ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი, ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.