მარიამ ლაშხი: ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტები კი არა, მოსახლეობის ნდობა და მათი ინტერესებია
აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე დღეს, პარლამენტარებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებოდა. იგი თბილისშია დაბადებული. დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს ინჟინერიის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მას შუახევში ვესაუბრეთ.
– ქალბატონო მარიამ, წელიწადის უმშვენიერეს დროს, პარლამენტარებთან ერთად, რამდენიმე დღით სტუმრობდით აჭარის მთიანეთს, გოდერძიდან დოლოგნამდე არსებული ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
– მთიან აჭარაში ვიზიტი ჩემთვის იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, ადგილზე უკეთ გავცნობოდით იმ ადამიანებს, იმ გარემოსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ უნიკალურ მხარეს აქვს. მთიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონს. ეს რეგიონი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციების, ადგილობრივი რესურსებისა და განვითარების შესაძლებლობების ერთმანეთთან დაკავშირება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონების გაძლიერების მიმართულებით – იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა, განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება თუ ახალგაზრდებისთვის პერსპექტივების შექმნა. ამ ულამაზესი მხარის მოსახლეობის შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და საკუთარი კუთხისადმი ერთგულება რეგიონის განსაკუთრებული ძალაა. სწორედ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით, ჩვენი საერთო მიზანია, გავზარდოთ და გავაძლიეროთ ის შესაძლებლობები, რომელთა დახმარებითაც თითოეულ მოქალაქეს ექნება განვითარების, წინსვლისა და წარმატების კიდევ მეტი შესაძლებლობა – იქნება ეს დედაქალაქში თუ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში.
– ერთიანი ეროვნული გამოცდების ხულოს ცენტრში ბრძანდებოდით, ხულოში, შუახევსა და ქედაში რიგი სკოლების პედაგოგებს, საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდით. სკოლების მატერიალურ–ტექნიკურ ბაზასა და სხვა ინფრასტრუქტურას როგორ შეაფასებდით?
– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შრომა და თავდადება, რომელსაც პედაგოგები საკუთარი საქმიანობით იჩენენ, რათა აღზარდონ განათლებული, პასუხისმგებლობიანი და წარმატებული მომავალი თაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რეგიონებში ეტაპობრივად იქმნება თანამედროვე, უსაფრთხო და მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო. ვნახეთ სკოლები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო რესურსებით, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თანამედროვე ბიბლიოთეკებით, სპორტული და სხვა შემეცნებითი სივრცეებით, მათ შორის სამხედრო კაბინეტით, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, პატრიოტული სულისკვეთების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებისადმი სწორი ცნობიერების ჩამოყალიბებას. რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სრულად არის მომზადებული და აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკური და მატერიალური რესურსით. შექმნილია შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გარემო, რათა აბიტურიენტებმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ჩვენი მიზანია, ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის მთიან დასახლებებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ თანამედროვე, სრულად აღჭურვილი და უსაფრთხო სასწავლო გარემო. განათლების ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით ვაგრძელებთ მუშაობას.
– სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი მინიმუმამდეა დასული. როგორც პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, რა წინადადებებს გვთავაზობთ მცირეკონტინგენტიანი სკოლების შესანარჩუნებლად?
– ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მცირეკონტინგენტიანი სკოლების განვითარების მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, საკანონმდებლო დონეზე, მუდმივად აფასებს არსებულ გამოწვევებს და მუშაობს ისეთი მექანიზმების განვითარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლების მდგრადობას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და რეგიონებში საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერებას. ამ მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს პარლამენტში შექმნილ შესაბამის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებსაც, რომლებიც ხელს უწყობენ საკითხის კომპლექსურ შესწავლასა და ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავებას. სახელმწიფოს მიზანია, თითოეულ ბავშვს, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
– ხულოში მოქმედებს სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, სამივე მუნიციპალიტეტში კულტურის ცენტრებთან, სახელოვნებო სკოლებთან შექმნილია ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებიც წარმატებით აცოცხლებენ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ქვეყნის, რეგიონის შესაბამის სამინისტროებთან ერთად, რა თანადგომას სთავაზობთ, მათ ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის?
– ჩვენი ხელისუფლებისთვის ფოლკლორისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აჭარის მთიანეთი სწორედ ის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნდა უნიკალური ტრადიციები, სიმღერა, ცეკვა, ხალხური შემოქმედების ნიმუშები. გეტყვით, რომ სახელმწიფო უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას კულტურის სფეროში – ვაძლიერებთ კულტურულ ინფრასტრუქტურას, ხელს ვუწყობთ სახელოვნებო განათლების განვითარებას, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების საქმიანობას, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააგრძელონ წინაპრებისგან მიღებული ეს დიდი მემკვიდრეობა. შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, გაგრძელდება მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი კულტურული ინიციატივების, ისე იმ პროექტების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და მის ღირსეულ წარმოჩენას.
– საქართველოს პარლამენტში საქმიანობს ხულოელი, შუახეველი, ქედელი ამომრჩევლების დელეგატი ანზორ ბოლქვაძე. როგორ შეაფასებდით მის როლს ადგილობრივების მხარდაჭერაში?
– ბატონი ანზორ ბოლქვაძე ის პოლიტიკოსია, რომელსაც მთიანი აჭარის განვითარებაში, მისი ინტერესების წარმოჩენასა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი მრავალწლიანი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ იგი მუდმივად იყო და არის ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობის ხმა და მათი საჭიროებების ერთ-ერთი მთავარი ,,ადვოკატი.“ როდესაც ადამიანი, წლების განმავლობაში, თანმიმდევრულად მუშაობს საკუთარი რეგიონისთვის, ეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობა აღარაა, იგი პასუხისმგებლობა და ერთგულებაა იმ ადამიანების წინაშე, ვინც მას ნდობა გამოუცხადა. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივები ყველაზე უკეთ ხედავენ, თუ რამდენად დიდი ძალისხმევა აქვს ბატონ ანზორ ბოლქვაძეს გაწეული რეგიონის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, მისი სახელი უკავშირდება არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს.
– როგორია რეგიონისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელთა დამოკიდებულება იმ სფეროებისადმი, რომლებსაც თქვენი კომიტეტი კურირებს?
– ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა არ დარჩეს მხოლოდ ცენტრალურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებად. ამ მიმართულებით აჭარის რეგიონსა და მუნიციპალიტეტებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა. სწორედ ასეთი პარტნიორობის დამსახურებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა როგორც უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების, ისე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონისა და თვითმმართველობების ხელმძღვანელების მხრიდან არსებობს მაღალი პასუხისმგებლობა და მზაობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელონ ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც თითოეული მოქალაქის ინტერესებს ემსახურება. როდესაც არსებობს საერთო ხედვა და ერთიანი მიზანი, შედეგიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად მიიღწევა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთი გუნდი. სწორედ ამ კოორდინაციისა და ურთიერთნდობის შედეგია, რომ დღეს რეგიონში თანმიმდევრულად ვითარდება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროები, იქმნება ახალი შესაძლებლობები და ხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურად აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობას მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ.
– წინა მოწვევის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებოდით. თქვენი აჭარის მთიანეთში ყოფნის დღეებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია. როგორ შეაფასებდით მას?
– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ შეფასებებს და ეფუძნება პოლიტიკურად მოტივირებულ, ცალმხრივ და მცდარ ნარატივებს. სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმები, რომლებიც დიალოგის, თანამშრომლობისა და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის სივრცე უნდა იყოს, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარების ინსტრუმენტად გამოიყენება. რეზოლუციის მოთხოვნები არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსაც, რომლებზეც თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაა დაფუძნებული. ფაქტობრივად, დოკუმენტი იმეორებს იმ ბრალდებებს, რომლებსაც წლებია ქართული რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს და ეს კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მისი ობიექტურობის შესახებ. საყურადღებოა ისიც, რომ ამ რეზოლუციას ასამბლეის 230-ზე მეტი წევრიდან მხარი მხოლოდ 39-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მას ფართო მხარდაჭერა არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ღიაა პარტნიორებთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ფაქტებსა და ობიექტურ შეფასებებს და არა წინასწარ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ შეაფერხებს ვერცერთი უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუცია. საქართველო გააგრძელებს საკუთარი ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას და პარტნიორებთან თანამშრომლობას სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით.
– პრინციპული და შეუვალი ბრძანდებით. გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტი, როცა რომან გოცირიძეს „მეცნიერების ჩასარეცხად“ წარმოდგენილი კანონის პროექტი დაუწუნეთ. ახლანდელ პარლამენტში თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
– ჩვენი, პარლამენტარების ვალდებულებაა, თითოეული ინიციატივა შევაფასოთ მისი ხარისხის, საზოგადოებრივი ინტერესისა და ქვეყნის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი წინა მოწვევის პარლამენტშიც და ამავე პრინციპით ვმუშაობ დღესაც. თუ რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივა ვერ პასუხობს ქვეყნის ინტერესებს, საფრთხეს უქმნის განათლებისა და მეცნიერების განვითარებას, ან არ ემსახურება ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს მომავალს, ჩემი პოზიცია ყოველთვის იქნება მკაფიო და შეუვალი. ასეთ საკითხებზე კომპრომისი არ არსებობს. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქნები ჩვენი მოსწავლეების, სტუდენტების, მეცნიერების, აკადემიური წრეებისა და მთლიანად საზოგადოების ინტერესების მტკიცე დამცველი. არ დავუშვებთ, მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დააზიანებს განათლების ხარისხს, მეცნიერების განვითარებას ან ქვეყნის მომავალს. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, ეფუძნება და დაეფუძნება პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და იმ მთავარ მიზანს, რასაც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და საქართველოს განვითარება ჰქვია.
– ისევ აჭარის მთიანეთს დავუბრუნდეთ. თქვენი აქ ყოფნის პერიოდში, ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან, ბრჭყალების გამოჩენის მცდელობა ხომ არ ყოფილა?
– სიმართლე გითხრათ, მთელი ამ დღეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი მოსმენა და იმ საკითხებზე საუბარი, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. როდესაც ადამიანები კონკრეტულ შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ გეგმებზე საუბრობენ, ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ ხმაურს ნაკლები ადგილი რჩება. ოპოზიციის ფუნქცია კრიტიკაა და ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა კრიტიკა მაშინ არის ღირებული, როდესაც ეფუძნება ფაქტებსა და რეალურ არგუმენტებს. საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს კონსტრუქციულ პოზიციასა და პოლიტიკურ სპეკულაციას. ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტები კი არა, მოსახლეობის ნდობა და მათი ინტერესებია. სწორედ ამიტომ, მომავალშიც გავაგრძელებთ საქმეზე ორიენტირებულ მუშაობას, რადგან შედეგებით საუბარი ყოველთვის უფრო დამაჯერებელია, ვიდრე პოლიტიკური განცხადებებით.
ოთარ ცინარიძე