გია ხელაშვილი: რუსეთში ძლიერდება დასავლეთთან „წმინდა ომის“ პროპაგანდა
ისტორიკოსი გია ხელაშვილი საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციაზე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ბატონო გია, პოპულარული უკრაინელი გენერალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა. არადა, მის გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს იმედი. რითი ახსნით ამ საპირისპირო მოსაზრებებს?
– უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად ბრიტანეთში ელჩად მყოფი გენერლის, ვალერი ზალუჟნის ეს განცხადება, ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებთანაცაა დაკავშირებული. ზალუჟნის თქმით, უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების სფეროში სხვა ალიანსებზე, თუმცა მან ისიც იცის, რომ არანაირ ანტირუსულ სამხედრო ბლოკში არ დაუშვებს უკრაინის გაწევრიანებას მოსკოვი. აღსანიშნავია, რომ ვალერი ზალუჟნისა და თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ახლახან გადაყენებული მიხაილო ფედოროვის ივლისის რეიტინგები ერთმანეთთან ახლოსაა. უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, უსამართლოდ მოხსნილი ფედოროვის რეიტინგი 65%-მდე გაიზარდა, ხოლო ზალუჟნის – 70%-ია.
– როგორ დაახასიათებდით ამ ორ პიროვნებას, რომელს რა შანსი აქვს არჩევნებში გამარჯვების?
– ფედოროვი ტექნოკრატია. ის არის თანამედროვე უკრაინაში ციფრული ტრანსფორმაციისა და სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების მთავარი სახე. მას აქტიურად უჭერენ მხარს ევროპიდან. სწორედ დასავლეთის დაზვერვის (MI6) სამსახურების მიერ არის უკრაინაში მისი მხარდამჭერი საპროტესტო ტალღა ორგანიზებული თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის სამხედროებში ავტორიტეტით არ სარგებლობს. ზალუჟნის იმიჯი კი მრავალშრიანია. ის აღიქმება არა უბრალოდ ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნად ან დიპლომატად, არამედ ეროვნული წინააღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ. სხვათა შორის, კიევში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაზე, ელჩებთან საერთო შეხვედრაზე, უკრაინის ელჩმა ბრიტანეთში, თადარიგის გენერალმა ზალუჟნიმ ნატოს მისამართით მაშინაც კრიტიკულად განაცხადა: „ნატოს ძალიან კარგად ვიცნობ. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვიყავი ჩართული იმ საქმეში, რომ ჩვენ ნატოს სტანდარტები დაგვენერგა, ყოველ წელს კი ვისმენდი ზღაპრებს, რომ აი, სულ მალე, შევიდოდით ნატოში. სამწუხაროდ, ჩვენ ნატოში ვერასოდეს შევალთ! შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“. ალბათ ხვდებით, ალიანსის რა კოლოსალური მასშტაბის ჩამორჩენაზე ლაპარაკობს უკრაინელი გენერალი. გამოდის, უკრაინა, რომელმაც მილიონობით ჯარისკაცი დაკარგა არა თავისუფლებისთვის, არამედ ნატოსთვის, ზალუჟნის თქმით, იქ ვერასდროს შევა და როგორ გგონიათ, საქართველო შევა?! საინტერესო რაღაც აქვს კიდევ გასულ წელს ზალუჟნის ნათქვამი: „იმ მსხვერპლით, რომელიც მე რუსეთს მივაყენე, მსოფლიოს ნებისმიერ არმიას შევაჩერებდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს რუსეთს არ ეხება, დავრწმუნდი, რომ მას ვერანაირი მსხვერპლით ვერ შევაჩერებთ, რუსეთი ამ კანონზომიერებას არ ექვემდებარება“. აღსანიშნავია ისიც, რომ ზელენსკის და ზალუჟნის შორის პირდაპირი საუბარი 2026 წლის ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში შედგა. ვადაგასულმა პრეზიდენტმა მოქმედ ელჩს პირდაპირ მოსთხოვა და მოუწოდა, არ ჩართულიყო საარჩევნო კამპანიაში, არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ეს ომის პირობებში ქვეყნის პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. ზალუჟნიმ ამ მოთხოვნის საპასუხოდ დააფიქსირა, რომ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ის აუცილებლად იყრიდა კენჭს უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე… ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– უკრაინა ისევ განაგრძობს რუსეთზე დრონებით იერიშებს…
– დიახ, ახლახან, კრასნოდარის ოლქის ქალაქ გელენჯიკის მახლობლად, არხიპო-ოსიპოვკაზე უკრაინელების თავდასხმის კადრები გავრცელდა – კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი დამსვენებლებით სავსე სანაპიროზე ეცემა… თავდაპირველი ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ორი ბავშვი, და 40 ადამიანი დაშავდა (მათ შორის, ათობით ბავშვი). ბოლო მონაცემებით კი, მსხვერპლის რიცხვი 12-მდეა გაზრდილი.
– „მთავარი“ კი წერს, რომ რუსებმა ჩამოაგდეს უკრაინული დრონი და პლაჟზე უდანაშაულო ადამიანები, თითქოს, მისმა ნამსხვრევებმა მოკლა…
– იცით რა, ეს უმძიმესი სამხედრო დანაშაული არცერთი მხრიდან არ მართლდება. ალბათ იცით, რომ უკრაინელებს სამიზნეებს ურჩევს ნატო, პირველ რიგში აშშ, ასევე ბრიტანეთი და საფრანგეთი… ისინი არაფერს იმჩნევენ მანამ, სანამ რუსები მხოლოდ უკრაინას ურტყამენ და სანამ საკუთარ ქალაქებში არ ექნებათ პასუხი. გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეშვება უპილოტო აპარატი სანაპიროზე და ხალხში ფეთქდება. ახლა ამას რაც მოჰყვება, უკვე იცით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი გამანადგურებელი პასუხით იმუქრება.
– დონალდ ტრამპმა ირანზე მასშტაბური დარტყმა გააუქმა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ მასობრივი სამხედრო თავდასხმისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო, თუმცა ოპერაციის გაუქმებაზე თანხმობა გასცა მას შემდეგ, რაც თეირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად პაუზა ითხოვეს…
– კი, თურმე ყელის გამოწევით ეხვეწებოდნენ, რაც, ირანული სახელმწიფო მედიის თქმით, ტოტალური ტყუილი და ტრამპის მოგონილი რეალობაა. პირიქით, ირანის ხელმძღვანელობა ამჟამად აცხადებს, რომ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად არის და მიანიშნებს, რომ ჰორმუზის შემდეგ ბაბ-ელ-მანდების სრუტესაც ჩაკეტავს. ეს რომ ირანს მარტივად ხელეწიფება მოკავშირე იემენელი ჰუსიტების ხელით, ვაშინგტონმაც კარგად იცის. სინამდვილეში Patriot-ის გადამჭერი რაკეტების მწვავე დეფიციტის გამო ვერ გაბედა ტრამპმა ირანზე თავდასხმა, რადგან პენტაგონის გენერლებმა გასაგებად აუხსნეს, რომ არათუ სპარსეთის ყურეში მოკავშირე არაბული მონარქიების კრიტიკული ინფრასტრუქტურის (პირველ რიგში – წყლის გამმტკნარებელი სისტემის, ნავთობისა და გაზის ტერმინალების), არამედ რეგიონში აშშ-ის საელჩოების, საკუთარი სამხედრო ბაზების და ისრაელის უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ირანის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების საპასუხო დარტყმების შემდეგ.
– ტრამპი, ასევე, ზელენკის მხარდაჭერაზეც ალაპარაკდა. ბოლოს კარგი მიღებაც მოუწყო და თავდაცვის გაძლიერებასაც დაჰპირდა.
– აღარ არის საინტერესო, თუ რას იტყვიან ევროპა, ტრამპი ან ზელენსკი, ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, ბოლო დღეებში კრემლის ლიდერების მხრიდან რა საშიში განცხადებებიც კეთდება. პუტინის, ლავროვისა და მედვედევის საომარი რიტორიკის გაძლიერების შემდეგ, რომელთაც დაუფარავად მიანიშნეს იმ მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებზე, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ევროპას, საქმეში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურიც ჩაერთო, პატრიარქმა კირილმა, პრაქტიკულად, მთელ რუს ერს მოუწოდა, გაერთიანდეს სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლაში და თავი არ აარიდოს რუსი ხალხის ისტორიულ ვალდებულებას – იყოს გამარჯვებული უკრაინაზე… ანუ, რუსეთში ძლიერდება დასავლეთთან „წმინდა ომის“ პროპაგანდა.
– ამჟამად რა ვითარებაა უკრაინაში?
– სამწუხაროდ, ძალიან მძიმე დღეები უდგას უკრაინელ ხალხს. კიევი, კიევის ოლქი, ლვოვი, დნეპრო, კრივოი როგი, ოდესა, მიკოლაევი, ხარკოვი, პოლტავა, ივანო-ფრანკოვსკი, როვნო, ვინიცა, ჟიტომირი ცუდ მდგომარეობაშია….სისტემურად ნადგურდება დასავლეთ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის (ნავთობბაზები, გაზის ტერმინალები) ობიექტები, სარკინიგზო კვანძები, სამხედრო-ლოგისტიკური ცენტრები, იარაღის საწყობები და აეროდრომები, დანგრეულია ან დაზიანებული ათობით საცხოვრებელი კორპუსი. თუ გახსოვთ, ვწერდი სოციალურ ქსელში, რომ ამ კვირიდან ლვოვსა და გალიციის ოლქებში პოლონეთთან და ევროპის სხვა ქვყნებთან დამაკავშირებელ ლოგისტიკურ ხაზებზე დაიწყება-მეთქი რუსეთის სარაკეტო შეტევა… ბოლო მასირებული იერიშის ფოტო და ვიდეომასალას (მხოლოდ სახლებისას, არადა, პირწმინდად განადგურდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები) თავად ვლადიმერ ზელენსკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 280 დრონი და 70 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა. რა თქმა უნდა, მან ისიც თქვა, უმეტესობა ჩამოვაგდეთო, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს უკრაინიდან გავრცელებული ვიდეოკადრები, თითქმის მთელი უკრაინა ცეცხლსა და კვამლში იყო გახვეული, ჩვენი პროპაგანდისტული არხები კი ისევ იმას იუწყებოდნენ, უკრაინამ დრონები გაუშვა რუსეთისკენ და ესა და ეს ადგილები დაბომბაო… რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა არათუ ისევ ჭირს, არამედ შეუძლებელი ხდება „პეტრიოტის“ ტიპის ანტირაკეტების უქონლობის გამო. აღნიშნული რაკეტების ფიზიკური დეფიციტია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თავად აშშ-შიც. ტრამპი ჯერ დაჰპირდა, მაგრამ ამ დღეებში, ვაშინგტონში ყოფნისას, „პეტრიოტებზე“ უარი უთხრა ზელენსკის.
– ევროპა ხომ ეხმარება უკრაინას?
– ევროპაც ვერ მისცემს, მათვე დასჭირდებათ მალე… ხოლო ირანის კრიზისის პირობებში, „პეტრიოტების“ კრიტიკული მარაგების შემცირების გამო, აშშ-ს არ შეუძლია უკრაინისთვის მისი მიწოდება. ამ მხრივ უმძიმეს მდგომარეობაში არიან ამერიკის არაბი მოკავშირეებიც მთელ ახლო აღმოსავლეთში. აშშ, ფაქტობრივად, მხოლოდ ისრაელის დაცვაზეა კონცენტრირებული და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საკუთარი ბაზების დაცვაც უჭირს. მალავენ ამერიკელები, თორემ ირანული და არაბული წყაროების ცნობით, ამერიკულ ბაზებზე 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა ბოლო ორ კვირაში მოკლული და 1000-ზე მეტია დაჭრილი ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად. სწორედ ამიტომ გასცა ტრამპმა ირანზე თავდასხმების შეჩერების ბრძანება… უკრაინის დასაცავად ნამდვილად არ სცხელათ ამერიკელებს. ზელენსკის მხოლოდ რუსეთზე დრონებით პროვოკაციული შეტევის საშუალებას აძლევენ, რასაც პასუხად რუსეთის გაასმაგებული გამანადგურებელი დარტყმები მოსდევს, შემდეგ კი პასუხს რიგითი უკრაინელები აგებენ.
– რა ელოდება მსოფლიოს?
– აშკარაა, რომ ისტორიის ურთულესი დღეები მალე დადგება, კოლექტიურ დასავლეთთან ომზე რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში ღიად ალაპარაკდნენ. მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის აქტიური ფორმირება. უახლოეს პერიოდში იხილავთ გამანადგურებელ დარტყმებს ევროპის ქვეყნებზე და თუ ვინმე ფიქრობს, ვაშინგტონი გადარჩება და მასზე დარტყმას ვერ გაბედავენ, ძალიან ცდებით, 58 სახელმწიფო იბრძვის ერთის წინააღმდეგ და რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ის (რუსეთი) მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებაზე არ წავა და რადიოაქტიურ უდაბნოდ არ აქცევს სიხარბისგან გონდაკარგულ ამერიკას და ევროპას? ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ქართველები არა ვართ, არ არის ჩვენ შორის პროევროპელი, პროამერიკელი, პროჩინელი, პრორუსი და პროუკრაინელი… და რომელიმე ჩვენგანი ვართ რუსეთის ლიდერი, რას ვაკეთებთ? ვუცდით, როდის გაგვანადგურებს ორმილიარდიანი სამყარო და დაშლის ჩვენს ქვეყანას?.. და ჩვენ რომ ვიყოთ და გვქონდეს მათსავით 8-დან 12 000-მდე ბირთვული ბომბი და ქობინი, გვქონდეს განკითხვის იარაღი – „პოსეიდონი“, „მფრინავ ჩერნობილად“ წოდებული „ბურევესტნიკი“, „ავანგარდი“ და „სარმატი“, „ორეშნიკი“ – რომელთა ჩამოგდება არ შეუძლია დასავლურ თავდაცვის სისტემებს, დავდგებით და ვუყურებთ, როგორ გვიფეთქებენ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მუსლიმი და აფრიკელი მიგრანტებისგან წალეკილი, პოლიტიკურად გაკოტრებული ევროსატელიტები მატარებლებს, ხიდებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ონლაინმაღაზიებს, თავს ესხმიან ჩვენს ტანკერებსა და ტვირთმზიდ გემებს და როგორ გვიკლავენ ადამიანებს ყოველდღე? არა! არ მოვითმენთ არცერთი… ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ რუსებს არ აკლიათ დაუნდობლობა, უკრაინელები მხოლოდ იმიტომ არსებობენ ჯერ კიდევ, რომ მათ როგორც ეთნიკურ რუსებს, ისე უყურებს კრემლი, მაგრამ სულ უფრო ხმამაღლა ისმის პუტინისადმი რუსი ნაციონალისტების მოწოდებები, რომ დროა უკრაინას სასიკვდილოდ დაარტყან და დაასრულონ მისი არსებობა. არ ვიცი, გაიმეტებენ თუ არა ასეთ დონეზე უკრაინას, მაგრამ ევროპელებს რომ სასტიკად გაიმეტებენ, ეჭვი არ შეგეპაროთ და ვუყუროთ, როგორ დაიცავს, მე-5 პუნქტის შესაბამისად, თავის არაფრისმაქნის ნატოელ მოკავშირეებს ამერიკის შეერთებული შტატები…
ირმა ცეცხლაძე