„სწავლა საზღვარგარეთ“  – პროგრამა საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მისაღებად და პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად
By

 „სწავლა საზღვარგარეთ“  – პროგრამა საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მისაღებად და პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების – „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის  ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისთვის,  წელს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის 4 სტუდენტი იყო შერჩეული, მათ შორის,  მარიტა გაბიტაძე და ქეთი ბოლქვაძე. ისინი 14 სექტემბრიდან 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით (ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში) უნგრეთში, ესთერჰაზი კაროლის კათოლიკურ  უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ისწავლიან. საერთაშორისო მობილობა სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება. უნგრეთში გაემგზავრება,  ასევე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კიდევ ორი სტუდენტი –  ლიზი გოგაძე და ინგა ინწკირველი (მოდის დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები), რომლებიც იმავე უნივერსიტეტში ისწავლიან, ოღონდ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, მათ სწავლას სწორედ  Erasmus+ დააფინანსებს.

როგორც  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა სალომე ჩიკაშუამ გვითხრა, გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტში მესამე წელია, რაც ხორციელდება.


– პირველად ასეთი პროგრამით უცხოეთში, კერძოდ, ლატვიაში, მოდის დიზაინის სტუდენტი ხატია გორგოშაძე იმყოფებოდა. ის ჩვენი სამინისტროს  დაფინანსებით სწავლობდა.  წელს უნივერსიტეტში  ერასმუსის პროგრამით პირველად  აქვთ გაცვლითი პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. რა თქმა უნდა, პროგრამას აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროც აფინანსებს. გაცვლითი პროგრამა აუცილებლად უნდა  ხორციელდებოდეს  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, იქ არსებულ აკრედიტებულ სახელმწიფო სასწავლებელთან.  ხდება სემესტრული გაცვლა, სწავლა ოთხ-ხუთ თვეს მოიცავს.  გაცვლითი პროგრამისთვის სტუდენტების შერჩევა უნივერსიტეტში, კონკურსის წესით ხდება. პროგრამა თითქმის ყველა მიმართულებაზე გვაქვს.  ამჟამად იგი კულტურული ტურიზმისა და  ტურიზმის მენეჯმენტის, ასევე, მუსიკის ფაკულტეტზე  ხორციელდება. სექტემბრიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლები  მოლაპარაკებას  სამსახიობო და  კინორეჟისურის ფაკულტეტების სტუდენტებისთვისაც  გამართავენ. ამჟამად კონკურსით ოთხი სტუდენტი შეირჩა, ორი ერასმუსის დაფინანსებით მიემგზავრება, ორიც – სამინისტროს. სწავლა 14 სექტემბერს იწყება. უკვე ყველაფერი მოწესრიგებულია, მათ შორის ბინისა და  სტიპენდიის საკითხი… სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიღრმავონ პროფესიული  ცოდნა, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, მონაწილეობა მიიღონ ინტერკულტურულ საგანმანათლებლო გარემოში.  ამასთან,  ისინი უცხოეთში  უნივერსიტეტის, საქართველოს  სახეს წარმოადგენენ, მათ მასპინძლებს უნდა გააცნონ ჩვენი კულტურა, ტრადიციები… უნგრეთში ჩვენი სტუდენტები პირველად მიემგზავრებიან. გვაქვს, ასევე, თანამშრომლების, პერსონალის გაცვლითი პროგრამაც, რომელიც უკვე სამჯერ განვახორციელეთ. ამ პროგრამით  ჩვენი პედაგოგები და ტექპერსონალი  ორჯერ ესპანეთში და ორჯერ უნგრეთში იმყოფებოდნენ. ეს არის მოკლევადიანი გაცვლა.  წელს მე და მუსიკისმცოდნე ხათუნა მანაგაძეს მოგვიწია ამ პროგრამით უცხოეთში ყოფნა. ხათუნამ იქ ლექციებიც წაიკითხა, – გვითხრა სალომე ჩიკაშუამ.

 

გავესაუბრეთ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით  ესპანეთში  გაცვლითი პროგრამით უკვე მყოფი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამეკურსელ  დავით ურუშაძეს. იგი ჩასაბერი ინსტრუმენტების ფაკულტეტზე (საყვირზე) სწავლობს.
– მეც გავიარე კონკურსი უცხოეთში გასამგზავრებლად. მეორე კურსის მეორე სემესტრი ესპანეთში,  ქალაქ ვიგოს უმაღლეს სასწავლებელში, კერძოდ, სახელმწიფო კონსერვატორიაში ვისწავლე  საყვირის სპეციალობით.  სწავლისთვის  ძალიან კარგი პირობები გვქონდა. კონსერვატორიას ცალკე გამოყოფილი აქვს  შედარებით პატარა ოთახები, რომელსაც სავარჯიშოდ იყენებენ,  ხმაურმა  რომ სხვა არ შეაწუხოს. იქ ყველაფერი  განსხვავებული იყო. ვსწავლობდით ოთხშაბათისა და შაბათ-კვირის გარდა. რა თქმა უნდა, ენის ბარიერი იყო. მე ესპანური არ ვიცი,   თუმცა ლექციები ინგლისურად ტარდება და სასწავლებელშიც ინგლისურად საუბრობ. შესაბამისად, იქ თუ მიემგზავრები, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.   ზუსტად ოთხი თვე ვისწავლე ესპანეთში აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით. სწავლით კარგად უნდა ისწავლო, რადგან თუ  ყველა საგანი არ ჩააბარე, მაშინ სწავლის საფასურს უკან აბრუნებ. მე თეორიული სწავლება თითქმის არ მქონდა, ძირითადად, პრაქტიკულად ვმეცადინეობდი (ენის გამო), რამაც ძალიან ბევრი მომცა და ამას მთელი ცხოვრება გამოვიყენებ.

– დათო, რა გასწავლა იქ ცხოვრებამ?

– უპირველესად, დროის, ხელოვნების ფასი, თუმცა მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენ შრომის ფასი ვიცით.

– დათვალიერების დრო ხომ გქონდა?

– კი, ბევრი რამ დავათვალიერე. დავდიოდი მადრიდში, იქ ქართულ ტაძარში ვიყავი, გავიცანი ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პიროსი, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი, გულთბილადაც მიმიღო…

– შენ თუ იმსახურე ტაძარში როგორც სტიქაროსანმა, რამდენადაც ვიცი, ბათუმის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის სტიქაროსანი ხარ?

– კი, რამდენიმეჯერ ვიმსახურე, სტიქარი მათ მათხოვეს. ძალიან კარგ ადამიანებში მოვხვდი. მამა პიროსი იქ  20 წელია მსახურობს.

– რა გსურს, რომ ჩვენთანაც ისე იყოს, როგორც იქაურ სასწავლებელშია?

– ბევრი რამ… მე პატარა ქალაქში ვიყავი, მაგარამ ბევრი რამ ისე იყო, როგორც დიდ ქალაქებშია… სასწავლებელი ულამაზესი,  ძალიან საინტერესოდ იყო დაპროექტებული. საკმაოდ ბევრი აუდიტორია ჰქონდათ, საუკეთესო ინსტრუმენტებით სავსე ოთახები…  თუმცა ქუჩაში ისეთ უხამსობას წააწყდებოდი, რომ თვალი უნდა დაგეხუჭა…

– და მაინც, ასეთი გაცვლითი პროგრამები კარგია?

– რა თქმა უნდა, და რაც შეიძლება, ბევრმა უნდა გაიაროს, ამას  ყველას ვუსურვებ და იცით, რატომ? საკუთარ ქვეყანას უფრო აფასებ. მარტო იმის ძახილით, რომ რა ცუდია ჩვენთან ყველაფერი, არაფერი გამოგვივა, ცოტა ჩვენც უნდა გავანძრიოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ ხელი.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *