ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ახალი დირექტორი ჰყავს
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალმა ხელმძღვანელმა თემურ ვასაძემ, ბაღის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, სხვადასხვა მიმართულების კოორდინატორებთან და კურატორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის განვითარების ახალ ხედვასა და ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ბაღის, როგორც უნიკალური ბოტანიკური კოლექციების, მეცნიერების, განათლების, ტურიზმისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების მნიშვნელოვანი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოტანიკური კოლექციების თანამედროვე და ეფექტიან მართვას, მათი დაცვისა და განვითარების მიმართულებების გაძლიერებას, ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გააქტიურება და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა ბაღის არსებული პოტენციალი კიდევ უფრო სრულად გამოვიყენოთ და მისი როლი თანამედროვე საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზარდოს.
როგორც თემურ ვასაძემ აღნიშნა, საუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ხედვა ერთმანეთისგან არ უნდა გაიმიჯნოს. პირიქით, სწორედ მათი თანხვედრა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომავალი უნდა აშენდეს.
თემურ ვასაძეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დირექტორად დანიშვნამდე იგი გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ერთიანი ხედვა და საქმისადმი ერთგულება მნიშვნელოვანი საფუძველია ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისათვის, მისი საუკუნოვანი ისტორიის ღირსეულად გაგრძელებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის.