,,ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა – რას გეგმავს ენმ?
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შიდაპარტიული დაპირისპირებების ფონზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გეგმავს პარტიის გადახალისებას და მის გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პარტიამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა შეინარჩუნოს და ამ მიზნისთვის საჭიროა როგორც მხარდამჭერთა მობილიზება, ისე პარტიული სტრუქტურების გაძლიერება.
ბოლო დღეებში ყურადღება მიიქცია თინა ბოკუჩავამ, რომელიც პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასიურობით გამოირჩეოდა. იგი არ გამოჩენილა 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რადგან დასასვენებლად იმყოფებოდა და არც საჯარო პოლიტიკურ პროცესებში ჩართულა.
განსაკუთრებული მღელვარება პარტიაში თინა ბოკუჩავას განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან თქვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომა არალეგიტიმური იყო.
,,გარდა იმისა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი, ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობას, იქ არ იმყოფებოდა თავმჯდომარის არცერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები. მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჩემი ინფორმაციით, და ეს ცნობები, ბუნებრივია, მე მომივიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ პოლიტიკურ საბჭოს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლებამოსილი“, – განაცხადა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოკუჩავას ბრალდებებს პასუხობენ და მას არასწორი მეთოდებით ბრძოლაში, სიყალბის გავრცელებასა და მავნე მანიპულაციებში ადანაშაულებენ.
,,ძალიან გამიკვირდა თინა ბოკუჩავას განცხადება. ამ სხდომაში არაფერი არალეგიტიმური არ იყო. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა. იქ იყო უამრავი ადამიანი და დამსწრე, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, ოქმს მიიღებს ყველა წევრი, როცა ეს ოქმი მზად იქნება თავისი ხელმოწერებით და ნახავენ, ვინ ესწრებოდა და არ ესწრებოდა. ანშლაგი ნამდვილად არ იყო, რადგან ბევრს არ ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა, თუმცა ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რეგიონიდან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით. ყველა შემთხვევაში, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეეძლო, პარტიას დაენიშნა ყრილობა. ამას არავითარი მანიპულაცია არ სჭირდებოდა“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს ციხიდან ფეისბუქპოსტის საშუალებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურთიერთობების გარკვევას პირადი საუბრით სთავაზობს.
,,ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა“, – წერს სააკაშვილი.
პარტიაში მიმდინარე პროცესებს გაზეთ ,,აჭარასთან“ საუბარში ეხმაურება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.
ზოგადად, მიმაჩნია, რომ პარტია უნდა იყოს მოქნილი არსებული მოცემულობისა და გამოწვევების მიმართ, ამის მიღწევას კი ცვლილებები ესაჭიროება, რათა უზრუნველყოს ხალხთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობა პროცესში“, – გვითხრა კახა მიქელაძემ.
5 აგვისტოს გამართული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობა პარტიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური მოვლენა აღმოჩნდა. ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე დისკუსიების, სტრატეგიული გაურკვევლობისა და ოპოზიციური სპექტრის გადაჯგუფების ფონზე, ყრილობას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ენმ გადადის განახლების რეჟიმზე.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, შესაძლოა პარტიაში ლიდერობის საკითხიც გამხდარიყო განხილვის საგანი, ყრილობამ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე პარტიის ხელმძღვანელობამ სტრუქტურული სტაბილურობის შენარჩუნება არჩია.
გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა მოქმედი ხელმძღვანელი პოზიციები. შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, მმართველი საბჭოს სახით, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა, საბჭოს შემადგენლობა კი განისაზღვრა არა უმეტეს 9 წევრით.
როგორც პარტიაში განაცხადეს, ყრილობაზე მმართველ საბჭოში, წარდგენილი იყო, პოლიტსაბჭოს, მინიმუმ, 15 წევრის მიერ, სხვადასხვა კანდიდატი, თუმცა, საბოლოოდ, ყოფილმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობაზე და დარჩა პოლიტსაბჭოს რიგით წევრად.
ყრილობის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ფავლენიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იქნება, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე – მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი – ნანუკა ჟორჟოლიანი.
ახლა ენმ-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით და ირაკლი ფავლენიშვილის გარდა მასში არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი, ირაკლი ნადირაძე.
აღნიშნულ ყრილობას სკეპტიკურად და ტაკიმასხარაობად აფასებენ მმართველ გუნდში. მათი განცხადებით, პარტიაში არსებითი პოლიტიკური ცვლილება არ მომხდარა და მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ შიდა სტრუქტურულ საკითხებს შეეხო.
,,საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარაობა და პოზიორობა უცხოეთიდან საკუთარი მბრძანებლების წინაშე. რა ყრილობაზეა ლაპარაკი, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური თვალსაზრისით საბოლოო დღეები დათვლილი აქვს. მათ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოებიდან არ აქვთ. სრული არეულობა და ქაოსი აქვთ ე.წ. პარტიაში, ამ ყველაფრის ფონზე რა ყრილობა უშველით?“, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას.
ახლა მთავარია, შეძლებს თუ ვერა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გეგმის განხორციელებას, რეფორმების პოლიტიკურ შედეგებად გარდაქმნას, ამომრჩევლის ნდობის გაძლიერებასა და ოპოზიციურ სპექტრში საკუთარი როლის განმტკიცებას.
თამარ ლამპარაძე