რამაზ საყვარელიძე: ტრამპი იძულებული იქნება, კონფლიქტი მიიყვანოს გამარჯვებამდე
აშშ-ის ირანთან შეთანხმების თითქმის ყველა პუნქტი დაირღვა, ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაიკეტა და საჰაერო შეტევები აღდგა. ამერიკა ბომბავს ირანს, ირანი კი – აშშ-ის სამხედრო ბაზებს. კატარმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და სხვა რეგიონულმა შუამავლებმა ცეცხლის 10-დღიანი შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინეს კონფლიქტის მონაწილეებს. Axios-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „სწავლობს წინადადებას და ისრაელს მოუწოდებს, თავი აარიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც დიპლომატიურ ფანჯარას დახურავს“.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ამავდროულად, მოლაპარაკებების ჩავარდნისთვის ემზადება. აშშ-ის სამხედრო ძალებმა ბოლო დღეებში რეგიონში ათობით გამანადგურებელი და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი გაგზავნა, რითაც დიდი ესკალაციისთვის საჭირო ძალები შეკრიბა. ისრაელის წყაროების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ომის უახლოეს დღეებში შესაძლო გაფართოებისთვის და სრულმასშტაბიან, კოორდინირებულ სამხედრო კამპანიაში გადაზრდისთვის ემზადებიან. ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ექსკლუზივს პოლიტანალიტიკოს რამაზ საყვარელიძესთან, რომელშიც ის აანალიზებს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და კონფლიქტების ესკალაციის შესაძლებლობას.
– ბატონო რამაზ, რომელი მხარეა დამნაშავე ირანთან კონფლიქტის გამწვავებაში, ისევ ტრამპის მუქარამ ხომ არ დაძაბა სიტუაცია?
– არა მგონია, აქ ტრამპის სუბიექტური ფაქტორი იყოს დამნაშავე, რადგან არსებობს ობიექტური მიზეზიც – ირანის მდგომარეობა. მოდით, წარმოვიდგინოთ რამდენიმე სცენარი და მათ შორის ერთ-ერთი – კერძოდ, თეირანი დათანხმდა სამშვიდობო ხაზს ანუ იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო. ამით მან უარი უნდა თქვას მთელ რიგ პრეტენზიებზე, მათ შორის, გახსნას ჰორმუზის სრუტე და ა.შ. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა ირანის მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსები ხშირად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთთან დაპირისპირებები ხდება აიათოლების გამო, არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენ ვნახეთ – როგორც კი ომი დაიწყო და აგრესიულ რელსებზე გადავიდა თეირანი, შიდა პროტესტები, რომელიც ადრე უზარმაზარ მასშტაბებს აღწევდა, შეჩერდა. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ თავად ირანელებიც მხარს უჭერენ ამ ომს.
– რაში აწყობს მშვიდობიან მოსხლეობას ომი?
– სხვათა შორის, მოსახლეობა ხშირად არის ომის მომხრე, თუკი მიაჩნია, რომ მისი ბრძოლა სამართლიანია და გაიმარჯვებს. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ხელშეკრულებებში იყო ჩადებული, მხარს არ დაუჭერდა თავად ხალხი, რაც სახიფათო გახდებოდა ხელისუფლებისთვის. ამიტომ, ჯერ მოსახლეობის განწყობა არის გასარკვევი და ამის გათვალისწინებით გავთვალოთ ირანის პოლიტიკა. მე მგონი, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეესაბამება ჩემი ვერსია სიმართლეს – მოსახლეობა ომის მომხრეა და აქედან გამომდინარე გადაწყვიტა თეირანმა ომის გაგრძელება. გამოდის, უომრად დაზავებას მოსახლეობა არ აპატიებდა. ირანის პოლიტიკური ხაზი, ალბათ, ამ ფაქტორით არის დღეს განპირობებული. ფაქტია, რომ ისევ ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, განხორციელდა თავდასხმები ამერიკის სამხედრო ბაზებზე და სხვ. ანუ პირველად ირანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც მოჰყვა თეთრი სახლის მხრიდან პასუხი. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ისრაელიც არ იყო ომის დასრულების მომხრე და თავადაც იაქტიურა კონფლიქტის ესკალაციისთვის.
– ისრაელი აღარ აქტიურობს ოფიციალურ საიტებზე, თავის საქმეს აკეთებს და ცდილობს ომის ჩარხის შემოტრიალებას, თითქოს არ სურს, გააღიზიანოს საზოგადოება.
– საქმე ისაა, რომ ისრაელის მიმართ დამოკიდებულება, როგორც აღმოსავლეთში, ისე ამერიკაში, საკმაოზე მეტად კრიტიკულია. არ არის გამორიცხული, რომ თავად საზოგადოებაშიც არსებობს ამ კუთხით ნეგატიური მუხტი, რომელიც გადაიღალა ამდენი დაძაბულობისაგან. ყოველი შემთხვევისთვის, ფაქტი ერთია – თუკი ტრამპის მხრიდან გადავავლებთ სიტუაციას თვალს, იგი ებრძვის (და მას ებრძვის) დემოკრატიულ ფრთას, იმ ნაწილს, რომელსაც გლობალისტებს ეძახიან ევროპაში. სწორედ ულტრარადიკალური მემარცხენე ძალებისგან მოდის ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ ომის პროტესტი. ამიტომ არიან ისინი კრიტიკულები როგორც ტრამპის, ისე ისრაელის მიმართ. ორიოდე დღის წინ გავრცელდა უშიშროების სამსახურის მიერ მოსმენის პროცესში გადაღებული ვიდეო, სადაც ერთ-ერთმა სენატორმა ჩამოთვალა ტერორისტული აქტები და შეკითხვა დასვა, ამერიკაში განხორციელებულ რომელ ტერორისტულ აქტში არ მონაწილეობდნენ მემარცხენე ძალები, დაწყებული სკოლებში შევარდნით – დამთავრებული კლერკის მოკვლით და თავად ტრამპზე თავდასხმით. ამ სენატორს არავინ შეეკამათა, მათ შორის, არც სპეცსამსახურები, რომ ყველა ტერორისტულ აქტში მემარცხენეების ავტორობა, ხელწერა იკითხება… აი, ასეთ პირობებში ცხოვრობს ამერიკა და ეს დაპირისპირება დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის მუდმივი შიდა პროცესია, რომელიც უკვე გადაიზარდა იმ სიბრტყეშიც, რასაც მუსულმანებთან დაპირისპირება ჰქვია.
– ამ შემთხვევაში, რატომ აკეთებთ ხაზგასმას მუსულმანებზე?
– იმიტომ, რომ მუსულმანების მხრიდან ტერორიზმი ლამის ბუნებრივი ჩანს და გამორიცხული არ არის, რომ მათი მსოფლმხედველობა (სადაც თუკი მტერს ებრძვი, დასაშვებია ტერორისტული აქტები) აირეკლა ამერიკის კონტინენტის ყოფასა და დემოკრატების მოქმედებებში. ასე რომ, დემოკრატები და მუსულმანები, შეიძლება ითქვას, გარკვეული თვალსაზრისით, ერთი ფრთაა ანუ ტრამპისთვის ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლა (რომლის ერთ-ერთი საყრდენი ირანი იყო) და შიდა დემოკრატებთან ბრძოლა ერთი ფრონტის ორი მხარეა.
– ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ტრამპს ირანთან ომს ლამის წაგებულად უთვლიდნენ, ახლა კი ისეთი ტემპით აღდგა იერიშები, რომ ყველას ეჭვი ეპარება ირანის ამ ვითარებიდან ღირსეულად გამოსვლაში. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში მიუსხდებიან ისევ მოლაპარაკების მაგიდას თეირანის და ვაშინგტონის წარმომადგენლები?
– იცით რა, მშვიდობა მყარდება ორ შემთხვევაში – თუკი მებრძოლი მხარეები შეთანხმდებიან ომის შეწყვეტაზე და დასხდებიან მაგიდასთან. არის მეორე შემთხვევაც – თუკი ერთი მხარე მოწინააღმდეგეს ისე დაამარცხებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი ეკარგება და დამარცხებული დაჯდება მაგიდასთან. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი ასე დასრულდა. სანამ გერმანია არ დამარცხდა, იქამდე მშვიდობა ვერ დამყარდა. ვფიქრობ, აშშ-ირანის კონფლიქტშიც ამ მეორე ვერსიისკენ მიდის. ანუ ტრამპი იძულებული იქნება (კონგრესის არჩევნების მიმართ თავისი ინტერესის მოტივით), კონფლიქტი მიიყვანოს გამარჯვებამდე.
– ფაქტია, რომ გამარჯვების მეტი შანსი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
– რა თქმა უნდა, ეს ასეა… ერთ-ერთი ამერიკული გამოცემის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს საპასუხო ზომები ჯერ არ დაუსრულებია. მისივე თქმით, პრეზიდენტი ორიენტირებულია იმაზე, რომ ირანმა ფასი გადაიხადოს მემორანდუმის დარღვევისა და ჰორმუზის სრუტეში ტერორისტული აქტების გამო. გარდა ამისა, პრეზიდენტი ირანს აიძულებს, გადაიხადოს ფასი ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ეს დამანგრეველი დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
– ბატონო რამაზ, რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს – რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს კიევს, ოდესას, სუმს და ა.შ. რაც მოჰყვა უკრაინის მხრიდან რუსეთის სამრეწველო ობიექტების დრონებით დაბომბვას. როგორ ფიქრობთ, კრემლი უფრო ფართომასშტაბიან შეტევებს განახორციელებს და ევროპაც ჩაერთვება ამ დაპირისპირებაში?
– ევროპა უკვე კარგა ხანია ჩართულია იარაღით, ფულით და ტექნიკით. ერთადერთი, ცოცხალ ძალას ვერ მიაწვდის უკრაინას, რადგან არც აქვს ამის რესურსი. რაც შეეხება ომის დასასრულს, შეგვიძლია იგივე სცენარები მოვიშველიოთ, რომელიც ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში განვიხილეთ. აქაც, შესაძლოა, შიდა სიტუაცია ახდენდეს გავლენას საგარეო პოლიტიკაზე ანუ ომის ფაქტორზე, რადგან აქაც ომია საგარეო პოლიტიკა. როგორც ჩანს, არც რუსეთის და არც უკრაინის მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს დამარცხებას.
– უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გულისხმობთ?
– დიახ, თავადაც ხედავთ, რამხელა გამოსვლები მოჰყვა ფეოდოროვის გადაყენებას, რომლის პერსონაც რუსეთზე დრონებით თავდასხმის სიმბოლოდ იქცა. ფეოდოროვი სამშვიდობო ფიგურა არ არის, პირიქით, მეომარია, რომელიც იმარჯვებს, ამიტომაც მის დაბრუნებას ითხოვს მოსახლეობის დიდი ნაწილი. რიგ ქართველ ანალიტიკოსებს (რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და მათ პოზიციასაც ვიზიარებ) მიაჩნიათ, რომ ამხელა მასშტაბის საპროტესტო აქციები, საეჭვოა, სტიქიური იყოს, ამ გამოსვლებს უფრო ხელოვნურად ორგანიზების კვალი ატყვია. მათივე აზრით, ეს აქციები იმართება დასავლეთიდან, რადგან ფეოდოროვი აკეთებდა ყველაფერს, რასაც იქიდან უბრძანებენ, არა მხოლოდ ბრძოლების წარმოების, არამედ შესყიდვების კუთხითაც, კერძოდ, იგი იყო წამყვანი დამკვეთი დრონების მწარმოებელი ქარხნებისთვის. აქ მილიარდებზეა ლაპარაკი და არ არის გამორიცხული, ამასაც ჰქონდეს მნიშვნელობა. ანალოგიურად, რუსულ საზოგადოებაშიც დუღს ბევრი პრობლემა, რაც უკრაინულ ამბებთან შედარებით ნაკლებად ვიცით, თუნდაც იმიტომ, რომ ქუჩაში არავინ გამოსულა, უფრო კარის ინტრიგების დონეზე მიმდინარეობს ეს დუღილი, მაგრამ იქაც უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი არის მარცხი, კერძოდ, ის, რომ რუსეთმა ამდენ ხანს ვერ შეძლო უკრაინის დამარცხება და არა ის, რომ სისხლი იღვრება და ამდენი ადამიანი კვდება, ანუ ამ ომის ტრაგიკული მხარე არავის აწუხებს.
– პოლონეთსა და მოლდოვაზე რას იტყვით, იქაც საკმაოდ მძაფრი დაპირისპირებებია ზელენსკის მიმართ.
– პოლონეთსა და მოლდოვაში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ჩემთვის უცნობია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ანალოგიური დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ ახალი არ არის განცხადებების დონეზე. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ისმის ამგვარი განცხადებები, თუმცა რადიკალური ნაბიჯი მთავრობის მხრიდან აქამდე არსად გადადგმულა. აი, ამ ქვეყნებში კი ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ უკრაინის დაფინანსებას, იარაღით დახმარებას და სხვ. ეს კრიტიკული დამოკიდებულება ამ ომის მიმართ არ არის ახალი და შეიძლება ტიპურიც იყოს პოლონეთისნაირი ქვეყნისთვის, რომელიც ისეთი ღონიერი არ არის ეკონომიკურად, როგორიც, მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი, რის გამოც, მისთვის უფრო საგრძნობია რუსეთთან დაპირისპირებით მიღებული ზარალი და დანაკარგები, თუნდაც ენერგომატარებლების მხრივ. ასეთივე ტიპის დანაკარგები აქვს მოლდოვასაც, მაგრამ იქ ეს უფრო დაფარულია, ვიდრე პოლონეთსა და უნგრეთში. ამ ქვეყნების პროტესტი ეკონომიკის გამო უფრო დაიწყო, ვიდრე ჰუმანიტარულ მიმართულებაზე შესაძლო გართულებით.
– საქართველოში ძალიან ბევრი ირანელი დაფიქსირდა, რომელიც ტოვებს ქვეყანას ამერიკის მხრიდან დაწყებული ახალი იერიშების გამო. ჯერჯერობით მხოლოდ ტურისტულად მოდიან, მაგრამ ხომ არ გვემუქრება უახლოეს დროში ლტოლვილების ტალღა ჩვენს საზღვარებთან?
– თუკი პირველ განხილვაში გამოყენებულ ირანის სცენარს გავიხსენებთ, ვგულისხმობ ომის იმ კონდიციამდე მიყვანას, როდესაც მეორე მხარე დამარცხდება, ცხადია, გვემუქრება ანალოგიური ტალღა, მაგრამ, პრინციპში, მოსაფიქრებელია თავის არიდების საშუალებები. ადრე საქართველოს ევროკავშირი სთავაზობდა მთელ რიგ საფეხურებზე იმ ლტოლვილების მიღებას, რომლებმაც შემდგომ წალეკეს ევროკავშირის ქვეყნები. მათი დიდი ნაწილი სწორედ ომების შედეგად იყო გაჩენილი. მაშინ საქართველომ მოახერხა ამ პროცესისთვის თავის არიდება. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც გამოიძებნება ასეთი რესურსი. მაშინ მსგავსი ტალღისგან აირიდა თავი საქართველომ იმ მიზეზით, რომ ქვეყანას საკუთარი ლტოლვილები ჰყავს და ისინია მოსავლელი უპირველეს ყოვლისა. ჰოდა, ეს მოტივი ხომ დღესაც არის…
– პრინციპში, ტრამპი უკვე შემოტრიალებულია საქართველოსკენ. წერილიც მისწერა კობახიძეს – „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო…“ რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს მას ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ?
– გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მხრიდან მილოცვების (დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და სხვ.) საპასუხო იყოს ეს წერილი, მაგრამ შეიძლება, ასევე, იყოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესიც. ამ ვერსიის სასარგებლოს მეტყველებს ისიც, რომ მაკა ბოჭორიშვილი მიიწვიეს და გვერდით დაიყენა რუბიომ, რომლისგან გამოგზავნილი ჯგუფები დიდხანს იყვნენ აქ და სწავლობდნენ რაღაც წინაპირობებს თუ გარემოს. ასე რომ, კარგად ჩანს აშშ-ის პოლიტიკური ინტერესი საქართველოსთან მიმართებით. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ჯგუფები ანაკლიაზე იყვნენ ფოკუსირებული, ცხადი ხდება – დერეფნის თემაა წამყვანი ამ ინტერესში.
ირმა ცეცხლაძე