აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
By

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ფრიდონ თურმანიძე მშობლიურ სოფელ მერისში განისვენებს. 8 აგვისტოს საზოგადოების წარმომადგენლებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, გმირის თანამებრძოლებმა.

ღონისძიება საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლმა  გააფორმა. უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე, სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული, მეგობრის დასახმარებლად ბრძოლის ველზე შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვზე აფეთქდა. საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ჭაბუკი 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები. აგვისტოს ომის გმირი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.

შუახეველი ამირან მამალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ქართულ ჯარში სამსახური რომ ისურვა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი წინა ხაზზე იბრძოდა.  9 აგვისტოს, ცხინვალში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბარათაულში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ბუთურაულელი იაგო მიქელაძე, 2008 წლის რუსეთ–საქართველო ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა, მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში 15 დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ … დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენით.

8 აგვისტოს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახეველთა დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახევის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების უფროსი, მაიორი ამირან ფუტკარაძე,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის მემორიალებთან, საფლავებთან მივიდნენ და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალები და საფლავები თაიგულებით, ყვავილებით შეამკეს.

ბარათაულში ამირან მამალაძის საფლავთან იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შოთა ყიფიანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა შალვა შალიკაძემ და ზაზა ბერიძემ.

ხულოში, ბეღლეთისა და ირემაძეების საჯარო სკოლები აგვისტოს ომის გმირების ნადიმ ართმელაძისა და მერაბ ჭელიძის  სახელს ატარებს. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, სოფელ კვატიაში შინდისის გმირის თეიმურაზ ბერიძის ხსოვნის მემორიალი დაიდგა. ასევე ხსოვნის მემორიალია სხალთის ცენტრში, რომელიც წაბლანიდან ბოლნისის რაიონში გადასული, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ასლან შაინიძის გმირობის დასტურია.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ,  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათ აგვისტოს ომის გმირების საფლავები, ხსოვნის მემორიალები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

ოთარ ცინარიძე

 

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *