სურს, რომ უცხოეთში მიღებული ცოდნა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას მოვახმაროს
By

სურს, რომ უცხოეთში მიღებული ცოდნა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას მოვახმაროს

უცხოეთში სწავლა ბევრი ახალგაზრდის სურვილია. დღეს საერთაშორისო განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა, თუმცა ამ გზაზე წარმატების მისაღწევად მონდომება და მიზანდასახულობაა საჭირო. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ბათუმელი ლია დავითაძეა, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, თურქეთში სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა და სრული დაფინანსებით, ქალაქ ბურსაში, ულუდაღის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.
რატომ გადაწყვიტეთ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლის თურქეთში გაგრძელება?
– ყოველთვის მჯეროდა, რომ საერთაშორისო გამოცდილება ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ბსუ-ში სწავლის დროს, ევროპის ცხრა ქვეყნის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, რამაც დამარწმუნა, რომ უცხოეთში მიღებული განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. ევროპაში ყოფნისას გავიგე სახელმწიფო სტიპენდიების შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებშიც შევიტანე განაცხადი, ვადების გამო ეს ვერ მოხერხდა. თურქეთის სახელმწიფო სტიპენდია კი სრულად აფინანსებდა როგორც სწავლას, ისე თურქული ენის მოსამზადებელ კურსს. ამიტომ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება სწორედ თურქეთში გადავწყვიტე.
როგორ გაიგეთ სტიპენდიის შესახებ და რა გახდა განაცხადის შეტანის მთავარი მოტივაცია?
– მეგობრისგან გავიგე, რომელმაც ბაკალავრიატის სწავლა თურქეთში დაასრულა. მისმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიმყარა სურვილი, მეც გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა. განაცხადის შეტანის მთავარი მოტივაცია იყო, მიმეღო საერთაშორისო განათლება და გამოცდილება, რომელიც მომავალში საქართველოს, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში გამომადგება.

რამდენად რთული იყო დაფინანსების მოპოვება და რა ეტაპების გავლა მოგიწიათ?
– პირველ ეტაპზე, ონლაინ შევავსე დეტალური განაცხადი, სადაც წარმოვადგინე ინფორმაცია ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში განხორციელებული პროექტების, სამეცნიერო კონფერენციების, კვლევების, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების, ასევე აკადემიური მოსწრებისა და აქტივობების შესახებ. შემდეგ ავირჩიე სასურველი ქალაქები, უნივერსიტეტები და სასწავლო მიმართულებები. განაცხადის გადარჩევის შემდეგ, გავიარე გასაუბრება, სადაც დარგობრივი ცოდნა და სამაგისტრო კვლევის თემასთან დაკავშირებული ხედვები შეფასდა, საბოლოოდ კი მივიღე სრული დაფინანსება.
რას მოიცავდა ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამა?
– თურქული ენის შესწავლას A1-დან C2 დონემდე და უნივერსიტეტში სწავლისთვის მომზადებას. ამასთანავე, ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან აქტივობებსა და პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, აქტიურად ვმონაწილეობდი კულტურულ და სტუდენტურ ღონისძიებებში, სადაც ჩვენი მთავარი მიზანი ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია იყო. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ რამხელა ინტერესს იწვევდა საქართველო როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ სტუდენტებში. სწორედ ამ გამოცდილებამ გვიბიძგა, რომ 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან თურქეთში ქართველ სტუდენტთა გაერთიანება დავაფუძნოთ. ჩვენი მიზანია, ეს გაერთიანება გახდეს სივრცე, რომელიც გააერთიანებს თურქეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს, ხელს შეუწყობს ერთმანეთის მხარდაჭერას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული კულტურის, ენისა და ეროვნული იდენტობის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო გარემოში.

– რომელი მიმართულებით აგრძელებთ სწავლას და რატომ შეარჩიეთ სწორედ ეს მიმართულება?
– მაგისტრატურაზე მცენარეთა დაცვის მიმართულებით ვაგრძელებ სწავლას. ეს სფერო ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შევარჩიე, რადგან განსაკუთრებით მაინტერესებს მცენარეთა დაავადებების შესწავლა და კვლევითი საქმიანობა. ვფიქრობ, ეს მიმართულება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და მსურს, მიღებული ცოდნით ამ სფეროში ჩემი წვლილი შევიტანო.
რამდენად რთული იყო სწავლა ახალ გარემოში და რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ ?
– თურქეთში ჩასვლის პირველივე დღიდან ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა. განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიგრძენი როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი სტუდენტებისგან, ისე ჩვენებურებისგან, რომლებმაც აქ ჩამოსული ქართველი სტუდენტები შვილებივით მიგვიღეს. მათი დახმარებით გავეცანი თურქეთში არსებულ ქართულ სოფლებს, მათ ისტორიასა და დღემდე შემორჩენილ ქართულ ტრადიციებს.
გარდა ამისა, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ბურსაში მყოფი ქართველი სტუდენტის აქსანა მიქავასგან, რომელიც ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე, თურქულის, როგორც უცხო ენის, სწავლების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მისი დახმარება და გამოცდილების გაზიარება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.
დრო გქონდათ გასცნობოდით თურქულ კულტურასაც. . . რა საერთო ან განსხვავება დაინახეთ ჩვენი ქვეყნების კულტურებს შორის?
– თურქულ კულტურაში ყველაზე მეტად მომხიბლა საოცარმა სტუმართმოყვარეობამ და ოჯახურმა ღირებულებებმა. ქუჩაშიც კი, თუ შეამჩნევენ, რომ დახმარება გჭირდება, გვერდით არ ჩაგივლიან და პრობლემის მოგვარებამდე არ დაგტოვებენ. ისინი დიდ პატივს სცემენ როგორც საკუთარ, ისე სხვის რელიგიასა და მრწამსს. სწორედ ამ თვისებების – გულთბილობის, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, ვფიქრობ, რომ ქართულ და თურქულ კულტურებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. იმდენად მარტივად გამოვნახე ამ ხალხთან საერთო ენა, რომ რაიმე მკვეთრ განსხვავებას ვეღარ ვხედავ.

– როგორ გსურთ თურქეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს განვითარებას მოახმაროთ?
– მინდა, უცხოეთში მიღებული ცოდნა, ახალი მიდგომები და თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას მოვახმარო. ვგეგმავ, საინტერესო პროექტების განხორციელებას, რომლებიც ამ სფეროს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ასევე, მსურს, სწავლის პროცესში და მის შემდეგაც ვითანამშრომლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ერთობლივად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინიციატივები.
რას გეგმავთ სწავლის დასრულების შემდეგ?
– მსურს დოქტორანტურის საფეხურის გავლა და სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ ქვეყანაში გავაგრძელებ სწავლას, თუმცა ჩემი მთავარი მიზანია, გავხდე ძლიერი მეცნიერი და ფიტოპათოლოგიის მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ვფიქრობ, ეს სფერო მუდმივ სწავლას, განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებას მოითხოვს, ამიტომ მზად ვარ, ეს გზა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით გავაგრძელო.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობენ?
– თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ, აუცილებლად გამოიყენონ ეს შანსი და არ შეუშინდნენ სირთულეებს. დღეს უამრავი საგანმანათლებლო პროგრამა და სტიპენდია არსებობს, ამიტომ ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა ეძებონ ასეთი შესაძლებლობები და არ თქვან უარი საკუთარ მიზნებზე. უცხოეთში სწავლა შესაძლოა თავიდან რთული ჩანდეს, თუმცა მიზანდასახულობითა და შრომით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. მე თუ შევძელი ამ გზის გავლა, სხვებსაც შეუძლიათ – მთავარია, ჰქონდეთ სურვილი, მიზანი და საკუთარი თავის რწმენა.

 თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *