სოფლის იუბილემ ყველა გააერთიანა
By

სოფლის იუბილემ ყველა გააერთიანა

ქართული სოფელი, ჩვენი იდენტობის ბალავარი, 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. ბოლო წლებში მრავალი სასიკეთო ტრადიცია დამკვიდრდა, რომლის მთავარი არსი ქართული სოფლის სახისა და სახელის შენარჩუნებაა. შუახევის რაიონის სოფელ გორის მკვიდრნი ზურაბ და ვახტანგ ფუტკარაძეები იყვნენ ინიციატორები, რომ აჭარა- შავშეთის ქედის ერთ განშტოებაზე ქართული სოფლის დაარსებიდან საუკუნოვანი იუბილე აღენიშნათ. ზურაბი ცნობილი ბიზნესმენია, ვახტანგი კი პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობს. მასთან საუბარი ინტერესმოკლებული არ იქნება.

შარშანწინ, სოფლის დაარსებიდან საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნის იდეა რომ დაგვებადა, გსურდა ყველაფერი საზეიმო ვითარებაში ჩაგვეტარებინა. მოსამზადებელ ეტაპზე ახალგაზრდა გორელის გარდაცვალება იუბილეს გადავადების მიზეზი გახდა. მერე სხვა მიზეზებმა იჩინა თავი. რაკი სოფელში ყველაზე მეტი სიხალისე გაზაფხულზეა, ჩვენც წელიწადის ამ დროს ვიზეიმეთ საუკუნოვანი იუბილე. ორი პიროვნების მიერ 100 წლის წინ დაარსებული სოფელი უკვე 60-მდე ოჯახს ითვლის. სამჯერ მეტია გადასული ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე, მათ შორისაა ჩემი ძმაც, რომელიც კახეთში სახლობს. ისეთი ადამიანებიც გვესტუმრნენ, რომელთა წინაპრები იყვნენ სხვაგან გადასულები. თავის დროზე მათ მოუვლელი და რიგი პრობლემების მქონე სოფელი დატოვეს. გორელებს სასმელი წყლის დეფიციტი გვქონდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით 7 კილომეტრიდან 55 მმ დიამეტრის მილებით წყაროს წყალი გამოვიყვანეთ. ბეტონის საფარი დაიგო პაპოშვილები-გორის 4- კილომეტრიან საავტომობილო გზაზე. უკვე მზადაა ახალი სკოლის პროექტი. კეთილმოეწყო გორის ცენტრი. სასიამოვნო დამთხვევა იყო, რომ ზეიმის დღეს ზურაბის შვილს გოგი ფუტკარაძეს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, შვილი შეეძინა, ყველანი ვხარობთ შვილებისა და შვილიშვილების სიმრავლით. თქვენი გაზეთით მადლობა მსურს გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნებისთავმჯდომარის მოადგილე ხართ...

– წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით მეორედ ამირჩიეს. აქ არჩევამდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ოლადაურის თემს ვხელმძღვანელობდი. თემის სოფლებში ჩემი ინიციატივით და რეგიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის თანადგომით, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – სოფელ მახალაკიძეებში ბაგა-ბაღის ახალი შენობა აიგო, მაწყვალთაში სკოლის კაპიტალური შენობის აგება რიგი პრობლემების წინაშე იყო. არ დამავიწყდება ის ძალისხმევა, რაც შენობისთვის მიწის ფართის გამოყოფას შევალიეთ. ბოლო 14 წლის განმავლობაში თემის სოფლებში რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით 60-მდე პროექტი განხორციელდა. ყველა საქმეში მოსახლეობის გვერდით ვარ. ბიზნესმენ ზურაბ ფუტკარაძის თანადგომასაც ვერ დავტოვებ უყურადღებოდ. ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში, ოლადაურის თემის სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოების შეძენაზე ხელი არ მიუწვდებოდათ და ის თანხას უხდიდა. უკვე 15 წელზე მეტია, მოსწავლეებს, თემის სკოლების პედაგოგებს ახალ წელს სასურსათო პაკეტით ულოცავს. ქვეყნის თუ უცხოეთის კლინიკებში პაციენტებს სამკურნალოდ თანხა რომ არ ჰქონდათ, ხელს უმართავდა. ზურაბისგან გადაიღეს მაგალითი ბიზნესმენებმა უშანგი ფუტკარაძემ, ზურაბ მახარაძემ, ზურაბ კეკელიძემ, რომლებიც თანადგომას არ გვაკლებენ. საიუბილეო სუფრისთვისაც თანხა ზურაბ და უშანგი ფუტკარაძეებმა გაიღეს.

თქვენ მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებულ პროექტებზე რას იტყვით?

– სოფელ კარაპეტში სასმელი წყლის ნაკლებობა იყო, შარშანწინ პროექტი დასრულდა. ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები სასიკეთოდ წაადგა ომის ვეტერანებს, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს. ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ. იმედია, კოლეგებისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომა გვექნება.

– როგორია წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების დამოკიდებულება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიგრაციული და დემოგრაფიული პროცესებისადმი?

– ამ ეტაპზე შუახევის მუნიციპალიტეტში მთავარი ყურადღება ტურიზმის განვითარებას ექცევა. ახალი ტურისტული ობიექტების შექმნა დადებით გამოძახილს ჰპოვებს მოსახლეობის ადგილზე დამაგრების საქმეში. ახალგაზრდები დასაქმდებიან, რაც დემოგრაფიულ პროცესებზეც დადებითად აისახება. გორი ორ ხეობას გადაჰყურებს. აქედან ხელისგულივით მოჩანს სხალთა-ხიხანის და მარეთის ხეობების სოფლები, ხიხანის ციხე. ცნობილ მეცნიერს, მარეთის ხეობის მკვიდრს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ქუთაისიდან თითქმის ყოველ წელს სტუდენტური პრაქტიკის მონაწილენი ჩვენს სოფელში ჩამოჰყავდა და რამდენიმე დღეს რჩებოდნენ. დროა, გორელებმა ვიფიქროთ ახალი ტურისტული ობიექტების შექმნასა და ამ საქმეში ბიზნესმენების ჩართვაზე.

 

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *