მთავრობის თავმჯდომარე – მერისის ხეობასა და დაბა ქედაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის და სოფელ მერისის საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო პროცესი, ასევე, ქედის ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში 3,3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. გზის გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაგებულია არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი, ამჟამად კი ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. განახლებული გზა გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. პროექტზე 3,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
პარალელურად, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება სოფელ მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლის შენობას, რომლის კონტინგენტი შეადგენს 100-მდე მოსწავლეს, ხოლო განახლებული შენობა 300-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება შიდა სივრცეები, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდება სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
მთავრობის თავმჯდომარე, ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოებსაც გაეცნო, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქედის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მთავარ ამოცანად სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება რჩება.
ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
„აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გზების, საკომუნიკაციო არტერიების მოწესრიგება, მთიანეთის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი ხედვა მთიანი აჭარის გაძლიერებას უკავშირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებიც. მერისის ხეობაში მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გავეცანით. ახალი გზა მერისის ხეობას შუახევის მუნიციპალიტეტთან, ღომას მთასთან დააკავშირებს, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებასა და მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ შესაძლებლობებს. მთიანი აჭარის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა და საგზაო ქსელი. მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, სრულად განახლდება სასწავლო გარემო და სკოლა თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, განათლება თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ. დღესვე შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და არსებულ საჭიროებებსა და მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრეთ. მსგავსი პროექტებით ვქმნით უკეთეს პირობებს მოსახლეობისთვის და ვაძლიერებთ რეგიონს“, – თქვა ზურაბ პატარაძემ.
ცოტნე ცაბაძე