდმივად ვესწრებოდი მსოფლიოს წამყვანი ვიზაჟისტების ტრენინგებს. კვალიფიკაცია ავიმაღლე პარიზში, Make Up For Ever-ის აკადემიაში და დღემდე განვაგრძობ განვითარებას, რადგან ეს სფერო ამოუწურავია, როგორც ნებისმიერი პროფესია, მუდმივ სწავლასა და წინსვლას მოითხოვს. წლების განმავლობაში მოვიპოვე როგორც მომხმარებლების, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის ნდობა, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობ. ჩემს წარმატებაში უდიდესი შრომა, დრო და რესურსი მაქვს ჩადებული და ვფიქრობ, დამიფასდა.
– მაკიაჟის გაკეთებამდე რას აქცევთ ყურადღებას?
– ყოველთვის ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილებს, განწყობასა და მოლოდინებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა თავი კომფორტულად, თავდაჯერებულად იგრძნონ და როცა პროფესიულ რჩევას მთხოვენ, სწორი მიმართულება მივცე, რაც სახის ნაკვთებს, სტილსა და ინდივიდუალურ თავისებურებებს საუკეთესოდ მოერგება. საბოლოო შედეგი თითქმის ყოველთვის ამართლებს, რადგან ყოველი მაკიაჟი ადამიანის ინდივიდუალობის აღმოჩენაა.

– 15 ივლისს ბათუმში მასტერკლასს გეგმავთ. გვიამბეთ ამის შესახებ. . .
– იგი სასტუმრო „რუმსში“ სამ საათზე გაიმართება. ეს იქნება ბოლო გასვლითი მასტერკლასი ამ სეზონზე. ბათუმი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია, ბავშვობის დიდი ნაწილი შავი ზღვის სანაპიროზე მაქვს გატარებული, რადგან დედა ქობულეთიდანაა. თბილისისა და ქუთაისის შემდეგ ბათუმს ვერ დავტოვებდი მასტერკლასის გარეშე. ონლაინ გაკვეთილები უფრო გასართობი და ზოგადი ხასიათისაა იმ ცოდნასთან შედარებით, რასაც მასტერკლასებზე ვუზიარებ ჩემს კოლეგებს. საკმაოდ დიდი გზა გავიარე, სანამ სხვებისთვის ცოდნის გაზიარებას გადავწყვეტდი. უდიდეს პასუხისმგებლობას და განსაკუთრებულ უნარსაც მოითხოვს, რომ ინფორმაცია სწორად, გასაგებად და პრაქტიკულად გადასცე ადამიანს. მენტორის როლში თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად ვგრძნობ და მიხარია, როცა ჩემი ცოდნა რეალურ შედეგს იძლევა.
– რატომ გადაწყვიტეთ Nude და Evening (Glam) მაკიაჟის ტექნიკების წარმოდგენა?
– ორივე ტექნიკა დღეს მოთხოვნადია როგორც დამწყები, ისე მოქმედი ვიზაჟისტებისთვის. მსურს, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში ყოველდღიურად გამოიყენებენ.
– როგორც ვიცი, მონაწილეებს გათამაშებები და სიურპრიზებიც ელით. რატომაა მსგავსი დეტალები მნიშვნელოვანი?
– საჩუქრები ყოველთვის სასიამოვნო და დამატებითი მოტივაციაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მაღალი ხარისხის, პროფესიონალური პროდუქტებია, რაც პრაქტიკულ საქმიანობაში გამოსადეგია.

– რას მოელით მასტერკლასის დასრულების შემდეგ?
– ჩემთვის ყოველი მასტერკლასი მოტივაციის წყაროა. მონაწილეებისგან დადებით ენერგიას ვიღებ და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ და ზუსტად იმ ადგილზე ვარ, სადაც უნდა ვიყო.
– როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა სოციალურმა ქსელმა სილამაზის ინდუსტრიაში?
– სოციალურმა ქსელებმა ცოდნა და ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ადრე პროფესიული გამოცდილების მიღება გაცილებით რთული იყო, მაგრამ დღეს ადამიანები მარტივად იღებენ სასარგებლო ინფორმაციას, ასევე, საკუთარი თავის წარმოჩენა და ცნობადობის მოპოვებაც გაცილებით მარტივია.
– რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ ვგეგმავ მასტერკლასების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ასევე, მსურს კვალიფიკაცია ავიმაღლო ამერიკის ერთ-ერთ წამყვან აკადემიაში. პარალელურად, ვგეგმავ ჩემი სტუდიის გაფართოებას და სილამაზის სფეროში ახალი მომსახურებების დამატებას.
ნინი ჩხარტიშვილი