სოსო მანჯავიძე: ისინი, ვინც კიდევ ბარამიძეს უჭერს მხარს, ნამდვილი შეპყრობილები, ეშმაკის ბიოლოგიური დრონები არიან
ორიოდ კვირის წინ, იაგო ხვჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლის შესახებ თქვა, რომ ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ და, აქედან გამომდინარე, არავინ რჩებოდათ გასაცვლელად.
ამ განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. შედეგად, პროკურატურამ ბარამიძის წინააღმდეგ, „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით, გამოძიება დაიწყო. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
ამ საკითხზე გთავაზობთ პოლიტანალიტიკოსების, ვეტერანების და პოლიტიკოსების კომენტარებს.

გია აბაშიძე, პოლიტანალიტიკოსი: ვაიქართველის, გიორგი ბარამიძის განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საკუთარ სეპარატისტულ პროპაგანდას მოარგო: „ნაცებსა“ და ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმს თურმე საერთო გზავნილი ჰქონიათ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება შეფასებულია როგორც „დევნა“ ე.წ. ისტორიული სიმართლის თქმისთვის. ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება „ნაცების“ ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი ბარამიძის განცხადებას იყენებს შემდეგი მიზნებისათვისაც: თითქოს ქართული მხარე ოფიციალურად აღიარებს 1992-1993 წლებში ე.წ. ომის დანაშაულებებსა და აგრესიას და ეს გამოიყენება საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის და მეორე – არის მცდელობა, სეპარატისტული რეჟიმი წარმოჩინდეს „სიმართლის დამცველად“, ხოლო ქართული საზოგადოება – დანაშაულის „ცინიკურ უარმყოფელად“. გიორგი ბარამიძემ სცადა თავის მართლება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ოკუპანტებისა და სეპარატისტების მრავალწლიან პროპაგანდას ქართველების „ომის დამნაშავეებად“ წარმოჩენის პროცესში. იგი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ „ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს“, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე ინტერვიუში სრულად იმეორებს და ამყარებს თავის პირველად ნათქვამს (კვლავ ადასტურებს ტყვეების დახვრეტას და კვლავ უწოდებს ამას „ჩვეულებრივ ამბავს“). შესაბამისად, მისი თავდაცვა თავადვე აბათილებს კონტექსტის დამახინჯების არგუმენტს. სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი აქტორის, გიორგი ბარამიძის პოზიცია პოლიტიკურ-სტრატეგიულად და მორალურად გაკოტრებულია. მან, პრაქტიკულად, მძიმე დანაშაულები დააბრალა ქართველებს, ამის ე.წ. ნორმალიზება მოახდინა და შექმნა სერიოზული საინფორმაციო-პოლიტიკური რისკები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. მოღალატეების ადგილი კი ვიცით, სადაცაა და საზოგადოება ელოდება მართლმსაჯულების არა ტაატით სიარულს, არამედ ეფექტურობას. კმარა ამდენი შადიმანის ბოგინი, კმარა 2008 წლის აგვისტოს ომში თანაოკუპანტი „ნაციონალური მოძრაობის“ საჯარო ასპარეზზე ყოფნა!

ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის“ ლიდერი: – ქართული იგავ-არაკი ლომზე და კატაზე ხომ გახსოვთ – აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი კუდსო, ჰოდა, ამას, სამართლებრივ ენაზე „შერჩევითი სამართალი“ ჰქვია. როცა ერთსა და იმავე დანაშაულზე ერთი ისჯება და მეორე – არა, ეს აჩენს ხალხში მძიმე უსამართლობის განცდას. ბარამიძემ რაც თქვა, ეს ნამდვილად სამშობლოს ღალატია და ამას წყალი არ გაუვა, თანაც უნდა გითხრათ, რომ ტყუილი თქვა, არავის ვხვრეტდით ქართველები, უბრალოდ დაგვაბრალა… თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბარამიძემ თქვა და იაგო ხვიჩიამ და მისმა „გირჩის“ ტელევიზიამ გაავრცელა და მთელ მსოფლიოს მოსდო: „აგერ, ნახეთ, ქართველები თურმე ტყვეებს ხვრეტდნენ და მერე გასაცვლელად ტყვე აღარ ჰყავდათო“, ამას თვით მოღალატე ბარამიძე ადასტურებს… ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო ჩანაწერი და ხვიჩიას და მის ტელევიზიას რომ არ გაევრცელებინა, ან ამოეჭრა ეს ნაწილი, კაცი ვერ გაიგებდა, იქ რა ითქვა. ამიტომ, თუ ბარამიძემ ღალატი ჩაიდინა და ეს ნამდვილად ასეა, მაშინ „გირჩმა“ 100-ჯერ მეტი დანაშაული ჩაიდინა, რადგან სწორედ „გირჩმა“ გაავრცელა ეს და ჩვენ ვხედავთ, რომ არც იაგოს და არც „გირჩს“ არავინ ეხება და მხოლოდ ბარამიძეზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული… „აბა, თავის შვილს ხომ არ მოჭრიან კუდს?!“ სწორედ ეს არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი. „გირჩის“ მიმართ ასეთი აშკარა, პროტექციონისტული დამოკიდებულება პირველი შემთხვევა არ არის. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, „გირჩის“ ლიდერებმა ქოთნებში დათესეს ნარკოტიკული საშუალება, მერე ეს ნარკოტიკები გამოფინეს ჟურნალისტების და პატრულის თანამშრომლების თანდასწრებით, გაამზადეს მოხმარებისთვის, ჩამოურიგეს იქვე შეკრებილ ახალგაზრდებს და მათთან ერთად, ჯგუფურად, მოიხმარეს კიდეც ნარკოტიკული საშუალება. სისხლის სამართლის კოდექსით მიხედვით ეს არის: „ჯგუფურად, ნარკოტიკების კულტივაცია, დამზადება და გავრცელება. ამაზე უვადო პატიმრობაა და ათასობით ახალგაზრდა გაცილებით უფრო მსუბუქი ნარკოდანაშაულისთვის იხდის დღეს სასჯელს. „გირჩზე“ კი საქმეც არ აღუძრავს არავის, საგამოძიებო მოქმედებაც კი არ ჩატარებულა. ეს რას მაგონებს იცით? სადღაც, ჩამორჩენილ პროვინციაში, სკოლაში ჩამორჩენილი და უსაქციელო ბავშვი რომ სწავლობს, მაგრამ სხვაზე უკეთეს ნიშნებს რომ უწერენ მაინც, მერე რა, რომ უსირცხვილო საქციელია, სამაგიეროდ, „ამბები“ მიაქვს სკოლის დირექტორთან. „დირექტორები“ ხანდახან იცვლებიან, მაგრამ ეს დამსმენი, უტვინო და უსაქციელო „ბავშვი“, ხელიდან ხელში გადადის, მოკლედ, ჩვეულებრივი მედროვე, ყველა დროის და ყველა „დირექტორის“ კაცია…

სოსო მანჯავიძე, პოლიტანალიტიკოსი: – მე გაგიზიარებთ ისტორიას, რომელიც ადრეც მქონდა მოსმენილი ბატონი გია ნიშნიანიძისგან, იგი ხელმძღვანელობდა ჩვენს ექიმებს აფხაზეთში და უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. თავად დარწმუნდით, ბარამიძის სახით, რა დონის ნაძირალასთან გვაქვს საქმე, ხოლო ისინი, ვინც კიდევ ბარამიძეს უჭერენ მხარს, ნამდვილი შეპყრობილები, ეშმაკის ბიოლოგიური დრონები არიან. ანუ უმჯობესია, გადმოგცეთ, რას ამბობს კაცი, რომელიც თავად აგვარებდა მსგავს საკითხებს. კერძოდ, ნიშნიანიძე აღნიშნავს: „მოვუსმინე ბარამიძეს „ტვ.პირველზე“, მაინტერესებდა, რას იტყოდა, იქნებ მცირე სინდისის ქენჯნას მაინც შეეწუხებინა. მსგავსი არაფერი ყოფილა და ისეთი მამალი ტყუილი დააბრეხვა, ყურებს არ დავუჯერე. ვციტირებ: „ყველაზე მეტი ჩვენი ტყვე – 45 მეომარი, მოწინააღმდეგემ აიყვანა გაგრაში, ერთ-ერთ სანატორიუმში ჰყავდათ დამწყვდეული.. მეორე დღესვე ჩავედი გუდაუთაში, შევხვდი ანქვაბს და მოვინახულე ჩვენი ბიჭები საკონცენტრაციო ბანაკში. ვუთხარი მათ, რომ ვარ პარლამენტის წევრი და მათ იქიდან გამოვიყვანდი. ასეც მოხდა -გამოვიყვანე“. ესაა სრული ტყუილი და თუ თავის ქებად არ ჩამითვლით, მოვყვები, როგორ მოხდა მათი გათავისუფლება. ცხონებულმა ავთო იოსელიანმა მთხოვა, რომ პროცესში ჩავრთულიყავი, როგორც ჩვენი მხარის წარმომადგენელი, როგორც ექიმი და დავხმარებოდით ბიჭებს. რასაკვირველია, დავთანხმდი და იმავე დღეს ჩავფრინდით გუდაუთაში, სადაც რუსული ბაზის აეროდრომზე შევხვდით არძინბას. მოვილაპარაკეთ ამ პროცესის დეტალებზე და დავბრუნდით სოხუმში. ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ სოხუმში და იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში. აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია. მოიყვანეს ჩვენი ბიჭები უკლებლივ და მოხდა გაცვლა ყველასი ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე, იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს. ერთი ლირიკული გადახვევა: გაცვლის პროცედურების დამთავრების შემდეგ ოზგანი მეუბნება, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს და თუ შეიძლება, მანქანაში ჩაჯექით. ჩავჯექი და ეუბნება მძღოლს, გადადი მანქანიდან. მერე მომიტრიალდა და ჩუმად მეუბნება – თქვენ ალბათ იცნობთ კარგად ბატონ ედუარდს და გთხოვთ გადასცეთ, რომ მე მას უდიდეს პატივს ვცემ!!! აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ბარამიძე უტიფრად სტყუის. პროკურატურას თუ სურვილი ექნება, მზად ვარ, დამკითხონ. თანაც, 13 თვე და 13 დღე ვიყავი აფხაზეთში და სვანეთის გამოვლით ფეხით ჩამოვედი ქუთაისში“. ვფიქრობ, ჩემი კომენტარი ზედმეტია ამ საკითხზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა:
„ვეტერანთა და სხვა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ ადამიანთა საპროტესტო მომართვების გათვალისწინებით, სამსახურს სურს, გამოეხმაუროს გიორგი ბარამიძის აღნიშნულ განცხადებას: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, 1991-1993 წლებში, საქართველოს მოუწია თავდაცვითი ომის წარმოება ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ახლად ფორმირებული, თუმცა პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი საბრძოლო მოტივაციით გამორჩეული სახელისუფლებო შეიარაღებული ძალები, მათ შორის, მოხალისეები, განსაკუთრებული თავდადებითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ და დღემდე შემორჩენილია მათი გმირობის არაერთი მაგალითი. საყოველთაოდაა, ასევე, ცნობილი ის არაერთი, მძიმე დანაშაული, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს.
გიორგი ბარამიძეს გვსურს, შევახსენოთ სეპარატისტების მხრიდან ტყვეებისადმი მოპყრობის უსაშინელესი ფაქტი – 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა, დაქირავებულმა მებრძოლებმა, დახვრიტეს მთავრობის შენობიდან თეთრი დროშით გამოსული, უიარაღო ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები). საყოველთაოდ ცნობილია, ასევე, სეპარატისტების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტები ქალაქ გაგრის აღების დროს.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. აქვე დავძენთ, რომ გიორგი ბარამიძეს, წარსულში არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, მსგავსი განცხადების გაკეთებისას გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა და მტკიცების ტვირთი ეკისრება, ვიდრე რიგით მოქალაქეს.
ვინაიდან აღნიშნული ბრალდებები არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით, ჩნდება ვარაუდი, რომ გიორგი ბარამიძე, შესაძლოა, განზრახ ავრცელებდეს მისთვის წინასწარ ცნობილ, მცდარ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად.
ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ გიორგი ბარამიძის განცხადება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.
„რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში კი თავად გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ არ გაჰკვირვებია „რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ბარამიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა: „საზოგადოებას შევახსენებ, რომ რუსეთის მხრიდან უკვე ვარ გასამართლებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო და რუსულმა სასამართლომ 6,5 წლით პატიმრობა მომისაჯა“, – აღნიშნავს იგი. რაც შეეხება აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ განცხადებას, ბარამიძის თქმით, ხელისუფლებამ მისი სიტყვების თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინა: „(ინტერვიუში) ვლაპარაკობდი იმაზე, რაც ხდებოდა ომის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში – იმ სირთულეზე, რაც გვქონდა ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით. რა არის მაგაში გასაკვირი, რომ ომის დროს გამწარებულმა, დედამოკლულმა და უბედურებაგადატანილმა ადამიანმა მტერს ესროლოს?! ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავს. რეჟიმმა და პროპაგანდამ ისე მონათლეს ჩემი განცხადება, თითქოს ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე ვხვრეტდით. ეს აბსოლუტურად არ მითქვამს და არ შეესაბამება სინამდვილეს. უბრალოდ, არ აჰყავდათ ჩვენებს ტყვეები, იმიტომ რომ მტერი იყო, მტრად მიაჩნდათ და იმ პერიოდში საჭიროდ არ მიიჩნევდნენ აყვანას“.
ირმა ცეცხლაძე