საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა
By

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას.

აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა –  83 903 აშშ დოლარი, 300 ევრო და 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამასთან, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით.

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *