„აქ ჭეშმარიტი სიყვარული და მოფერება ვნახე“
By

„აქ ჭეშმარიტი სიყვარული და მოფერება ვნახე“

შუამთობა-2026

სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე იზეიმეს, რომელსაც  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლე სოფიო ბაკურიძესთან, რეგიონის მთავრობის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო. სტუმრებმა ჩირუხის მთაში შარშან გახსნილი ზიპლაინის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელიც ხელს უწყობს ამ მთაში ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ვიზიტიორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

მარეთისა და მაჭახლის ხეობების 25-ზე მეტი სოფლის მემთეურები, მრავალი დამსვენებელი ჩირუხში ატარებს ზაფხულს. მათთან ერთად „შუამთობის“ დღესასწაულის მთავარ ღონისძიებაზე მოვიდნენ ისინი, რომლებსაც მშობლიურ კუთხესთან სიყვარული აკავშირებთ. მათ შორის იყო თბილისში მცხოვრები და მომუშავე, სოფელ ოლადაურში დაბადებული და დაფრთიანებული, საქვეყნოდ ცნობილი კარდიოლოგი ბონდო მაკარაძე.

– ვინც იცის „შუამთობის“ დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა, მას არც უნდა გამოაკლდეს. წლევანდელ ზეიმზე კოლეგები და მეგობრები მოვიპატიჟე. მათ ჩირუხს „მთის ქალაქი“ უწოდეს. მეც გაოცებული ვარ იმ ინფრასტრუქტურითა და ახალმშენებლობებით, რაც ამ მთაშია. ისიც მახარებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები უმჯობესდება. ზეიმის ორგანიზატორებმა თანამედროვე სტანდარტების შესაფერი სცენა, გახმოვანება, სხვა სიახლეები დაგვახვედრეს, – გვითხრა ბონდო მაკარაძემ.

სცენის მიმდებარე ტერიტორია მოზეიმეებმა შეავსეს. მათ შეუერთდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლითურთ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამინისტროებისა და უწყებების, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის თვითმმართველობების წარმომადგენლები, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, სტუმრები თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან.

ზეიმის წამყვანმა ბერდია კუტუბიძემ სცენაზე ნორჩი მოცეკვავეები იხმო. შემდეგ შეკრებილებს მიესალმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე: „მოგესალმებით თითოეულ მობრძანებულ სტუმარს. განსაკუთრებულ მოფერებას „შუამთობის“ მასპინძლები, ჩვენი უხუცესი მემთეურები იმსახურებენ… მათ ეს დღესასწაული დღემდე შემოგვინახეს, რომელშიც ჩანს ჩვენი იდენტობა, კულტურა, ადათ-წესები, სტუმრის კულტი. ის ჩვენს წარსულსა და მომავალს აერთიანებს. მადლობა ყველას ამ შორეულ მთაში მობრძანებისა და ზეიმში ჩართულობისთვის. აქ ოთხი თაობის ადამიანები ვნახეთ. განსაკუთრებულ მოფერებას ჩვენი ახალგაზრდობა იმსახურებს. ჩირუხელებს მადლობა თანადგომისთვის, მთის განვითარებაში გონივრული ხელშეწყობისთვის, გვერდით დგომისთვის. რომ არა მათი დაინტერესება, ეს მთა თანმიმდევრულ განვითარებას ვერ შეძლებდა. მადლობა ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობას მთა ჩირუხის ტურისტული პოტენციალის ათვისებაში. წარსულს შეერწყა თანამედროვე ზიპლაინი. ეს დიდი განაცხადია მომავლისთვი. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს. მისი თანადგომით მთა კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალი შენაძენებით გამდიდრდება“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა აჭარის მთებში საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიციებისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახალი პროექტების განხორციელებას.

„ჩირუხს და ყველა მთას სჭირდება გაძლიერება და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა მთიან აჭარას, ისევე, როგორც ექვსივე მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვავითარებთ წარმატებულ პროექტებს, რომლებიც სამომავლოდაც გაგრძელდება და მოჰყვება ახალი ინიციატივების რეალიზებაც. ვზრუნავთ, ღირსეულ ადამიანებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ. წარმატებები მათ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტია მთაში თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ახალგაზრდების ხელშეწყობა და რეგიონის კიდევ უფრო გაძლიერება.

მოზეიმეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე.

შუახევის კულტურის ცენტრთან, ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების „მერცხალის“, „ზე-კართან“, „შუახევის“, „ჭვანის“, „ნაის“ გამოსვლების შემდეგ, მოზეიმეთა წინაშე მოწვეული ბენდები წარსდგენ. დიდი მოწონება დაიმსახურა ზვიად ბოლქვაძის ბენდმა.

„მთიანი აჭარა უძველესი ტრადიციებით გამოირჩევა, მათ შორისაა ,,შუამთობა“. ასეთი ამაღლებული განწყობა იშვიათობაა. მადლობა ჩვენს მემთეურებს, მათი შრომის დამფასებლებს. მთას გამორჩეული ხელი სჭირდება, რაც დღეს იგრძნობა. მოხარული ვარ, რომ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა სტუმრები და მასპინძლები მოხიბლეს. დღეს მოფერებით, ბედნიერებით ვართ გარემოცულნი,“ – გვითხრა მწერალმა, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძემ.
მთელი დღის განმავლობაში საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. ჩირუხში გამართული „შუამთობის“ თანმდევია ასპარეზობა ქართულ ჭიდაობაში. წელს პირველი ადგილი და ცხვარი რამინ შავაძეს ერგო. მკლავჭიდში უძლიერესი დავით ტაკიძე იყო. შთაბეჭდილებების გაზიარება მონაწილეებს ვთხოვეთ.

 კოტე მჟავია, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი: – მთიან აჭარას, მის მკვიდრთ გილოცავთ ამ უმშვენიერეს ზეიმს. პირველად ვარ ამ დღესასწაულზე. საოცარი განწყობა მეუფლება. ამდენი მომღიმარი სახის ნახვა დღევანდელ აწეწილ მსოფლიოში სასიხარულოა. სიკეთე და ბედნიერება მთიან აჭარას, სრულიად საქართველოს და მსოფლიოს, ამ ღონისძიების მთავარ შემოქმედს, აქ მოფუსფუსე მემთეურებს. დიდი მადლობა ყველას.

ნანა გორგასლიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი:
– უპირველესად, სტუმარსა და მასპინძელს „შუამთობას“ ვულოცავ. ქვეყნის ცხოვრებაში ეს ბედნიერი და დიდებული დღეა. თუ მთას არ გავუფრთხილდით, ბარში მდინარე, წყალი, ჰაერი არ გვექნება. ადამიანებმა მთას უნდა მივხედოთ. ძალიან მიხარია, ამ სიმშვენიერით, სილამაზით რომ ვტკბები. გზად რომ მოვდიოდით, ეს ხეობა შვეიცარიას შევადარეთ. ჩვენს საქართველოს, მთიან აჭარას ბადალი არ მოეძებნება, მსურს ეს კუთხე, აქ მოფუსფუსე ადამიანები წარმატებულნი და გამარჯვებულნი იყვნენ. საქართველო ერთიანი და ლამაზი მინდა. გვიხაროდეს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოხატვა. აქ ჭეშმარიტი სიყვარული, მოფერება ვნახე.

„შუამთობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ჩუდურაულში, ნათელათში, გაიმართება თაგინურზე, ღომაზე, ზოტიყელში.
ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *