ბრიუსელის გადაწყვეტილება და საქართველო – ახალი სანქციების სიაში
By

ბრიუსელის გადაწყვეტილება და საქართველო – ახალი სანქციების სიაში

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოპლატფორმები და ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმად, ეს არის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდივიდუალური სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს 218 პირსა და ორგანიზაციას, მათ შორის – 48 ფიზიკურ და 170 იურიდიულ პირს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სანქციების მთავარი მიზანია რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო მანქანის შემდგომი დასუსტება. გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის მხრიდან ბოლო დროს განხორციელებული სასტიკი სამხედრო დარტყმების შემდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად შეეხო სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ობიექტებს, კულტურულ და რელიგიურ ადგილებს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ასევე, სანქციების მიზანია, ფინანსური, ტექნოლოგიური და ენერგეტიკული რესურსების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო შეზღუდვა და იმ კომპანიებისა და შუამავლების გამოვლენა, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობენ. აკრძალვა ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა. ამასთან, სანქციების სიაში დაემატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი კომპანია, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის აკრძალვისთვის გვერდის ავლას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტშიც იყო საუბარი ყულევის ნავთობტერმინალზე. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა, რომელმაც ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტის პროექტი მოიპოვა, თუმცა მალევე გახდა ცნობილი, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის თანახმად, „პოზიცია გადაიხედა“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები. მაშინ ამით გადაურჩა ყულევის ტერმინალი დასანქცირებას, თუმცა, ფაქტია, 21-ე სანქციათა პაკეტში მაინც აღმოჩნდა.
ევროკავშირი ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 14 პლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან დაფუძნებული. ამასთან, ევროკავშირს შემოაქვს შესაძლებლობა, სრულად აკრძალოს მესამე ქვეყნების კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისები, თუ ისინი რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები საქართველოს მთავრობის, საბანკო სისტემის ან ქვეყნის ეკონომიკის სხვა ძირითად სექტორებში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ ეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესებას.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში განმარტეს, რომ საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენებოდეს სანქციების გვერდის ავლისთვის.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ არის სანქცირებული ქვეყანა და ევროკავშირის გადაწყვეტილება კონკრეტულ კომპანიებს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე.
„ზოგიერთ ძალებს სურდათ, საქართველოში შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა და ეს არის ბიზნესი, რომლითაც კონკრეტულად ეს საწარმო იყო დაკავებული და გადამუშავებას ახდენდა, მათ შორის, რუსული ნავთობპროდუქტებისა. სურდათ ისე შეეზღუდათ, რომ ეს სანქციებში არ შეეტანათ. ჩვენ თავის დროზე ამას ვეუბნებოდით, რომ თუკი რაიმეს შეზღუდვა უნდოდათ, შეეყვანათ სანქციებში, ეთქვათ, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია, სანქცირებულია და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდება. ისინი კი რას გვეუბნებოდნენ – ბრიტანეთის ელჩი და ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ კარდაკარ და გვეუბნებოდნენ, რომ სანქციებს არ დააწესებდნენ.
სანქციებს იმიტომ არ აწესებენ, რომ თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აიძულეთ ბიზნესმენები, ნავთობი არ შემოიტანონო. ჩვენ ვუთხარით, რომ შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში კანონით დაშვებული საქმიანობა აუკრძალო ბიზნესს. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ უკანონო ზეწოლა განგვეხორციელებინა ბიზნესზე. ჩვენ ვუთხარით, რომ ამას სახელმწიფო არ გააკეთებდა, რადგან ეს არ იყო სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც რასაც უნდოდათ, იმას ეტყოდნენ და აკეთებინებდნენ. რომ ნახეს, სახელმწიფო არ აპირებს უკანონოდ შეზღუდოს ბიზნესი და არასამართლებრივი გზებით ზეწოლა მოახდინოს, თავად მოახდინეს ეს ზეწოლა. პირდაპირ აქვთ კომუნიკაცია ამ ბიზნესთან. ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ რუსულ ნავთობს ჩაანაცვლებენ სხვა ნავთობით. ეს მათი ბიზნესგადაწყვეტილებაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ ის კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით არ ჩაერევა ბიზნესში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში.
რაც შეეცება ოპოზიციას, საკითხს უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს და მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიების სანქცირებულთა სიაში მოხვედრა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახება.
„ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი ,,ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროკავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ. ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასოდეს უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის, ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული, რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად“, – განაცხადა ,,ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.
ექსპერტთა შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო სანქციების სისტემა სულ უფრო მეტად ფოკუსირდება მესამე ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ოპერატორებზე, ამიტომ საქართველომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა დაიცვას სანქციების რეჟიმი, არამედ საერთაშორისო პარტნიორებსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ ქვეყანა სანდო და გამჭვირვალე ეკონომიკური პარტნიორია, რადგან ამაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება 21-ე პაკეტი ერთჯერად შემთხვევად, თუ ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ახალ ეტაპს დაუდებს საფუძველს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *