ყაზახი ჟურნალისტები – საქართველოზე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. პუბლიკაციები განთავსდა ყაზახეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს და ეკონომიკურ პორტალზე InBusiness.kz, ასევე, პოპულარულ საინფორმაციო პლატფორმებზე NewsDesk.kz და QAZ-News.kz, ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტატიებში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კულტურული მემკვიდრეობა და არქიტექტურა, ასევე თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული უბნები და ტურისტულად საინტერესო ადგილები. ყაზახი ჟურნალისტები აღწერენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, გურიას, სვანეთს, წყალტუბოს, მცხეთა-მთიანეთს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს: გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძისა და მესტიას.
„ყველა ქვეყანას აქვს თავისი იმიჯი. საქართველოს ხშირად წარმოიდგენენ ცნობილი კულინარიით, ღვინით, ქართული სუფრით, შავი ზღვითა და მთებით. ეს ყველაფერი ნამდვილად ამ ქვეყნის ხასიათის ნაწილია, მაგრამ საკმარისია აქ ერთხელ მაინც ჩამოხვიდეთ, რომ მიხვდეთ: საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ღია ბარათები და ტურისტული მარშრუტები. საქართველო არ არის მარშრუტი, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე გაიაროთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ხელახლა დაბრუნება გინდათ, რათა ყოველ ჯერზე ახალი ადგილები, ტრადიციები და ისტორიები აღმოაჩინოთ“, – წერენ ყაზახი ჟურნალისტები საქართველოზე.